თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩების ნაწილი დაიტბორა. VIDEO
ძლიერი წვიმა თბილისში
თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩების ნაწილი დაიტბორა. როგორც სოციალურ ქსელის მომხმარებლების ვიდეოებიდან ჩანს, წყალი ჩავიდა მეტროს ვაგონებშიც. მათივე ცნობით, ელიავასთან რამდენიმე ხეა მოგლეჯილი.
თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ, რომ თბილისში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.
“თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი უწყება, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სრულად არის მობილიზებული და დაწყებულია პრობლემების აღმოფხვრა.
ადგილზე იმყოფებიან თბილისის ყველა რაიონის გამგეობების წარმომადგენლები.
მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22.” – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში მოსულმა ძლიერმა ნალექმა ყველაზე დიდი პრობლემები გლდანის რაიონში შექმნა.
“თბილისში უხვი ნალექი მოვიდა, რამაც ზოგიერთ რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა. ყველაზე დიდი პრობლემები გლდანის რაიონშია. ასევე, სხვადასხვა კონკრეტული ქუჩებია, სადაც ხეების დაზიანება მოხდა – კონკრეტული სივრცეები დაიტბორა. თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური გამოსულია და სამუშაოებს ახორციელებს […] ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოს, ვერეს ხეობაში, ახალ გზაზე პრობლემები იყო და მოძრაობა შეიზღუდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება”. – თქვა კალაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, თბილისში უხვი ნალექის გამო გამოწვეული პრობლემების გამო დაშავებულების შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ.