“ლიბერალური აკადემიის“ თავმჯდომარემ, ჟურნალისტმა ლაშა ტუღუშმა “პალიტრანიუსის“ ეთერში “გლობალური ომის პარტიასთან“ დაკავშირებული განცხადებების თაობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საჭიროა ცვლილებები, რათა ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს, სხვაგვარად, საქართველოს პერსპექტივა არ აქვს.
“გლობალური ომის პარტია”, “ნაციონალური მოძრობა”, “უკრაინიზიაცია” – ძველი მესიჯბოქსით მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო კამპანია 16 ივლისს დაიწყო.
ოცნების ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია “სულ მცირე 12 წელიწადი” არცერთი არჩევნების წაგებას არ აპირებს.
ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა პარტიის საპატიო თავმჯდომარე და ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილიც. როგორც მან აღნიშნა, 2012 წელს, ქართულმა საზოგადოებამ წარსულს ჩააბარა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი, თუმცა, როგორც “მოგვიანებით გაირკვა”, მათ ღრმად ჰქონდათ ფესვები გადგმული და წარმოადგენდნენ გლობალური გავლენის მქონე ძალის აგენტურას.
ლაშა ტუღუში: “მოდი, შევხედოთ, როგორი ტიპის ფორმულირებაა ეს ე.წ. გლობალური ომის პარტია და შეთქმულება, მათი შეხედულებიდან გამომდინარე – ეს არ არის ამერიკის მთავრობა, არც ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის მთავრობა, ანუ, ყველაზე გავლენიანი ვინც არის დასავლეთში, ისინი არ არიან, აბა ვინ არიან? ვიღაცები არიან ბნელ ოთახში, სახე არ უჩანთ და მართავენ მთელს მსოფლიოს – ეს ახლა ლოგიკურია? რას ამბობენ, რომ არსებობს რაღაც ძალა, რომელიც სახელმწიფო არ არის?
სერიოზულ საზოგადოებაში ეს რომ ვინმემ თქვას, დასცინებენ, როცა ამას რიგითი პოლიტიკოსი ამბობს – უბედურებაა და როცა მმართველი ამბობს და თან ამის სჯერა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაშია ქვეყანა.
მართლა უხერხულ სიტუაციაში ვართ და ყველა გვიყურებს ახლა, ხომ წარმოგიდგენიათ, ჩვენ როგორ ვჩანვართ ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეები, რომ ავირჩიეთ ეს ადამიანები, რომლებიც ასე მსჯელობენ?!
ამათმა იციან თურმე, ვინ ესროლა დონალდ ტრამპს და რობერტ ფიცოს, ყოჩაღ, ყველაფერი სცოდნიათ, სად რა ხდება. თუ ასეთი მაგრები არიან და ასეთი სპეცსამსახურები ჰყავთ, რომ ამერიკამ არ იცის ვინ ესროლა ტრამპს, ვინ დგას ამის უკან და ამათმა იციან, დროის მანქანაც ხომ არ ჰყავთ?!
ჩვენ გვჭირდება ცვლილებები. ეს ცვლილებები პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს შანსზე, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ჩვენ თუ ასე დავტოვეთ, რაც არის, მაშინ, უნდა გადავხაზოთ საქართველოს მომავალი.
ყველასთვის მიუღებელია ის ნაბიჯები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა ამ კანონებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით. ევროკავშირი არ არის სათამაშო, რომ გადავტვირთოთ, თითქოს მერე ევროკავშირი და ამერიკა შეცვლის პოზიციას.”