აფხაზეთში სოფლის მცხოვრებლებმა ახალ ხელმძღვანელს სცემეს და ნარკოვაჭრობაში დაადანაშაულეს
ოჩამჩირის რაიონის სოფელ ლაბრის მცხოვრებლებმა სოფლის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელს სცემეს, რადგან მიაჩნიათ, რომ ის წარსულში ნარკოვაჭრობით იყო დაკავებული – მარიხუანა მოყავდა და ყიდდა.
ინციდენტმა ამავდროულად პოლიტიკური კონტექსტიც შეიძინა, რადგან დაკავებულთა შორის აღმოჩნდა სოფელში პატივსაცემი ადამიანი, მისი ყოფილი თავკაცი.
არტურ მელქონიანი ოჩამჩირის რაიონის სოფელ ლაბრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშნეს, თუმცა, ადგილობრივებმა ეს სიახლე პირად შეურაცხყოფად მიიღეს.
მეორე დღეს, რამდენიმე ადამიანი მელქონიანის სახლთან მივიდა და ის სალაპარაკოდ გარეთ გამოიყვანა. დიალოგი არ გამოვიდა. სოფლის ხელმძღვანელს სცემეს, მან კი საპასუხოდ ავტომატიდან ჰაერში ისროლა.
• აფხაზეთში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონი მიიღეს, მაგრამ აქტივისტების აზრით ეს ფიქციაა
• მოსაზრება: აფხაზეთში კრიზისი გარდაუვალია – მნიშვნელოვანია, როგორ შეხვდება მას ხელისუფლება
ახლო წარსულში, მელქონიანის ოჯახის მთავარი ბიზნესი მარიხუანის რეალიზაციის მიზნით მოყვანა იყო, – აცხადებენ ლაბრის მცხოვრებლები, სადაც ძირითადად ეთნიკურად სომხები ცხოვრობენ.
მილიციამ სოფელ ლაბრის ათობით მკვიდრი დააკავა, რომლებიც, სავარაუდოდ, არტურ მელქონიანის ცემაში მონაწილეობდნენ.
დაპატიმრებულთა შორის არის სოფლის ყოფილი ხელმძღვანელი, სმბატ კერსელიანი, აფხაზეთის გმირი – თუმცა, არის ინფორმაცია, რომ ჩხუბის მომენტში ის სოხუმში იმყოფებოდა. 2020 წლის მარტში, აფხაზეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, კერსელიანმა საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა – როგორც ამბობენ, „პოლიტიკური მიზეზების გამო“.
სწორედ ის შეცვალა პოსტზე არტურ მელქონიანმა.
კერსელიანის დაკავების გამო, ინციდენტმა მაშინვე პოლიტიკური შეფერილობა მიიღო. კონფლიქტის მონაწილე ვეტერანთა ოპოზიციური პარტია „არუაა“ ამ თემაზე სპეციალური განცხადებით გამოვიდა.
ამის შემდეგ, სმბატ კერსელიანი და კიდევ ოთხი დაკავებული გაათავისუფლეს.
გარჩევა საბოლოოდ კონფლიქტის მონაწილე მხარეთა შეთანხმებით დასრულდა.
სოფლის სადავო ახალი ხელმძღვანელის ნათესავმა, ვაჩეგან ავეტიანმა ხალხის თანდასწრებით გაიხსენა, რომ მელქონიანი ახლო წარსულში კანაფს ავტომობილში ცვლიდა. მელქონიანმა ეს არ უარყო, თუმცა, სწორედ ამ დიალოგმა გამოიწვია ჩხუბი.
არტურ მელქონიანმა მილიციას მიმართა თხოვნით, შეწყდეს გამოძიება მის მიერ ადრე შეტანილ განცხადებაზე, რომელიც მისი ცემის ფაქტს ეხებოდა.
დანარჩენ დაკავებულებს, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გაათავისუფლებენ.