Bloomberg-ის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ქონება წელს 25 მილიონი დოლარით, 5 მლრდ 450 მლნ დოლარამდე შემცირდა. Bloomberg-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ივანიშვილი ამჟამად 410-ე ადგილზეა.
ბიძინა ივანიშვილი მმართველი პარტიის – “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეა. 2012-2013 წლებში ის საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო.
ბიძინა ივანიშვილი ამავე დროს ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანია. Forbes-ის მონაცემებით, ის $4.8-მილიარდიანი კაპიტალით მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში 349-ე ადგილზეა.
ივანიშვილმა ქონების დაგროვება პოსტსაბჭოთა რუსეთში, გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო. მას ბიზნესი ჰქონდა საბანკო სფეროში, უძრავ ქონებაში, ფოლადისა და რკინის წარმოებაში.
ივანიშვილმა აქტივების დიდი ნაწილი 2003-2006 წლებში გაყიდა. აქვს ძვირადღირებული ნახატების დიდი კოლექცია.
მასზე ხშირად წერს საერთაშორისო მედია. მისი სახელი ამოტივტივდა “Panama Papers”- ის სკანდალური დოკუმენტების გამოქვეყნების დროსაც.
ბიძინა ივანიშვილმა stopcov ფონდში, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შეიქმნა და სადაც თანხებს ცალკეული ადამიანები და ბიზნეს-კომპანიები რიცხავენ, წელს 100 მლნ ლარი ჩარიცხა.
ბიძინა ივანიშვილი 64 წლისაა, ჰყავს მეუღლე, ოთხი შვილი და შვილიშვილი.