5 მაისიდან იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები იხსნება. სასურველი მომსახურების მისაღებად ვიზიტს ონლაინ თუ არ დაჯავშნით, ისე შენობაში ვერ შეხვალთ.
5 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 604 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4887 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 500 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 240 გამოჯანმრთელდა და 9 გარდაიცვალა.
დაჯავშნის ელექტრონული სისტემა უკვე ამოქმედდა.
• დაჯავშნა შესაძლებელია მხოლოდ ვებგვერდიდან – my.gov.ge
• დაჯავშნის შემდეგ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი და დრო; ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელიც იუსტიციის სახლში ან საზოგადოებრივ ცენტრში უნდა წარადგინოთ.
• წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლში/საზოგადოებრივ ცენტრში არავინ შეგიშვებთ.
• პირბადის გარეშეც შენობაში ვერ შეხვალთ;
• ფილიალში არ უშვებენ ბავშვებს და თანმხლებ პირებს;
• ფილიალებში შესაძლებელია ყველა სერვისის მიღება, გარდა რიტუალური ქორწინებისა – იუსტიციის სახლებში საზეიმო, საქორწინო ცერემონია მეჯვარეების და ახლობლების თანდასწრებით ამ ეტაპზე არ ტარდება.
• განსხვავებული წესი მოქმედებს 70 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლია. ასეთ შემთხვევაში მომსახურების მისაღებად ( მაგ. თუ პირადობის მოწმობის ან პასპორტის აღება ანდა ქონების რეგისტრაცია გინდათ), უნდა დარეკოთ იუსტიციის სახლის ცხელ ხაზზე – 2 405-405, ინფორმაციას ჩაიწერს ოპერატორი და სააგენტოს ეკიპირებული თანამშრომლები თქვენთან 10 დღის ვადაში მოვლენ. მომსახურებას უფასოდ მიიღებთ, მზა საბუთებს კი იუსტიციის სახლი ფოსტით გამოგიგზავნით.
კარანტინის ზონაში მდებარე იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები არ გაიხსნება. ეს ფილიალებია: ბოლნისისა და მარნეულის იუსტიციის სახლები, ასევე, კოდის, მანგლისის, თეთრიწყაროს, კაზრეთის, სადახლოსა და კაჩაგანის საზოგადოებრივი ცენტრები.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.