"ჩემი ხმა ევროკავშირს" - არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახალი სადამკვირვებლო მისია დააფუძნეს
ჩემი ხმა ევროკავშირს
“ჩემი ხმა ევროკავშირს” – არასამთავრობო ორგანიზაციებმა ახალი სადამკვირვებლო მისია დააფუძნეს. ამ ეტაპზე, პლატფორმა 30-მდე ორგანიზაციას აერთიანებს.
დაინტერესებულმა მოქალაქეებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდზე: Wevote.ge, რის შემდეგაც, მათ ორგანიზაციის წარმომადგენლები დაუკავშირდებიან, ჩაუტარდებათ ტრენინგი და სხვადასხვა საარჩევნო უბანსა და ოლქში გადანაწილდებიან.
ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია “ფორმულასთან” ახალი პლატფორმის მიზნების შესახებ ამბობს, რომ მისიის შექმნის იდეა თავად საზოგადოებას გაუჩნდა მაშინ, როცა “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი მიიღო. ის ხაზს უსვამს, რომ ეს იქნება საყოველთაო, სახალხო დაკვირვება, სადაც მონაწილეობის მიღებას სურვილის შემთხვევაში, თითოეული მოქალაქე შეძლებს.
“კითხვა, რომ ახლა რა შეგვიძლია, გავაკეთოთ, სწორედ ასეთი ტიპის აქტივობები სცემს პასუხს, რომ ახლა ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი, თქვენი და ყველას ხმები. ჩვენი მიზანი და გეგმაა, რომ ვიყოთ ყველა საარჩევნო უბანზე წარმოდგენილები, 3000-ზე მეტ საარჩევნო უბანზე, მათ შორის, ასევე, საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე, გვეყოლება მობილური ჯგუფები, გვეყოლებიან დამკვირვებლები ოლქშიც.
მიზანი არის ის, რომ ის დამოკიდებულება, თითქოს არჩევნებამდე უკვე ყველაფერი წყდება და არჩევნების დღე არაფერს ცვლის, ეს არ არის სიმართლე, ეს არის მცდარი წარმოდგენა. არჩევნების მანიპულირება ხდება იქ, სადაც არ არსებობს კვალიფიციური, ობიექტური, ენთუზიაზმით აღსავსე დამკვირვებელი.
ხოლო, ძლიერი სამოქალაქო დაკვირვების პირობებში, ასეთი მანიპულაციების პრევენცია ხდება, გამოვლენა ხდება და მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ, ამ კოალიციაში გაერთიანებულ ადამიანებს და ორგანიზაციებს გვაქვს გამოცდილება, როგორც საქართველოში, ასევე, საზღვარგარეთ მსგავს სიტუაციებში დაკვირვების და გვაქვს ცოდნა, თუ რა შეიძლება მოხდეს, როგორ შეიძლება ეს დავაზღვიოთ”, – აცხადებს ლომჯარია.
როგორც ლომჯარია აღნიშნავს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობა რეგიონში მცხოვრებმა მოქალაქეებმა მიიღონ:
რაც შეეხება დაკვირვების მიზანს, ძირითადი მაინც არის საარჩევნო უბნის შიგნით დაკვირვება. თუმცა ასევე, გვეყოლებიან მობილური ჯგუფები, რომლებიც იმოძრავებენ ოლქის ტერიტორიაზე და შესაბამისად, მათი ერთ-ერთი ფუნქცია იქნება საარჩევნო უბნის გარეთ არსებული სიტუაციის დაკვირვება