ბელარუსი, პროტესტის მეშვიდე დღე: ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში, ლუკაშენკო არ მიდის
წყარო – რადიო თავისუფლება
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების რიგით მეშვიდე დღეა. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელმაც თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, მინსკში თავისი მომხრეები შეკრიბა. ოპოზიციამ კი ქუჩებში ყველაზე მასშტაბური გამოსვლა მოაწყო.
როგორ იქცევა ლუკაშენკო
16 აგვისტოს დღისით, ლუკაშენკოს მომხრეები მინსკში, მთავრობის სახლის წინ შეიკრიბნენ.
ხელისუფლების განცხადებით, აქციას 50 ათასი ადამიანი დაესწრო. თუმცა, თუ სატელევიზიო კადრებით ვიმსჯელებთ, აქციაზე 5 ათასზე მეტი მონაწილე არ ყოფილა.
ამავე დროს, ყველამ შენიშნა, რომ სახელმწიფო ტელევიზიები ამ შეხვედრას არ აშუქებდნენ. იყო თუ არა ეს გაფიცვის შედეგი, ჯერ არ არის ცნობილი.
• რა იქნება ლუკაშენკოს შემდეგ? სულ უფრო მეტი ადამიანი ბელარუსის ქუჩებში
• ბელარუსი: გავრცელდა მომიტინგეების წამებისა და ცემის კადრები, დაიწყო საყოველთაო გაფიცვა
• ”ლიდერი არ გვყავს და არც გვჭირდება” – შეტაკებები ბელარუსში. პროტესტი გრძელდება
ლუკაშენკო დაახლოებით ერთ საათს ლაპარაკობდა და უკიდურესად ემოციური იყო. მისი გამოსვლის მოკლე შინაარსი: ბელარუსი საფრთხის წინაშეა – მას “ნატოს შავკანიანი და ყვითელკანიანი ჯარისკაცები” ემუქრებიან. პროტესტის მონაწილეები კი “უცხოელი კურატორების” სცენარით მოქმედებენ. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, ლუკაშენკოს თქმით, მას მხარდაჭერა აღუთქვა.
თუ იმით ვიმსჯელებთ, რომ ლუკაშენკამ ОДКБ – ს სამხედრო ბლოკი ახსენა, საუბარი სამხედრო დახმარებაზეა. ამ დაპირების და თავად საუბრის რაიმე სხვა დადასტურება, გარდა ლუკაშენკოს სიტყვებისა, არ არსებობს.
”ჩვენ ქვეყანას არ დავთმობთ!” – თქვა დამშვიდობებისას ლუკაშენკომ.
როგორ იქცევა ქვეყანა
როგორც ჩანს, ქვეყანას არსებულ ვითარებაზე განსხვავებული შეხედულება აქვს.
ლუკაშენკოს მოწინააღმდეგეები მინსკში დღის 2 საათზე შეიკრიბნენ, მათი რაოდენობა 200 ათასზე მეტია.
ამ ადამიანების ინტერვიუებიდან შეიძლება დავასკვნათ, თუ რას ითხოვენ ისინი პირველ რიგში:
– ლუკაშენკოს გადადგომას;
– ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას;
– ძალადობაში დამნაშავეების სასამართლო პროცესს;
– ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს საერთაშორისო კონტროლის ქვეშ.
მასობრივი საპროტესტო აქციები ქვეყნის ყველა ქალაქში მიმდინარეობს. საერთოეროვნულ გაფიცვაში ყველა მსხვილი საწარმო მონაწილეობს.
მომიტინგეებს უკვე აქვთ საკუთარი ფოლკლორი – სასაცილო ისტორიები, რომლებსაც ერთმანეთს უყვებიან, მაგალითად:
პოლიციელები სცემენ კაცს, ის კი ამბობს: “მე ხმა ლუკაშენკოს მივეცი!” “ნუ იტყუები! – პასუხობენ ისინი. – მისთვის ხმა არავის მიუცია”.
რას აკეთებს ოპოზიცია
ლიტვაში მყოფი სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, რომელმაც თავი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა, საკოორდინაციო საბჭოს შექმნა დაიწყო.
ამ სტრუქტურამ უნდა აწარმოოს მოლაპარაკება ხელისუფლებასთან ძალაუფლების გადაცემის პირობებზე.
ბელარუსის ელჩმა სლოვაკეთში დემონსტრანტების მხარეზე გადასვლის შესახებ განაცხადა.