არასამთავრობოები მოუწოდებენ პარლამენტს, შეისწავლონ ალტ-ინფოს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედებები
გაზიარება
გაზიარება
საქართველოში არსებული 8 არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტს, შეისწავლონ პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფის და ტელევიზიის,“ალტ-ინფოს” სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედებები და მათი ფინანსური კავშირები.
ენჯეოების თქმით, ეს მოკვლევა პარლამენტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური ჯგუფის ანგარიშის რეკომენდაციების გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს. NGO-ები, ასევე, მოუწოდებენ პროკურატურას და შესაბამის უწყებებს, რომ ძალადობის ორგანიზატორების მიმართ შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარონ.
ასევე, ისინი მოუწოდებენ პროკურატურას, რომ ძალადობის ორგანიზატორების მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარონ. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოში ანტიდასავლური, პრორუსული ძალის გაძლიერება და საბოლოოდ ხელისუფლებაში მოსვლა, რუსეთის ინტერესებშია, რადგან ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება არ დაუშვას.
“ალტ-ინფო რადიკალური დაჯგუფება, რომელიც გამოირჩევა ძალადობრივი ქმედებებით და ძალადობის წამახალისებელი სიძულვილისა და მუქარის ენით, წლების განმავლობაში საქართველოს მოკავშირეებისა და კონსტიტუციით აღიარებული დასავლური, ევროატლანტიკური კურსის წინააღმდეგ პროპაგანდირებს და მათ საქართველოს შიდა საქმეებში უხეშ ჩარევაში, საქართველოს მიმართ კოლონიალიზმში, ქართული ტრადიციებისა და ქრისტიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებს. Alt-info მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი არ აქვს და საქართველოში ლიბერალური დემოკრატიის დასრულებასა და დასავლეთთან პარტნიორული ურთიერთობების შეწყვეტას ღიად მოითხოვს”, – წერია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციების განმარტებით, “ალტ-ინფო” საზოგადოებას მცდარ დილემას უყენებს და მოქალაქეებს არწმუნებს, რომ მათ არჩევანი უნდა გააკეთონ საქართველოს თურქეთის გავლენის სფეროდ გადაქცევასა/ისლამიზაციასა და რუსული გავლენის სივრცეში დაბრუნებას შორის. “ალტ-ინფო” მოცემულ ყალბ დილემაზე პასუხად რუსეთის გავლენის სივრცეში დაბრუნებას მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ საქართველოს გადარჩენა მხოლოდ რუსეთს შეუძლია.
ორგანიზაციები საგანგაშოდ მიიჩნევენ იმ ფაქტსაც, რომ “ალტ-ინფო” ცდილობს, შექმნას ყალბი ილუზია, თითქოს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის საქართველო რუსული უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სისტემებში უნდა შევიდეს.
არასამთავრობოები, ასევე, მიუთითებენ, რომ 5 ივლისს, “ალტ-იფნოს” მიერ ძალადობისკენ მოწოდებების გამოძიება ჯერაც არ დაწყებულა და მეტიც, დაუსჯელობით წახალისებულმა ორგანიზატორებმა პოლიტიკური პარტიაც დააფუძნეს.
7 დეკემბერს, საჯარო რეესტრმა პრორუსული “ალტ-ინფოს” პარტია “კონსერვატიული მოძრაობა” დაარეგისტრირა.
პარტიის თავმჯდომარე ზურაბ მახარაძეა, ხოლო გენერალური მდივანი – გიორგი ქარდავა. სწორედ “კონსერვატიული მოძრაობის” დამფუძნებლები არიან 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები: კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო და სხვები.
ახალ პოლიტიკურ პარტიას სწორება ძირითადად რუსეთზე აქვს. „ალტ-ინფოს“ და პარტიის ერთ-ერთი დამფინანსებელი კონსტანტინე მორგოშია “რადიო თავისუფლებასთან” საუბარში ამბობს, რომ რუსეთთან საუბრის გარეშე საქართველო ფონს ვერ გავა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მათი ეთერების ხშირი სტუმარია რუსი ანტილიბერალი, ანტიგლობალისტი, ულტრანაციონალისტი იდეოლოგი და პუტინის პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი.
პარტიაში ამბობენ, რომ არ არიან „პრორუსულები“ და პარტიაც „პროქართული“ ექნებათ, თუმცა იგივე ზურაბ მახარაძე ღიად აცხადებს, რომ საქართველოში რუსული სამხედრო ბაზები უნდა განთავსდეს და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებიც ასე გადაიჭრება.