არჩევნებამდე 10 დღით ადრე მთავრობა ქუთაისში ახალ უნივერსიტეტს ხსნის
21 ოქტომბერს, არჩევნებამდე 10 დღით ადრე, ხელისუფლება ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტს ხსნის.
როგორც განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აცხადებს, რომ გახსნის ცერემონიალი საზეიმო ვითარებაში ჩაივლის და პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

“მინდა გითხრათ ძალიან სასიხარულო ამბავი, ხვალ იხსნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. მინდა მთელ საზოგადოებას მივულოცო ეს ამბავი, რადგანაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ჭეშმარიტად მსოფლიო სტანდარტის უნივერსიტეტი და გახსნის ცერემონია თქვენ ყველამ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში იხილოთ”, – თქვა მან.
პროექტის თანახმად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველი მასშტაბური საგანმანათლებლო ცენტრი იქნება რეგიონში, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ლაბორატორიებით და ინფრასტრუქტურით და 60 ათას სტუდენტზე იქნება გათვლილი.
როგორც სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს, უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე (მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება) წელს 1112 აბიტურიენტი დარეგისტრირდა და 245-მა ჩააბარა. ჯერჯერობით უცნობია, დაიწყებენ თუ არა ისინი სასწავლო პროცესს ეპიდ-ვითარების გათვალისწინებით.
ქუთაისში უნივერსიტეტის მშენებლობის იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დაპირება იყო.
მას შემდეგ, 2012-დან 2016 წლამდე, ანუ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე, უნივერსიტეტის მშენებლობის შესახებ განცხადებები არავის გაუკეთებია.
უნივერსიტეტის თემას “ქართული ოცნება”, კონკრეტულად კი თავად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დაუბრუნდა.
მას შემდეგ კომპლექსის მშენებლობის თარიღმა რამდენჯერმე გადაიწია. გადაიწია უნივერსიტეტში სტუდენტების მიღების წელმაც, რის გამოც ეს ხმაურიანი პროექტი ხშირად ხვდებოდა კრიტიკული მედიის ფოკუსში, როგორც “ქართული ოცნების” აუსრულებელი დაპირება და იყო სოციალურ ქსელებში ხუმრობების მიზეზიც.

საბოლოოდ, უნივერსიტეტის გახსნა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებამდე 10 დღით ადრე გადაწყდა.
საგულისხმოა ისიც, რომ უნივერსიტეტის გახსნა დაემთხვა დროს, როდესაც პანდემიის გამო სწავლა შეწყვეტილია ყველა უმაღლეს სასწავლებელში, ხოლო ქუთაისი ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ეპიდ-კერაა ქვეყანაში.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ინიციატივაა. იგი ქუთაისთან ახლოს, მუხრანის ტყესთან, 140 ჰექტარ მიწაზეა გაშლილი. საუნივერსიტეტო კომპლექსი, რომელიც რამდენიმე კორპუსისგან შედგება, სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია, მის მშენებლობაში კი, ფულს ფონდი “ქართუ” იხდის. უნივერსიტეტის მშენებლობას “ქართუ” ერთი მილიარდი ევროთი დააფინანსებს. ფონდი “ქართუ”-ს დამფუძნებელი და ერთადერთი შემომწირველი ბიძინა ივანიშვილია.
ქუთაისში უნივერსიტეტის მშენებლობის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში მიხეილ სააკაშვილის მიერ დაწყებული ანალოგიური პროექტი – ბათუმის ტექნიკური უნივერსიტეტი დაიწუნა. ამ უნივერსიტეტისთვის აშენებული შენობა “ქართულმა ოცნებამ” კერძო ინვესტორს მიჰყიდა. სანაცვლოდ კი უნივერსიტეტის აშენება ქუთაისში დააანონსა.
“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უნივერსიტეტი” – ასეთი ეპითეტებით მოიხსენიებდა ქუთაისის უნივერსიტეტს სამთავრობო მედია. კრიტიკულად განწყობილი დამკვირვებლები კი, მიიჩნევენ, რომ უნივერსიტეტი პოლიტიკური პროექტია და მიუხედავად მიუნჰენის უნივერსიტეტთან გაფორმებული პარტნიორობისა, მას გაუჭირდება გაცხადებული 60 ათასი სტუდენტის მობილიზება და საერთაშორისო უნივერსიტეტებისთვის კონკურენციის გაწევა.