აფხაზეთი ელექტროენერგიისა და მაინინგის გარეშე
აფხაზეთში ისევ აკრძალეს მაინინგი, როგორც მწვავე ენერგოკრიზისის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომელშიც აფხაზეთი სექტემბრის ბოლოდან ჩაეფლო.
ეს ბიზნესი აფხაზეთში ლეგალური იყო ორ თვეზე ოდნავ მეტი ხანი და ამ დროის განმავლობაში ენერგომეურნეობისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეძლო.
ენერგეტიკული ქსელები დატვირთვას ვერ უძლებენ და ყოველდღიურად გამოდიან მწყობრიდან, ქვესადგურები იწვის.
გარდა ამისა, თვითონ ენერგიის დეფიციტია. 15 ნოემბრიდან, აფხაზეთში მარაოსებრი გამორთვების რეჟიმი მოქმედებს. ფაქტობრივად, აფხაზეთში ელექტროენერგიის ერთადერთი წყარო არის ენგურჰესი, რომლითაც საქართველო და აფხაზეთი ერთობლივად სარგებლობენ, და მისი გენერაციის აფხაზეთისთვის განკუთვნილი 40 პროცენტი უკვე ოქტომბრის დასაწყისისთვის იყო გახარჯული.
ენერგერტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს სწორედ კრიპტოვალუტის მაინერების გამო მოხდა – მათზე მოდის მთელი მოხმარებული ენერგიის არანაკლებ 30 პროცენტისა.
15-20 იანვრიდან კი ენგურჰესი სარემონტოდ მთლიანად გაჩერდება, როგორც მინიმუმ, 100 დღით, დაახლოებით 2021 წლის 10 მაისამდე.
აფხაზეთი მაინინგისადმი დამოკიდებულების შემუშავებას მინიმუმ სამი წლის განმავლობაში ცდილობს. 2018 წლის დეკემბერში ის აიკრძალა – შემდეგ კი, 2020 წლის ოქტომბრიდან, ისევ დაუშვეს.
ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ ამ ბიზნესის ჩრდილიდან გამოყვანით, შეძლებდნენ კრიპტოფერმების მიერ მოხმარებული ენერგიის ლიმიტირებას, ამონაგებს კი ქსელების მოდერნიზაციაში ჩადებდნენ.
მაგრამ, საბოლოო ჯამში, ხელისუფლებას დაგეგმილიდან არაფერი არ გამოუვიდა.
მაინინგზე ახალი აკრძალვის გადაწყვეტილების მიღება გარდაუვალი იყო. 4 დეკემბერს, ქვესადგურ „სოხუმი-1“-ზე გაჩენილმა ხანძარმა, რომელმაც აფხაზეთის დედაქალაქის ნახევარი რამდენიმე დღის განმავლობაში უდენოდ დატოვა, აკრძალვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ დააჩქარა.
ხანძრის შედეგების ლიკვიდაციას, ენერგეტიკოსების მტკიცებით, ორი კვირა დასჭირდება. მთელი ეს პერიოდი ავარიული რაიონი ნაწილ-ნაწილაა მიერთებული სხვა ქვესადგურებზე, მაგრამ, ამის მიუხედავად, ქსელის გადატვირთვის გამო ელექტროენერგიით დღე-ღამეში მხოლოდ რამდენიმე საათით მარაგდება.
ხელისუფლება აპირებს, უახლოეს ორ დღეში ქალაქ სოხუმში მოაწყოს მასშტაბური რეიდები და გამორთოს ყველა, ვინც დამატებით დატვირთვას იწვევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, „სოხუმი-1“-ის ქვესადგურზე შექმნილი სიტუაცია შეიძლება განმეორდეს.
სოციალური ქსელები ძალიან ირონიულ კომენტარებს აკეთებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე. კრიტიკა იქითკენაა მიმართული, რომ ფერმების დახურვისას, მაღალჩინოსნებმა თავიანთიც არ უნდა დაივიწყონ.