მარცვლის გადამამუშავებელმა და ფქვილის დამამზადებელმა კომბინატებმა ტომარა ფქვილის ფასი (50კგ) 400-600 დრამით (83 ცენტიდან-120 ცენტამდე) გაზარდეს. კერძოდ, ეჩმიაძინის ფქვილის კომპანია დღესასწაულებამდე ტომარა ფქვილს 10200 დრამად( დაახლოებით 21 დოლარად) ყიდდა, ახლა კი – 10700 დრამად (დაახლოებით 22 დოლარად) ყიდის. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ გაძვირების მიზეზი მათთვის უცნობია.
ბაგრამიანის სახელობის ფქვილის მწარმოებელი კომბინატის ხელმძღვანელის საიად გასპარიანის თქმით, გაძვირება ზემო ლარსზე ტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემებით არის განპირობებული. ერთდერთი სახმელეთო გზა, რომელიც სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, უამინდობის გამო, დროდადრო იკეტება, რაც ხელს უშლის წარმოების პროცესს.
ამავდროულად სომხური მედია წერს, თითქოს, გაძვირების იმას უკავშირდება, რომ ქვეყანაში სხვადასხვა დარგში ფასებს მონოპოლისტები აწესებენ. თუმცა, საიად გასპარიანი ამტკიცებს, რომ არავითარი მონოპოლიები არ არსებობს – ამ ბიზნესით სომხეთში 55 კომპანიაა დაკავებული.
ამის საპასუხოდ, გაზეთი „გრაპარაკი“ შეეხო კერძოდ იმ საწარმოებს, რომლებიც ცნობილ სომეხ ბიზნესმენ, კომპანია „ტაშირის“ ჯგუფის მფლობელს, სამველ ალეკსანიანს ეკუთვნის, და აღნიშნა, რომ ასეთი კომპანია ბევრია, სხვადსხვა ადამიანის სახელზეა დარეგისტრირებული და ბაზარზე ყველა მათგანი წამყვან ადგილს იკავებს.
ფქვილის ფასის მატებამ უკვე გამოიწვია სომხეთის ზოგიერთ რაიონში პურის გაძვირებაც. კერძოდ, ქალაქ როზდანსა და გორისში პურის ფასმა 30-40 დრამით (6-8 ცენტით) მოიმატა. ერევნის მაღაზიებში პურის ფასი ჯერჯერობით არ შეცვლილა.