მსახიობი ჯონ მალკოვიჩი თეატრალური ფესტივალის ფარგლებში თბილისს ეწვევა
ჯონ მალკოვიჩი თბილისს ეწვევა
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში თბილისს მსახიობი ჯონ მალკოვიჩი ეწვევა, ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Fortuna ავრცელებს.
მალკოვიჩი გრიბოედოვის თეატრის სცენაზე 7 და 8 ოქტომბერს სპექტაკლ “ბამბის მინდვრების სიმარტოვეში” ითამაშებს. მისი სასცენო პარტნიორი იქნება ცნობილი ლიეტუველი მსახიობი ინგებორგა დაპკუნაიტე.
რიგით მე-15 თეატრალური ფესტივალი მიმდინარე წლის 22 სექტემბერს დაიწყება და 18 ოქტომბერს დასრულდება. თბილისს პოლონეთის, ლატვიის, ესპანეთის, ბელგიის, უკრაინისა და გერმანიის დასები ესტუმრება.
ტრადიციულად, ფესტივალის დღის წესრიგი მრავალმხრივია და მოიცავს როგორც საერთაშორისო, ისე ქართული სპექტაკლების პროგრამებსა და ვორქშოფებს.
წელს, თბილისის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება ქართული სპექტაკლების პროგრამით, 30 სექტემბერს კი დაიწყება საერთაშორისო პროგრამა, რომელიც გაგრძელდება 18 ოქტომბრის ჩათვლით.
ჯონ მალკოვიჩს 65-ზე მეტ ფილმში აქვს ნათამაშები და თავადაც წარმატებულად დგამს სპექტაკლებს. იგი ასევე იღებს ფილმებს. 1984 წელს მალკოვიჩი დასტინ ჰოფმანთან ერთად გამოჩნდა ბროდვეის „მეზღვაურის სიკვდილის“ განახლებულ ვერსიაში, მომდევნო წელს კი ამ დადგმის სატელევიზიო ფილმის ვერსიამ მას ემი მოუტანა.
მსახიობის კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ვიკონტ ვალმონის როლი ფილმში „სახიფათო კავშირები“(1988). მალკოვიჩმა შეასრულა ფსიქოპატი პოლიტიკური მკვლელის როლი კლინტ ისტვუდის ფილმში „ცეცხლის ხაზი“(1993), ამ როლისათვის მიიღო ოსკარი და ასევე წარდგენილი იყო ოქროს გლობუსის ნომინაციაზე.
● ხუთი ქართველი მეცნიერი ქალი ჰყვება საკუთარ კარიერაზე, მიღწევებზე და გენდერულ სტერეოტიპებზე
● 337 – დოკუმენტური ფილმი უდიების შესახებ [Video]
● როგორ გაჩნდა გარდაბანში პირველი აზერბაიჯანული საბავშვო თეატრი