ბაქომ ევროპაში გაზის ექსპორტი გააორმაგა. ამას ქვეყანაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა
აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ენერგეტიკის სექტორში. დოკუმენტის მიხედვით, ბაქომ ევროპაში გაზის ექსპორტი გააორმაგა. აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობა წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.
„უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ, რუსული გაზი ევროპაში აღარ არის მოთხოვნადი“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბაქოში.
ევროკავშირთან ხელმოწერილმა დოკუმენტმა არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია სამოქალაქო საზოგადოებაში და აზერბაიჯანელ აქტივისტებში.
2022 წლის 18 ივლისს აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის გაფორმდა „გაგების მემორანდუმი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ევროკავშირს შორის, რომელსაც წარმოადგენს ევროკომისია და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ენერგეტიკულ სექტორში“.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
„ეს არის მესამე დოკუმენტი აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის შესახებ და ამ შეთანხმებებმა შეცვალა ევროპის ენერგეტიკული რუკა“, – განაცხადა ალიევმა ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ.
მისი თქმით, დღეს აზერბაიჯანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში “გაზის სამხრეთ დერეფნის” პროექტის ფარგლებში.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა აზერბაიჯანის მნიშვნელოვანი როლი ევროპის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში ბუნებრივ გაზზე:
„გაფორმებული მემორანდუმი საშუალებას მოგვცემს გაორმაგდეს აზერბაიჯანიდან მიწოდებული გაზის მოცულობა, გაიზარდოს მისი მოცულობა წელიწადში 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე და მნიშვნელოვნად შეამციროს რუსეთიდან მიწოდება”.
კომენტარები
ევროკავშირთან ხელმოწერილმა დოკუმენტმა არაერთგვაროვანი შეფასება გამოიწვია სამოქალაქო საზოგადოებაში და აზერბაიჯანელ აქტივისტებში. მათი აზრით, ევროპა „გარიგებაზე წავიდა აზერბაიჯანის რეჟიმთან, რომელიც უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს“.
გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს სოციალური ქსელების აზერბაიჯანული სეგმენტიდან:
” აზერბაიჯანული ოპოზიციის „ევროპული წიგნი“ შეიძლება დახურულად ჩაითვალოს ”
„მიკვირს, რომ დღევანდელ მემორანდუმს თითქმის მთელი ოპოზიცია ტაშს უკრავს. არავინ ჰკითხა ევროპელებს, რატომ დებენ მორიგ გარიგებას ალიევის რეჟიმთან? რა ბედი ელის ადამიანის უფლებებს ამ ქვეყანაში?”
„ერთი რამ ცხადია: ევროპას მხოლოდ აზერბაიჯანის ენერგორესურსები სჭირდება. მათ არ აინტერესებთ ხალხის პრობლემები. ერთი მნიშვნელოვანი შედეგი: თუ ევროპა ჩვენთან არ მოვა, ჩვენ თვითონ უნდა წავიდეთ ევროპაში. ასე რომ, უახლოეს მომავალში ვაპირებ ქვეყნიდან გასვლას“.