აფხაზეთში ვლადისლავ არძინბას ძმისშვილი, კრიმინალური ავტორიტეტი ქემალ არძინბა მოკლეს
აფხაზეთში ქემალ არძინბა მოკლეს – თვითგამოცხადებული აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ძმისშვილი, რომელსაც აფხაზეთში ლეგენდის დონეზე სცემენ პატივს. მოკლული კრიმინალური ავტორიტეტი იყო, თუმცა, თავდასხმის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
მას სნაიპერული შაშხანიდან ესროლეს სოხუმის ცენტრში, საკუთარ სახლში, რომელიც მრავალსართულიანი სახლებით არის გარშემორტყმული.
შინაგან საქმეთა მინისტრმა დმიტრი დბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მკვლელობაში სამი ნიღბიანი ადამიანი მონაწილეობდა. არძინბას სამი ტყვია მოხვდა – საზარდულში, მხარსა და ხელში. ის მოგვიანებით, უკვე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ვლადისლავ არძინბამ ძმისშვილი იშვილა, რადგან მას საკუთარი ვაჟი არ ჰყავდა და ჰყავდა მხოლოდ ერთი ქალიშვილი – მადინა. ნაშვილები ქემალ არძინბა კრიმინალურ სამყაროში ავტორიტეტულ ადამიანად იქცა, თუმცა მას „კანონიერი ქურდის“ სტატუსი არ ჰქონდა.
- მოსაზრება: „კრიმინალური აფხაზეთი – როგორ მივიღეთ ის?“
- სოხუმში ორი ე.წ. “კანონიერი ქურდი” მოკლეს. მძიმედ დაიჭრა მიმტანი გოგონა
ახლა დანაშაულის ადგილზე საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი და შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტიკური ცენტრის სპეციალისტები მუშაობენ. პირადი შემადგენლობა „განგაშის“ მდგომარეობაზე გადაიყვანეს, გადაკეტილია ქალაქის გასასვლელები და ყველა ავტომაგისტრალზე გამოცხადებულია გზის გადაჭრის გეგმა.
გამოძიება ქემალ არძინბას მკვლელობის მოტივის არანაირ ოფიციალურ ვერსიაზე არ საუბრობს.