საქართველოს გენპროკურორი "ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობის" გამო თანამდებობას ტოვებს
ირაკლი შოთაძე გადადგა
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე პოსტს ტოვებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება “ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობის” გამო მიიღო.
“ჩემთვის ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით მიწევს. მკურნალობის პროცესი სავარაუდოდ რამდენიმე თვე გაგრძელდება და უკვე კვირაზე მეტია ამ მიზნით საზღვარგარეთ ვიმყოფები. შესაბამისად, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელია გავაგრძელო გენერალური პროკურორის უფლებამოსილების განხორციელება. სწორედ ამიტომ უკვე მივმართე საქართველოს პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით” – წერს ირაკლი შოთაძე და ხაზს უსვამს იმ წვლილის შესახებ, რაც “ჩემს კოლეგებთან ერთად ამ წლების განმავლობაში შევიტანეთ პროკურატურის რეფორმირებასა და განვითარებაში, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში და სისხლის სამართლის პოლიტიკის მოდიფიცირებაში”.
ირაკლი შოთაძე საქართველოს გენპროკურორი ორჯერ, 2015-დან 2018 წლამდე და 2020-დან 2024 წლამდე იყო.
პირველად პოსტი მან 2018 წლის 31 მაისს მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე დატოვა. ამ დღეს 16 წლის დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ ისე გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ უცნობი დარჩა ვინ მოკლა 16 წლის მოზარდი. ამ ფაქტმა სარალიძის ოჯახის წევრების და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. თბილისში გაიმართა ხალხმრავალი აქციები, სადაც მთელი მთავრობის და ასევე იმდროინდელი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვდნენ. სარალიძის ოჯახის წევრები, ასევე უფლებადამცველები და იურისტები პროკურატურას საქმის მასალების გაყალბებასა და მკვლელებისთვის ხელის დაფარებაში ადანაშაულებდნენ.
საზოგადოებრივი პროტესტის ამ ტალღაზე შოთაძემ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. ბიძინა ივანიშვილმა შოთაძის გადადგომას “მაღალი სტანდარტი” უწოდა და თქვა, რომ მისი აზრით, შოთაძეს ხორავას საქმეში ბრალი არ მიუძღოდა. ოპოზიციას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ შოთაძის მეორედ მოსვლა პირადად ივანიშვილის სურვილი და იდეა იყო.
კომენტარი
გიორგი გახარიას პარტიის, “საქართველოსთვის” წევრი და შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ ივანიშვილის უნდა, არჩევნების მერე პროკურატურისგან უსაფრთხოდ იყოს.
“ივანიშვილის სრულიად მოსალოდნელი გადაწყვეტილება (დიდი ხანია, ვამბობდი). გენერალურ პროკურორს არჩევნების მერე ვადა მალევე გასდის. ივანიშვილი წაგებისთვის ემზადება და მისთვის მნიშვნელოვანია, არჩევნების შემდეგ პროკურატურისა და სასამართლოსგან უსაფრთხოდ იყოს. ამიტომ, არჩევნებამდე უნდა აირჩიოს ახალი, ლოიალური გენერალური პროკურორი 6 წლის ვადით.” – წერს მეზვრიშვილი.