“ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ძალა ერთობაშიამ” მიხეილ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად წარადგინეს
ოპოზიციური კოალიცია “ძალა ერთობაშია”, სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც” არის გაერთიანებული, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს წარადგენს.
“მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს ქვეყანაში და უნდა იყოს პირისპირ თავის ხალხთან. სწორედ ამიტომ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალმა ყველა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი კანდიდატურა წარვადგინოთ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა სწორად გავიგოთ, უნდა გავიხსენოთ, როგორი სახელმწიფო ჩაიბარა 2003 წელს მიხეილ სააკაშვილმა.
• მოსაზრება: სააკაშვილის “მესამედ მოსვლა” უკრაინაში
“ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოზე, რომლისგანაც არაფერი აღარ იყო დარჩენილი, სატელეფონო კოდის და ელექტრონული ფოსტის მისამართის გარდა. მიხეილ სააკაშვილის რესურსის გამოყენება ჩვენი სახელმწიფოსთვის აბსოლუტურად აუცილებელია“, – ამბობს ვაშაძე.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოში დაბრუნების გეგმაზე მიხეილ სააკაშვილი თვითონ ისაუბრებს.
საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 6 სექტემბერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მისი დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით მორიგ მიმართვას დღეს, 7 სექტემბერს გააკეთებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამჟამად უკრაინის მოქალაქეა.
ის უკრაინის რეფორმების ეროვნულ საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 7 მაისს დანიშნა.
უკრაინაში სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის გამო უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე კონსულტაციისთვის თბილისში გამოიძახეს.
მიხეილ სააკაშვილმა 11 ივნისს, ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ საქართველოს განადგურებას მშვიდად ვერ უყურებს და ის ხელისუფლების შეცვლისთვის ბრძოლაში წინა ხაზზე იქნება.
საქართველოში რომ “დიდი გეგმები აქვს” და შემოდგომაზე “გადამწყვეტი გარღვევისათვის” ემზადება, ამის თაობაზე სააკაშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე 14 ივლისსაც დაწერა.
ბოლო განცხადება, სადაც ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოში ბრუნდება, მიხეილ სააკაშვილმა 27 აგვისტოს გაავრცელა.
განცხადებაში ის ამბობს, რომ 7 წელი საკმარისი დრო იყო დაფიქრებისა და ბევრი საკითხის გასაანალიზებლად და ბოდიშს იხდის იმ შეცდომებისთვის, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაუშვა.
მიხეილ სააკაშვილზე საქართველოს ხელისუფლებას ძებნა აქვს გამოცხადებული. მას საქართველოში დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის მკვლელობისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.