აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრომ 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაუშვა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება Pfizer-ის ვაქცინასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების ნებართვის გათვალისწინებით მიიღეს. ბავშვების ვაქცინაცია ნებაყოფლობით ხასიათს ატარებს და გამოყენებული იქნება სამედიცინო ჩვენებების, ასევე, ორივე მშობლის თანხმობით.
აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებით გამოვიდა 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაშვების შესახებ.
„ეპიდემიოლოგიური სიტუაციის, ასევე Pfizer-ის ვაქცინასთან დაკავშირებით ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) და ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) ნებართვების გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროს სამეცნიერო-სამედიცინო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება:
დაშვებულ იქნას 12-15 წლის ბავშვების აცრა mRNT Pfizer-ის („Comiranty“) ვაქცინით შესაბამისი სამედიცინო ჩვენების, ასევე, ორივე მშობლის თანხმობით;
12-15 წლის ბავშვების ვაქცინაცია ჩატარდება ცენტრალიზებული წესით ბაქოს ჯანმრთელობის ცენტრში“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში COVID-19-ის ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებულ ოპერატიულ სიტუაციას გაეცანით აქ.
ვაქცინაცია აზერბაიჯანში
ამ დროისთვის, აზერბაიჯანში ოთხი ვაქცინაა დაშვებული – SinoVac, Pfizer, Sputnik V და AstraZeneca. ამ უკანასკნელით აცრა მხოლოდ 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს შეუძლიათ.
ოფიციალური ინფორმაციით, 2021 წლის 4 ოქტომბრისთვის, ვაქცინის ერთი დოზით აცრილია ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 48.1 პროცენტი. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა მიიღო მოსახლეობის 39.3-მა პროცენტმა.
2021 წლის 1 ოქტომბრიდან, აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე, დახურულ შენობებში არსებულ დაწესებულებებში მხოლოდ ის პირები დაიშვებიან, რომლებიც ვაქცინის ორივე დოზით არიან აცრილი. ამ წესის დამრღვევ მოქალაქეებსა და დაწესებულებების მფლობელებს მსხვილი ჯარიმები ემუქრებათ.