‘ჭკვიანი ქალაქი ბაქო’ ინტელექტუალური თამაშია, რომელიც ელიტურ კლუბში კი არ ტარდება, არამედ მყუდრო პაბში _ ლუდის კათხით ხელში.
პროექტის თანაავტორი და კოორდინატორი, სატელევიზიო პროდუსერი ფუად ჰუსეინოვი ამბობს, რომ ‘ჭკვიანი ქალაქი ბაქო’ შოუ არ არის. ‘ეს უფრო თანამზრახველების, თანაბარი ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე ადამიანების ურთიერთობაა. განსხვავებით თამაშისგან ‘რა? სად? როდის?’, ჩვენ ტელეგადაცემა არ გვაქვს და აქ არც გამარჯვებაა მთავარი. მთავარია, პარასკევი საღამო სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გაატაროთ მეგობრებთან ან, უბრალოდ, თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებთან ერთად _ ისვენებთ და თან, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე, საინტერესო კითხვებს პასუხობთ. ამ შეკითხვების თემატიკა ძალიან ჩვეულებრივია _ კინო, მუსიკა, ლიტერატურა’. თამაშის თანმიმდევრობის პრინციპი იგივეა _ პასუხის მოსაფიქრებლად გუნდებს დრო ეძლევათ (დავალებიდან გამომდინარე _ განსხვავებული), შემდეგ კი ყველა გუნდი წამყვანს ერთდროულად აბარებს ფურცლებზე დაწერილ პასუხს.
‘ჭკვიანი ქალაქი’ ახალთახალი თამაშია _ ჯერ ერთი წელიც არ შესრულებია. მასში ამჟამად 10 გუნდი იღებს მონაწილეობას, არადა თავიდან სულ ოთხი გუნდი იყო. მონაწილეებს ტურნირების ჩასატარებლად მუდმივი ფართი არ აქვთ და ამიტომ ყოველი პარასკევისთვის კაფეს ან პაბის დაქირავება უწევთ. ფუად ჰუსეინოვი მაინც იმედიანად არის განწყობილი და ახალ გეგმებს სახავს _ მაგალითად, სურს,რომ თამაში აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე ჩაატაროს. ჯერჯერობით მხოლოდ რუსულ ენაზე თამაშობენ.