ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია პლატფორმა X-ზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რომ ივანიშვილის გუნდი ქართველ ხალხს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას ართმევს და აგრესორი ღერძისკენ აბრუნებს.
ჰელსინკის კომისია ხაზს უსვამს, რომ იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” ძალაუფლებას შეინარჩუნებს, მმართველი პარტია საქართველოს რუსული, ჩინური და ირანული გავლენის გავრცელების პლატფორმად გადააქცევს.
“ქართული ოცნება” ქართველებს ართმევს მათ მიერ არჩეულ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას და აბრუნებს აგრესორების ღერძისკენ, რომლებიც ცდილობენ დემოკრატიული მსოფლიოს წესრიგის განადგურებას.
მიუხედავად ქართველი ხალხის მასშტაბური წინააღმდეგობისა, “ქართული ოცნება” განაგრძობს ინტეგრირებას ავტოკრატიულ რეჟიმებთან.
ივნისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაესწრო ირანის პრეზიდენტის, ფეზეშქიანის ინაუგურაციას. თავის მხრივ, გავრცელებული ცნობებით, ირანთან დაკავშირებული ჯგუფები ხელს უწყობდნენ “ქართული ოცნების” კამპანიას, ავრცელებდნენ ანტიდასავლურ ნარატივებს.
აგვისტოში “ქართულმა ოცნებამ” ხელი მოაწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ჩინეთთან. ჩინური კონსორციუმი ამჟამად აშენებს მასშტაბურ ღრმაწყლოვან პორტს ანაკლიაში.
თუ “ქართული ოცნება” მოახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას, საქართველოს გადააქცევს რუსული, ჩინური და ირანული გავლენის გავრცელებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების პლატფორმად, რომლებზეც იგი სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული”, – წერია განცხადებაში.
აღსანიშნავია, დღეს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა, ევროპელ კოლეგებთან ერთად განცხადება გაავრცელა, სადაც “ქართული ოცნების” ფინანსური სანქცირების საჭიროებაზე საუბრობს.
ერთობლივ განცხადებაში საუბარია ქართული ოცნების მხრიდან მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალის გადამეტებასა და ქართველების სულისკვეთებაზე, დაიცვან კონსტიტუციით განმტკიცებული ევროატლანტიკური მისწრაფებები.