ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების რიგით მეშვიდე დღეა. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელმაც თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, მინსკში თავისი მომხრეები შეკრიბა. ოპოზიციამ კი ქუჩებში ყველაზე მასშტაბური გამოსვლა მოაწყო.
როგორ იქცევა ლუკაშენკო
16 აგვისტოს დღისით, ლუკაშენკოს მომხრეები მინსკში, მთავრობის სახლის წინ შეიკრიბნენ.
ხელისუფლების განცხადებით, აქციას 50 ათასი ადამიანი დაესწრო. თუმცა, თუ სატელევიზიო კადრებით ვიმსჯელებთ, აქციაზე 5 ათასზე მეტი მონაწილე არ ყოფილა.
ამავე დროს, ყველამ შენიშნა, რომ სახელმწიფო ტელევიზიები ამ შეხვედრას არ აშუქებდნენ. იყო თუ არა ეს გაფიცვის შედეგი, ჯერ არ არის ცნობილი.
ლუკაშენკო დაახლოებით ერთ საათს ლაპარაკობდა და უკიდურესად ემოციური იყო. მისი გამოსვლის მოკლე შინაარსი: ბელარუსი საფრთხის წინაშეა – მას “ნატოს შავკანიანი და ყვითელკანიანი ჯარისკაცები” ემუქრებიან. პროტესტის მონაწილეები კი “უცხოელი კურატორების” სცენარით მოქმედებენ. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, ლუკაშენკოს თქმით, მას მხარდაჭერა აღუთქვა.
აქცია ბელარუსის პრეზიდენტის ლუკაშენკოს მხარდასაჭერად. მინსკი, 2020 წლის 16 აგვისტო.REUTERS/Vasily Fedosenko
თუ იმით ვიმსჯელებთ, რომ ლუკაშენკამ ОДКБ – ს სამხედრო ბლოკი ახსენა, საუბარი სამხედრო დახმარებაზეა. ამ დაპირების და თავად საუბრის რაიმე სხვა დადასტურება, გარდა ლუკაშენკოს სიტყვებისა, არ არსებობს.
”ჩვენ ქვეყანას არ დავთმობთ!” – თქვა დამშვიდობებისას ლუკაშენკომ.
როგორ იქცევა ქვეყანა
როგორც ჩანს, ქვეყანას არსებულ ვითარებაზე განსხვავებული შეხედულება აქვს.
ლუკაშენკოს მოწინააღმდეგეები მინსკში დღის 2 საათზე შეიკრიბნენ, მათი რაოდენობა 200 ათასზე მეტია.