რადიო თავისუფლებისინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის უფროსმა ვაჟმა უტა ივანიშვილმა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ მამის სანქცირებიდან 4 დღეში იაპონიიდან საქართველოში ახალი კომპანია – სააქციო საზოგადოება “ატუ ჰოლდინგი” დაარეგისტრირა, რომლის 100%-იან წილს სწორედ უტა ივანიშვილი ფლობს, ხოლო კომპანიის დირექტორი ბიძინა ივანიშვილის დისშვილი, კახა კობიაშვილია.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსკვლევის მიხედვით, კახა კობიაშვილი საქართველოში ივანიშვილის ოფშორული კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელია:
უტა ივანიშვილის წარმომადგენელი კომპანიის რეგისტრაციისას, აღნიშნულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, ნატო ხაინდრავა იყო, რომელთანაც უტა ივანიშვილის მინდობილობა ნოტარიუსმა ეკატერინე გვანცელაძემ 30 დეკემბერს შეადგინა:
კომპანიის “ნებადართული კაპიტალის” მოცულობა საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, 100 მილიონ ლარს შეადგენს, განთავსებული კაპიტალი – 100 000 ლარს, ხოლო განაღდებული კაპიტალი – 25 000 ლარს:
კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები კი არჩილ მამაცაშვილი, როსტომ ჩაბრაძე და ბესიკ დემეტრაშვილი არიან. როგორც რადიო თავისუფლება წერს, აღნიშნული პირები ქართული ოცნების შემომწირველები არიან, მათ შორის, მამაცაშვილი “ასოციაცია ატუს” გამგეობის თავმჯდომარე, ხოლო დემეტრაშვილი სს “დაზღვევის კომპანია ქართუს” დირექტორი:
27 დეკემბერს აშშ-მა ფინანსური სანქციები დაუწესა ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს. მისი სახელი OFAC-ის სიაში თბილისის დროით 20:00-ზე გამოჩნდა. OFAC-ის სიის თანახმად, ივანიშვილის სანქცირება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტის ნაწილია.
როგორც ცნობილია, ივანიშვილის მთელი ქონება, რომელიც შეერთებულ შტატებში და აშშ-ის მოქალაქეების მფლობელობაში ან კონტროლშია, დაიბლოკება.
აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” 110-ზე მეტ ჩინოვნიკს აქვს ამერიკის შეერთებული შტატების სავიზო შეზღუდვა. ეს შეზღუდვა ეხება დასანქცირებული ადამიანების ოჯახის წევრებსაც. შესაბამისად, იმ პირთა რიცხვი, რომლებიც ვერ შეძლებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობას, რამდენიმე ასეულია.
ამასთან, გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის 15-მა წევრმა აღმასრულებელ ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მიზნით 13 იანვარს მიმართა.