თბილისში ხმაურის დონის გადაჭარბებაზე ჯარიმები გაიზრდება – თბილისის მერიამ ხმაურის ნორმების დარღვევისთვის ჯარიმების გაზრდის მიზნით შესაბამისი კანონპროექტი შეიმუშავა, რომელსაც უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.
● კანონპროექტის მიხედვით, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება პირველ შემთხვევაში გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით;
● იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი დაჯარიმდება 5000 ლარის ოდენობით;
● მესამედ და შემდგომ ყველა დარღვევაზე, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით.
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, არსებული სანქციები პრაქტიკულად უშედეგოა და ვერ ქმნის კანონდარღვევის ასარიდებლად პრევენციულ ზომებს.
“არსებული რეგულაციების მიხედვით, ზოგ ადგილებში და ზოგ ობიექტებზე დასაშვებია ხმაურის გარკვეული დონე დილის 08:00-დან ღამის 11:00 საათამდე, ხოლო ღამის 11:00-დან დილის 08:00 საათამდე ან საერთოდ აკრძალულია ხმაური, ან კიდევ დაშვებულია ხმაურის დაბალი დონე, თუმცა, სამწუხაროდ, აღნიშნულ კანონს ხშირ შემთხვევაში არ იცავენ კაფეები, ბარები, რესტორნები, კლუბები და ა.შ. ამ ობიექტებში ხმაურის დასაშვები დონე დღე-ღამის ყველა მონაკვეთში, დილით, შუადღით, საღამოს თუ ღამით არის ერთნაირად შეზღუდული და არ უნდა აღემატებოდეს 50 დეციბელს.
ფაქტია, რომ ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის დადგენილი სანქციები, პრაქტიკულად, უშედეგოა, არ წარმოადგენს არანაირ ბერკეტს, რათა კანონდამრღვევმა თავი შეიკავოს განმეორებითი დარღვევებისგან. ხშირ შემთხვევაში, ეს ობიექტები კვლავ უგულებელყოფენ კანონს და საზოგადოების ინტერესს. სწორედ ამ ადამიანების უფლებების დაცვის მიზნით, რომელზეც ზეგავლენას ახდენს გადაჭარბებული ხმაური, მოვამზადეთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს სანქციების გამკაცრებას.
რა თქმა უნდა, არავის არ სიამოვნებს სანქციების გამკაცრება, დაწესებული ჯარიმების გაზრდა, თუმცა ძალიან დიდი პრობლემა არის ხმაურის გადამეტება ღამის საათებში. ადამიანებს აქვთ სურვილი, დაისვენონ, განტვირთონ და კონკრეტულ უბნებში, კონკრეტულ სივრცეებში არის სერიოზული პრობლემა ხმაურის გადამეტებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა კალაძემ.
მისივე განმარტებით, მუნიციპალური ინსპექცია კანონის ფარგლებში მოქმედებს, თუმცა არსებული სანქციები არანაირ ბერკეტს არ წარმოადგენს, რაც დიდი პრობლემაა. კალაძის მტკიცებით, ბიზნესს არ ეწინააღმდეგებიან და ხელს არ უშლიან.
ამ დროისთვის, გადაჭარბებული ხმაურის გამო ფიზიკური პირი 150 ლარით ჯარიმდება, იურიდიული კი – 500-ით. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება.