ბნელი მხარე
‘რატომ თიშავენ მთელ ბაქოში შუქს 23:35 სთ-ის შემდეგ? მეორეხარისხოვან ქუჩებზე განათება არც ადრე ყოფილა, მაგრამ ახლა ცენტრალურ ქუჩებიც სრულიად ჩაბნელდა. თუ ფული არ არის, მაშინ ‘მზის ლამპიონებს’ რატომ არ დგამენ?’
უკვე ერთი კვირაა, ადამიანები აზერბაიჯანის ინტერნეტქსელში ამ შეკითხვებს სვამენ; და თან ‘მოწმეთა ჩვენებები’ მკვეთრად განსხვავებულია.
რა ხდება?
ზოგიერთის აზრით, ქალაქი ‘წყვდიადში ჩაეფლო’, სხვებს ეჩვენებათ, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, დანარჩენები კი ფიქრობენ, რომ რადგან ქუჩის განათება არც არასდროს ჰქონიათ, ფეხის მოტეხვის რისკი მათთვის არ გაზრდილა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ქალაქის რომელ რაიონში ცხოვრობს ადამიანი _ მაგალითად, გამზირების გაყოლებაზე ლამპიონები თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ანთია.
ზოგი ჩივის, რომ შუქი 22:00-ზე ქრება, სხვები ამბობენ, რომ განათებას ღამის სამ საათზე აქრობენ. დაბეჯითებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ქალაქის განათების რეჟიმი მართლაც შეცვლილია. სამაგალითოდ ისიც კმარა, რომ ნიზამის ქუჩის ცნობილ ჭაღებს, რომლებითაც ბაქოელები ასე იწონებდნენ თავს სტუმრებთან,აღარ ანთებენ.
მიზეზები და განმარტებები
„რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტებმა გადაწყვიტეს, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებისგან გაერკვიათ, მართლა ეკონომიის მიზნით ხდება გარე განათების გამორთვა, თუ რაიმე სხვა მიზეზით. თუმცა, ვითარებას ნათელი ვერც ჩინოვნიკების კომენტარებმა მოჰფინა. ელექტროენერგიის მიმწოდებელ სააქციო საზოგადოება „აზერშიქში“ პრესას თავიდანვე განუცხადეს, რომ თითოეული ობიექტი, რომელსაც ელექტროენერგია მიეწოდება, მათი აბონენტია; ამდენად, „აზერშიქი“ არც ეკონომიას ეწევა, და არც აბონენტების ქცევაზე აგებს პასუხს.
მკაფიო პოზიცია არც ქალაქ ბაქოს განათების სამმართველოში გამოუხატავთ. განცხადება ამ სტრუქტურის ორმა თანამშრომელმა გააკეთა. საბაილის რაიონული განყოფილების გამგემ, შაჰმურად მამედოვმა აღნიშნა, რომ გარე განათება 22:00სთ-ის შემდეგ ეკონომიის მიზნით ითიშება; სტრუქტურის ხელმძღვანელის, მაგერან ბაბაევის თქმით კი, ეს ყველაფერი ტყუილია და შუქი მხოლოდ ღამის პირველი საათის შემდეგ შეიძლება გამოირთოს სადმე; ამასთან, განათების გათიშვის ბრძანება ჯერჯერობით საერთოდ არაა გაცემული.
ელექტროენერგიას სავაჭრო ცენტრ Park Bulvar-შიც ზოგავენ
სოციალური ქსელები
‘გზები რომ გვივარგოდეს, კიდევ _ არაფერი, მაგრამ ასფალტი ორმოებითაა სავსე და, ღმერთმა არ ქნას, ფეხი შიგნით ჩაგივარდეს! ტროტუარები კიდევ უარესი! რა ვქნათ, ფეხები დავიმტვრიოთ?!’
‘სხვაგან რა ხდება,არ ვიცი მაგრამ ჩვენ ქუჩაზე,კონკიას ზღაპარივით, ზუსტად თორმეტ საათზე აქრობენ შუქს და ეზო მთლიანად წყვდიადში ეფლობა’.
‘ისმაილის რაიონშიც აქრობენ შუაღამისას შუქს, თან მხოლოდ ქუჩებში კი არა _ სახლებშიც’.
ფორუმებკი კი აკლებულია სხვადასხვა ენამოსწრებული კომენტარით კრიზისის, ნავთობდოლარებისა და მოახლოებული აპოკალიფსის შესახებ.
შესაძლოა, ამ ყველაფერში მხატვრული გამონაგონიც ერიოს, მაგრამ მაღაზიების ჩაბნელებული ვიტრინები, წარწერით „ქირავდება“, ღამის ბინდბუნდში, ცოტა არ იყოს, შემაძრწუნებლად გამოიყურება.