სააკაშვილის ადვოკატი: FBI მოიწვიონ და ექსპერტიზა ჩაატარონ - თანახმა ვარ
გაზიარება
გაზიარება
FBI მოიწვიონ და ექსპერტიზა ჩაატარონ
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ისინი თანახმა არიან, რომ სააკაშვილის ექსპერტიზა აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ჩაატაროს.
“ჩვენ გვინდა, რომ სასამართლო პროცესები რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს. და კიდევ ერთი – ექსპერტიზის ჩატარება ხომ უნდათ. FBI მოიწვიონ და ჩაატარონ. უფრო მეტიც, იქ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას და დაიწყოს გამოძიება, ამაზე ვართ თანახმა”. -ამბობს ხაჭაპურიძე.
მისივე განმარტებით, კლინიკა ვივამედში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები დააწესეს. კერძოდ, ამიერიდან, სააკაშვილის სანახავად მნახველებს მხოლოდ სპეციალური ეკიპირებით შეუშვებენ. ხაჭაპურიძის თქმით, ამ ფორმით პატიმრის მონახულება მხოლოდ რამდენიმე თვე ხდებოდა და ისიც პანდემიის შუა პერიოდში:
“ასევე, შაბათ-კვირას ადვოკატებს მასთან შესვლა აგვიკრძალეს. ოჯახს კი წერილები აუკრძალეს და წერილების გამოტანა მხოლოდ ადვოკატებს შეგვეძლება. რაც შეეხება ამ მასკარადს, ამაზეც მოვითხოვთ, რომ რა რეგულაციები, პრემიერმინისტრის მხრიდან მსგავსი რეგულაციები გაუქმებულია. ზედმეტი შოუს ელემენტებია და ამის უკან რაღაც დგას. რომ ვითომ სააკაშვილის მიმართ ძალიან დიდი მზრუნველობა მიდის და ა.შ. პანდემიის დროს არ მოუკლიათ ასე თავი.”
#SaveMisha – ამ ლოზუნგით უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი და ყოფილი ადვოკატი და წამყვანი მარკ ფეიგინი საზოგადოებას მოუწოდებენ, 4 იანვარს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოს საელჩოებთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გამართონ.
ამავე ეთერში ოლექსეი არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ “მიხეილ სააკაშვილს საჩვენებლად ანადგურებენ ციხეში” და მოუწოდა მაყურებლებს, გლობალურ აქციაში მიიღონ მონაწილეობა, რადგან “არ შეიძლება დავუშვათ, რომ თანამედროვე მსოფლიოში ადამიანს ასე ექცეოდნენ”.
20 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ. მის ამ მოწოდებას მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუც შეუერთდა.
ამის საპასუხოდ, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილზე ზელენსკის განცხადება მნიშვნელოვანი ვერ იქნება, ხოლო სანდუმ “თავის მე-6 პრეზიდენტს უნდა მიხედოს, რომელიც დღემდე პატიმრობაშია”.
რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ ჟურნალისტს, დმიტრი გორდონს წერილი გაუგზავნა, სადაც წერს, რომ ამერიკელი ტოქსიკოლოგების დასკვნის თანახმად, ის ციხეში მოწამლეს და მიზანი მისი სიკვდილი იყო, თუმცა გადარჩა, “ახლა კი სათანადო მკურნალობის გარეშე ლეტალური შედეგი გარდაუვალია.” სწორედ ამ წერილის საპასუხოდ გაავრცელა დმიტრი გორდონმა ვიდეომიმართვა.
24 დეკემბერს სააკაშვილმა რუს უფლებადამცველ მარკ ფეიგინსაც მისწერა წერილი, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ პუტინის ბრძანებით მოკლეს. წერილი, რომელიც სააკაშვილმა რუსულად დაწერა, ფეიგინმა ტვიტერზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მესამე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 დეკემბერს გაიმართება. სააკაშვილი საკუთარ სასამართლოს კლინიკა “ვივამედიდან” დისტანციურად 22 დეკემბერს ჩაერთო. მას სურდა, რომ სასამართლო დარბაზიდან მოქალაქეებისთვის უკრაინულად მიემართა.
საბოლოოდ, სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტმა თავი ცუდად იგრძნო და ჩართვაზე უარი განაცხადა, ხოლო პროცესი მის გარეშე დაახლოებით ექვსი საათის განმავლობაში გაგრძელდა