დონორებმა საქართველოს პროექტების დაბალი ათვისებისთვის 6 მილიონის გადასახადი დააკისრეს
გაზიარება
გაზიარება
დონორებმა საქართველოს 6 მილიონის გადასახადი დააკისრეს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, 12 პროექტში, რომელთა ასათვისებლად უცხოურმა დონორმა კომპანიებმა საქართველოს ბიუჯეტს 74.2 მილიონი ლარი გამოუყვეს, მხოლოდ 17 მილიონით შესრულდა. ამის გამო დონორებმა საქართველოს დაბალი ათვისების 12 პროექტისთვის 6 მილიონის “ვალდებულების გადასახადი” დააკისრეს.
აუდიტის ანგარიშში საგარეო ვალით დაფინანსებული პროექტების ათვისებაზეა საუბარი, საიდანაც ირკვევა, რომ გამოყოფილი რესურსის დაბალი ათვისება განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი საგარეო საკრედიტო რესურსით დაფინანსებული პროექტებისთვის, რომლებიც ვალდებულების გადასახადს (Commitment Fee) კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე ითვალისწინებს.
მაგალითისთვის, პროექტების ჩამონათვალშია “თბილისის მყარი ნარჩენების პროექტი”, რომელსაც იბიარდი (EBRD) აფინანსებს. ამ პროექტის შესრულება 25 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული, თუმცა ფაქტობრივი ათვისება მხოლოდ 6.8 მილიონი ლარით მოხდა. ამის გამო, საქართველომ მხოლოდ EBRD-ს “ჯარიმის” სახით 289 ათასი ლარი გადაუხადა.
12 პროექტი, რომელთა დაბალი ათვისების გამოც, საქართველოს ჯარიმის გადახდა მოუწია:
1. პროფესიული განათლება I (KfW) – ბიუჯეტი 3.4 მლნ ლარი, ათვისება 0 ლარი, ჯარიმა 195,000 ლარი;
2. იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება (KfW) – ბიუჯეტი 3.45 მლნ ლარი, ათვისება 0 ლარი, ჯარიმა 964,000 ლარი;
3. ბათუმის ავტობუსების პროექტი (E5P, EBRD) – ბიუჯეტი 4.8 მლნ ლარი, ათვისება 0 ლარი, ჯარიმა 20,000 ლარი;
4. ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესება (AFD,EU) – ბიუჯეტი 1.2 მლნ ლარი, ათვისება 0 ლარი, ჯარიმა 1,178,000 ლარი;
5. კახეთის ინფრასტრუქტურის გაძლიერება (KfW) – ბიუჯეტი 5 მლნ ლარი, ათვისება 0 ლარი, ჯარიმა 390,000 ლარი;
6. 500 კვ გადამცემი ხაზი “წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი” (Kfw, EU-NIF) – ბიუჯეტი 6.7 მლნ ლარი, ათვისება 0.1 მლნ ლარი, ჯარიმა 1,115,000 ლარი;
7. მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II (კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი) (KfW) – ბიუჯეტი 3.6 მლნ ლარი, ათვისება 0.2 მლნ ლარი, ჯარიმა 288,000 ლარი;
8. Log-in Georgia (WB) – ბიუჯეტი 2.1 მლნ ლარი, ათვისება 0.2 მლნ ლარი, ჯარიმა 325,000 ლარი;
9. თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი (EBRD) – ბიუჯეტი 25 მლნ ლარი, ათვისება 6.8 მლნ ლარი, ჯარიმა 289,000 ლარი;
10. ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი I2Q (WB) – ბიუჯეტი 1.6 მლნ ლარი, ათვისება 0.7 მლნ ლარი, ჯარიმა 856,000 ლარი;
11. მიწის ბაზრის განვითარება (WB) – ბიუჯეტი 15.4 მლნ ლარი, ათვისება 7.9 მლნ ლარი, ჯარიმა 146,000 ლარი;
12. აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი (EBRD, SIDA) – ბიუჯეტი 2 მლნ ლარი, ათვისება 1.1 მლნ ლარი, ჯარიმა 6,000 ლარი.