აზერბაიჯანში TikTok-ის ექვსი მომხმარებელი ადმინისტრაციულად დააკავეს "საზოგადოებრივი მორალის“ დარღვევის ბრალდებით
TikToker-ების დაპატიმრებები აზერბაიჯანში
ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში, აზერბაიჯანში რამდენიმე პოპულარული TikTok-ის მომხმარებელი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ოფიციალური განმარტებით, ისინი „საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის“, „საზოგადოებრივი მორალის შეურაცხყოფისა“ და „ეროვნული და მორალური ღირებულებების საწინააღმდეგო ქცევის“ გამო დასაჯეს.
ღია წყაროების მიხედვით, 27 ივლისს დააკავეს მაგსად ბაგიროვი, რომელიც სოციალურ ქსელებში „ჩევიკის“ სახელით არის ცნობილი. ანტირელიგიური განცხადებებით ცნობილ TikTok-ის მომხმარებელს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 510.2 მუხლის საფუძველზე 10-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. ერთი დღით მოგვიანებით დააკავეს უზეირ აბასი, რომლის პოსტებიც, ხელისუფლების შეფასებით, რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფდა.
30 ივლისს საბუნჩუს რაიონში დააკავეს მუჟგან მამაძადე, რომელსაც იმავე 510.2 მუხლით 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს. იმავე დღეს დააკავეს მურად გასიმოვიც, რომელიც „მურად სადეს“ სახელით არის ცნობილი. სასამართლომ მას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
1 აგვისტოს საბაილის რაიონში დააკავეს სანურ აზიზოვი, რომელსაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 510.1 მუხლის საფუძველზე, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, რვადღიანი პატიმრობა მიესაჯა. 2 აგვისტოს კი იმავე მუხლით რვადღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ალიკრამ ჰეიდაროვსაც შეუფარდეს.
დაკავებების სამართლებრივი საფუძველი 2026 წლის დასაწყისში ძალაში შესული საკანონმდებლო ცვლილებები გახდა. „ინფორმაციის, ინფორმატიზაციისა და ინფორმაციის დაცვის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები პასუხისმგებლობას აწესებს ისეთი ონლაინ შინაარსის გავრცელებისთვის, რომელიც შეფასდება როგორც „საზოგადოებრივი მორალის შეურაცხმყოფელი“, „საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის“ გამომხატველი, „უხამსი გამონათქვამების ან ჟესტების“ შემცველი ან „ეროვნული და მორალური ღირებულებების საწინააღმდეგო“. ამ დებულებების პრაქტიკაში აღსრულების მთავარ მექანიზმად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 510.1 და 510.2 მუხლები იქცა.
იურისტები მიუთითებენ, რომ კანონში გამოყენებული ტერმინები – „საზოგადოებრივი მორალი“, „საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა“ და „ეროვნული და მორალური ღირებულებები“ მკაფიო სამართლებრივი განმარტებების გარეშეა დატოვებული. მათი შეფასებით, ასეთი ფორმულირებები ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას ქმნის, რის გამოც ერთი და იგივე ქმედება შესაძლოა ერთ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლების დაცულ ფორმად ჩაითვალოს, ხოლო მეორე შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად.
ადვოკატების შეფასებით, ეს მიდგომა ეწინააღმდეგება როგორც აზერბაიჯანის კონსტიტუციაში განმტკიცებულ გამოხატვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების გარანტიებს, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მოთხოვნებს. ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ეფუძნებოდეს მკაფიო და პროგნოზირებად სამართლებრივ ნორმებს, რათა მოქალაქემ წინასწარ იცოდეს, რა ქმედებამ შეიძლება სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოიწვიოს.
მათი აზრით, მოქმედი დებულებები იმდენად ფართოდ არის ფორმულირებული, რომ შეიძლება გავრცელდეს თითქმის ნებისმიერ კრიტიკულ, ირონიულ ან ანტირელიგიურ შინაარსზე, რაც ზრდის კანონის შერჩევითი გამოყენების, თვითცენზურისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რისკს.
უფლებადამცველები ასევე აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, ადმინისტრაციული პატიმრობა 8-დან 30 დღემდე ვადით შედარებით მოკლე სასჯელად შეიძლება აღიქმებოდეს, მისი სისტემატური გამოყენება საზოგადოებრივ დისკუსიაზე უფრო ფართო გავლენას ახდენს. მათი შეფასებით, სასჯელის შიში ადამიანებს უბიძგებს, თავი აარიდონ მგრძნობიარე თემებზე საუბარს, განსაკუთრებით ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა TikTok, სადაც ახალგაზრდა მომხმარებლები დომინირებენ.
იურისტები ყურადღებას ამახვილებენ კიდევ ერთ საკითხზეც: პროპორციულობაზე. მათი თქმით, თუ საზოგადოებრივი მორალის დაცვა სახელმწიფოს ლეგიტიმური მიზანია, ხელისუფლებამ უნდა დაასაბუთოს, რატომ არის აუცილებელი თავისუფლების აღკვეთა მაშინ, როდესაც არსებობს ნაკლებად მკაცრი ალტერნატივები, მათ შორის გაფრთხილებები, პლატფორმების შიდა მოდერაციის მექანიზმები და მედიაწიგნიერების პროგრამები. მათი შეფასებით, სწორედ ამ კითხვებზე პასუხი განსაზღვრავს, ემსახურება თუ არა არსებული პრაქტიკა მართლაც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, თუ ის გამოხატვის თავისუფლების დამატებითი შეზღუდვის ინსტრუმენტად იქცევა.