ჯეიმს მაკკლირი: ივანიშვილი ღელავს, რომ ბრიტანეთის სანქციები შეიძლება რეალობად იქცეს
ჯეიმს მაკკლირი ივანიშვილის სანქციებზე
დიდი ბრიტანეთის პარლამენტარი, ლიბერალ-დემოკრატთა პარტიის წარმომადგენელი ჯეიმს მაკკლირი “რადიო თავისუფლებასთან” ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ “ბიძინა ივანიშვილს ეშინია, რომ ერთ დღესაც გაიღვიძებს და სანქცირებული აღმოჩნდება”.
დიდი ბრიტანეთის მმართველი პარტიის მხრიდან სანქცირების დაწესების მხარდაჭერასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ის ამბობს, რომ თითოეული პარლამენტარის პოზიცია არ იცის ამაზე, თუმცა, ჯერჯერობით არ მოუსმენია ვინმესგან პარლამენტში, ამის წინააღმდეგ ღიად გამოსულიყო.
ჯეიმს მაკკლირი ფიქრობს, რომ არსებობს შანსი, ბიძინა ივანიშვილის “განეიტრალებით”, მის მიერ შექმნილი სისტემაც ჩამოიშალოს.
ჯეიმს მაკკლირი ერთ-ერთია იმ დეპუტატებიდან, რომლებიც აქტიურად მოითხოვენ ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას. მან შეიტანა ბრიტანეთის პარლამენტში ე.წ. Early day motion პროცედურული ინიციატივა, რომლის მიზანიც, მისი თქმით, “იყო ბრიტანეთის პარლამენტის ყურადღების მიპყრობა იმაზე, რაც საქართველოში ხდება”.

ჯეიმს მაკკლირი: “ეს იყო პროცედურული ნაბიჯი, რომლის მიზანი იყო ბრიტანეთის პარლამენტის ყურადღება მიგვეპყრო იმაზე, რაც საქართველოში ხდება. ვფიქრობ, ეს მიზანი მიღწეულია – დღეს გაცილებით მეტი დეპუტატი ინტერესდება საქართველოს თემით. ზოგს, ცხადია, ისედაც ჰქონდა გარკვეული წარმოდგენა თუ ინტერესი, მაგრამ იზრდება მათი რიცხვი, ვისაც ესმის, რა დევს სასწორზე საქართველოში.
გულწრფელად რომ გითხრათ, ვფიქრობ, ივანიშვილს უკვე გავუტეხეთ ძილი, უკვე შიშობს, რომ შეიძლება გაიღვიძოს და აღმოაჩინოს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ მას და მის აქტივებს სანქციები დააკისრა. early day motion-ი, როგორც ასეთი, ბრიტანულ საპარლამენტო სისტემაში განსაკუთრებულად წონად დოკუმენტად არ ითვლება. ამიტომ სახტად დავრჩი, საქართველოს მთავრობისგან ოფიციალური რეაგირება რომ მივიღეთ ამაზე. ეს აბსოლუტურად უპრეცედენტოა.
საერთოდ არ ველოდი, რომ რამეს იტყოდნენ. ეს ჩემთვის იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან ამ თემასთან მიმართებაში, ძალიან განიცდიან, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან განიცდის, ძალიან ღელავს და აშფოთებს ის, რომ ეს ნაბიჯები შეიძლება რეალობად იქცეს. ამიტომაც რეაგირებენ ასე აგრესიულად. და სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა მთავრობამ სწრაფად იმოქმედოს. რუსეთთან განსხვავებით, საქართველოში ერთი ოლიგარქი აკონტროლებს ყველაფერს – და განსხვავებით პუტინისგან, ჩვენ მასზე რეალური ზეგავლენის ბერკეტი გვაქვს.
ვიცით, რომ ლონდონი და საერთოდ, დიდი ბრიტანეთი ივანიშვილისთვის იქცა არა მხოლოდ ქონების შესანახ ადგილად, ის თავის პროპაგანდასაც ბრიტანეთიდან ინახავს. ეს საგანგაშოა და ჩვენ, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, ამაზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებთ. მიმართულება აღებულია – პერსონალიზებული სანქციები ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ – და ამ მიმართულებით ვმუშაობთ. იმედი გვაქვს, რომ [ბრიტანეთის] მთავრობაც ამ გზას დაადგება.
რაღაცები უკვე გაკეთებულია, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მანამ, სანამ იმ პირებზე არ გადავალთ, რომლებიც ამ ყველაფრის ეპიცენტრში დგანან, ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი გავაკეთეთ. ვფიქრობ, რომ [ბრიტანეთის] მთავრობა ნელ-ნელა სწორი მიმართულებით მიდის – მაგრამ ეს გზა თუ ბილიკი ჯერ კიდევ გასავლელია.
შეგახსენებთ, რომ როდესაც სანქციებზე მიდგება საქმე, ბრიტანეთი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ბევრად უფრო ამბიციური და ხისტი იყო როგორც რუსეთთან, ასევე ბელარუსთან მიმართებაში. იმედი მაქვს, რომ საქართველოს შემთხვევაშიც იგივე მიმართულებით წავალთ. ამ ეტაპზე, ალბათ, ათიდან 6 ან 7 ქულით შევაფასებდი მსგავსი სცენარის ალბათობას.
უნდა ვიყოთ მზად ამ სცენარისთვისაც – რომ სისტემა შეიძლება ძალიან სწრაფად ჩამოიშალოს. და ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია, რომ კანონის უზენაესობა და დემოკრატიული ინსტიტუტები დროულად და ეფექტიანად აღდგეს. წარსულში ეს, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ – ვერც ჩვენ და ვერც ამერიკამ, მაგალითად, რუსეთში 90-იან წლებში. ამიტომაც, აუცილებელია მზადყოფნა. და მზარდი ზეწოლა ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე, ვფიქრობ, ამ ყველაფრის ამოსავალი წერტილია.”