დიდი გამარჯვება: თბილისის "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამო" დაამარცხა
”გადმოცემით ვიცი, რომ რუსი და ქართველი ხალხების დონეზე ურთიერთობები როგორიც იყო, ისეთია ახლაც. მიუხედავად ამისა, ეს უბრალოდ ევროპის ლიგის მატჩი არაა, ეს არის მატჩი რუსეთი – საქართველო”, – ასე აფასებდა მომავალ მატჩს მოსკოვის “დინამოს”დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, რუსი სახელმწიფო და პოლიტიკური ფუნქციონერი, სერგეი სტეპაშინი.
დღეს, ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩში თბილისის “ლოკომოტივი” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე მოსკოვის “დინამოს” შეხვდა და მინიმალური სხვაობით 2:1 დაამარცხა.
• 15 საამაყო ფეხბურთელი კავკასიაში
• ქართული, სომხური, აზერბაიჯანული და ირანული კლუბებისთვის საერთო ლიგის შექმნის იდეა
საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვებაა: ქართველებმა ოკუპანტი ქვეყნის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი დაამარცხეს და ამ გამარჯვებით მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდნენ, სადაც მათი მოწინააღმდეგე ესპანური “გრანადა” იქნება.
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა: პირველი ტაიმი ნულოვანი ფრით დასრულდა, მეორე ნახევრის 54-ე წუთზე კი ირაკლი სიხარულიძემ მოსკოველთა კარში პირველი გოლი გაიტანა.
76-ე წუთზე მამია გავაშელიშვილმა ისარგებლა სტუმართა მეკარის შეცდომით და ანგარიში ორამდე გაზარდა.
განსაკუთრებით დაძაბული შეხვედრის მიწურული გამოდგა.
დინამომ 90-ე წუთზე ლოკომოტივის კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმით ერთი ბურთი გაქვითა, დარჩენილ დროში კი რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოახერხა.