აქციები ბათუმსა და თბილისში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით
დღეს ორი აქცია გაიმართა ბათუმსა და თბილისში. მოქალაქეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადადგომას ითხოვენ.
საქმე ეხება ბათუმის საკრებულოს ახლადარჩეული წევრის “ნაციონალური მოძრაობიდან”, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებას, რომელშიც ოპოზიცია აჭარის მთავრობას ადანაშაულებს.
24 ნოემბერს ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, ზეწოლას ახდენდა. მან მტკიცებულებად ჩანაწერებიც გამოაქვეყნა.
მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” საკრებულოში უმრავლესობისთვის “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციიდან ერთი დეპუტატის გადაბირება სჭირდებოდა, ერთ-ერთი პირველი კი, ვისზეც ზეწოლა დაიწყო, სწორედ ნუგზარ ფუტკარაძე იყო.
კირთაძემ ასევე გაასაჯაროვა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ისმის, როგორ სთავაზობენ ფუტკარაძეს “ქართულ ოცნებაში” გადასვლის სანაცვლოდ 100 000 დოლარს. კირთაძის განმარტებით, ფუტკარაძემ ჩანაწერების გაკეთება მას შემდეგ დაიწყო, რაც შეხვედრები გაუსაძლის ხასიათს იღებდა.
ნუგზარ ფუტკარაძის და ამბობს, რომ მისი ძმა სისტემის მსხვერპლია და არ შეიძლება თორნიკე რიჟვაძის მსგავსი ადამიანები მართავდნენ ქვეყანას.
“რიჟვაძემ უნდა დატოვოს თანამდებობა, არ შეიძლება ასეთმა ადამიანებმა მართონ ჩვენი ქვეყანა, რომლებმაც იმსხვერპლეს არაერთი ქვეყნის სიყვარულით გამსჭვალული პიროვნება, ჯერ ბავშვის ქვევრში ჩაგდებით მოსული ხელისუფლება, ია კერზაია ზეწოლის მსხვერპლი და ამჟამად ჩემი ძმა. ეს სისტემა კლავს, ამ ვიდეოში მონაწილეები ყოფილი პოლიციელები არიან, რომლებიც ჩემი ძმის თანამშრომლები იყვნენ ადრე. ვიღაც კაცს ახსენებს, რომელიც რა თქმა უნდა დავით რიჟვაძეა” – ამბობს ნაზი ფუტკარაძე.
● შიმშილობის შემდეგ. გია ნოდიას თვალსაზრისი
● ირაკლი კობახიძე: ვინც პოლიტმიკერძოების გამო სახელმწიფოდ არ გვცნობს, მათთან ვერ ვითანამშრომლებთ
● “მმართველი პარტია ევროკავშირისგან ისე შორსაა, როგორც არასდროს” – ევროპარლამენტარების გამოხმაურება
აქციის მონაწილეები მიმართავენ დიპლომატიურ კორპუსსაც და სთხოვენ დაინტერესდნენ საკითხით, მათივე თქმით, რიჟვაძის თანამდებობიდან გადადგომამდე აქციები არ დაიშლება.
“მინდა იცოდეს ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ, გუშინ რა კადრებიც ვიხილეთ გვეხება თითოეულ ჩვენგანს, ამიტომ კიდევ ერთხელ ხმამაღლა გეუბნებით – არ გაპატიებთ. მოვუწოდებთ ყველა აკრედიტებულ დიპლომატს საქართველოში, დაინტერესდით, იმიტომ რომ ნუგზარ ფუტკარაძე არის ერთი ადამიანი, რომელიც გასწირა სისტემამ, თქვენ ნახეთ ჩანაწერები როგორ კლავენ ადამიანს, ამიტომ აქ მოვედით და ფეხს არ მოვიცლით, სანამ ეს კომკავშირელი რიჟვაძე არ წავა სახლში” – ამბობს აქციის მონაწილე, აჭარის საკრებულოს წევრი ოპოზიციიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ჩანაწერის საკითხზე კი აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე დაბარებული არიან: გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე და ელგუჯა ბაგრატიონი.