აზერბაიჯანში 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დაუშვეს
აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრომ 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაუშვა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება Pfizer-ის ვაქცინასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების ნებართვის გათვალისწინებით მიიღეს. ბავშვების ვაქცინაცია ნებაყოფლობით ხასიათს ატარებს და გამოყენებული იქნება სამედიცინო ჩვენებების, ასევე, ორივე მშობლის თანხმობით.
- საქართველოს კლინიკების ასოციაცია: ლეტალობის ასეთი მაჩვენებელი კატასტროფულია
- „თქვენი ტომოგრაფი ძალიან ძველია“ – როგორ შეურაცხყო აფხაზეთის პრემიერმა მეცენატები
აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებით გამოვიდა 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაშვების შესახებ.
„ეპიდემიოლოგიური სიტუაციის, ასევე Pfizer-ის ვაქცინასთან დაკავშირებით ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) და ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) ნებართვების გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროს სამეცნიერო-სამედიცინო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება:
დაშვებულ იქნას 12-15 წლის ბავშვების აცრა mRNT Pfizer-ის („Comiranty“) ვაქცინით შესაბამისი სამედიცინო ჩვენების, ასევე, ორივე მშობლის თანხმობით;
12-15 წლის ბავშვების ვაქცინაცია ჩატარდება ცენტრალიზებული წესით ბაქოს ჯანმრთელობის ცენტრში“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში COVID-19-ის ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებულ ოპერატიულ სიტუაციას გაეცანით აქ.
ვაქცინაცია აზერბაიჯანში
ამ დროისთვის, აზერბაიჯანში ოთხი ვაქცინაა დაშვებული – SinoVac, Pfizer, Sputnik V და AstraZeneca. ამ უკანასკნელით აცრა მხოლოდ 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს შეუძლიათ.
ოფიციალური ინფორმაციით, 2021 წლის 4 ოქტომბრისთვის, ვაქცინის ერთი დოზით აცრილია ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 48.1 პროცენტი. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა მიიღო მოსახლეობის 39.3-მა პროცენტმა.
2021 წლის 1 ოქტომბრიდან, აზერბაიჯანის მთელ ტერიტორიაზე, დახურულ შენობებში არსებულ დაწესებულებებში მხოლოდ ის პირები დაიშვებიან, რომლებიც ვაქცინის ორივე დოზით არიან აცრილი. ამ წესის დამრღვევ მოქალაქეებსა და დაწესებულებების მფლობელებს მსხვილი ჯარიმები ემუქრებათ.