ყველაფერი იაპონური კულტურის მოყვარულთა სამეგობროს წვეულებით დაიწყო. ახლა კი, ოთხი წლის შემდეგ, “ქოსფლეი-ფესტივალი” Azecon სავსებით სოლიდური ღონისძიებაა კომიქსების ფანების, გეიმერების, ანიმეების მაყურებლებისა და, უბრალოდ, კოსტუმირებული ღონისძიებების მოყვარულებისათვის.
აზერბაიჯანში “ქოსფლეი” შედარებით ახალი მოვლენაა და, უფროსი თაობისთვის ალბათ უცნაურია, როდესაც სრულწლოვანი, მოზრდილი ადამიანები მულტფილმებისა და კინოფილმების გმირების მსგავსად იმოსებიან; მაგრამ ახალგაზრდებისთვის ეს მშვენიერი შესაძლებლობაა სანაცნობო წრის გასაფართოვებლად და, უბრალოდ, გასართობად.
წელს, ერთი შეხედვით, გაცილებით ნაკლები კოსტუმი იყო წარმოდგენილი, ვიდრე გასულ წლებში. სამაგიეროდ, მათ შესაქმნელად მონაწილეებმა უფრო მეტად იზრუნეს. დაუსრულებელმა სერიალმა “ნარუტომ” ბოლოსდაბოლოს დათმო პოზიციები და წინ გადმოინაცვლეს სპერგმირებმა, რასაც “მარველის” ფილმებს უნდა ვუმადლოდეთ. იმავე ფილმების დამსახურებაა, ასევე, კომიქსების პოპულარობის ახალი ტალღის აგორება.
გაჩნდა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც ბაქოში ყოველთვის მსგავსი ღონისძიებების თანმდევია – მასპინძლებმა სტუმრები, ფაქტობრივად, უყურადღებოდ დატოვეს, მაგრამ ამას არავისთვის შეუშლია ხელი და ყველამ მშვენივრად გაატარა დრო.