ენმ-ს ინიციატივა: რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლისთვის საოკუპაციო შენატანი დაუწესდეთ
გაზიარება
გაზიარება
ენმ-ს ინიციატივა რუსეთის მოქალაქეებზე
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ე.წ. საოკუპაციო შენატანი უნდა დაუწესდეთ, რაც 1 000 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ამის შესახებ პარტიის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთიდან მათი მოქალაქეების უკონტროლო შემოდინება-მიგრაციამ ძალიან დიდი მასშტაბები მიიღო, რაც უკავშირდება როგორც ქვეყნის შიდა უსაფრთხოების საკითხს, ასევე ფინანსური უსაფრთხოების საკითხებსა და მთელ რიგ რისკებთან არის დაკავშირებული:
ბეჟაშვილის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალური ფონდი შეიქმნება და რუსეთის მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილების საჭიროებებს მოხმარდება. ენმ-ში ხაზს უსვამენ, რომ ამით გარანტირებული იქნება რუსეთის მოქალაქეების მხრიდან იმის აღიარება, რომ საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და რუსეთი არის აგრესორი:
“ეს შენატანი გარკვეული შემაკავებელი ფაქტორიც უნდა გახდეს იმისთვის, რომ თუ მათ ამის აღიარება და თანხის გადახდა არ სურთ, შეუძლიათ, საქართველოში არც შემოვიდნენ. აგრეთვე, ამ შენატანის დაწესება სოლიდარობის გამოცხადება იქნება იმ ასეულ ათასობით დევნილისთვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.”
ბეჟაშვილი ამბობს იმასაც, რომ თანხის გადახდის ვალდებულება ასევე ექნებათ რუსეთიდან უკვე შემოსულ მოქალაქეებსაც. ინიციატივის მიხედვით, ბანკებს, მობილურ ოპერატორებს, სადაზღვევო კომპანიებს, კლინიკებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებს ვალდებულება ექნებათ, შესაბამისი მომსახურების გაწევის შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეებს აღნიშნული გადახდის ჩეკი მოსთხოვონ.
მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში გამოქცევას ცდილობს. ლარსის გამშვები პუნქტთან რამდენიმე დღე დაახლოებით 13-15-კილომეტრიანი საცობებია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ათ დღეში საქართველოს საზღვარი რუსეთის 78 742 მოქალაქემ გადმოკვეთა.
ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა. პირველ ეტაპზე 18-35 წლის მამაკაცებს გაიწვევენ, შემდეგ 35-45 და ა.შ. რუსული მედია წერს, რომ რუსმა ახალგაზრდებმა უკვე მასობრივად მიიღეს გაწვევის ცნობები. მოსახლეობის ნაწილში პანიკაა. რუსეთის ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო.
თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, მობილიზაცია 300 000-მდე რუსეთის მოქალაქეს შეეხება, თუმცა გამოცემა Novaya Gazeta.Europe წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მობილიზაციის შესახებ დადგენილების მეშვიდე, საიდუმლო პუნქტი, თავდაცვის სამინისტროს საშუალებას აძლევს, 1 მილიონამდე ადამიანი გაიწვიოს.