მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. რა ვიცით ამ დროისთვის?
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის შეფასებით, საქართველოს პატიმარი ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ოჯახი, მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს. ამისთვის სახელმწიფოს ვადა 2 მაისის 18:00 საათამდე აქვს. მთავრობაში ამბობენ, რომ პატიმარს სათანადოდ მკურნალობენ და მისი გაყვანის შესაძლებლობებს არც კი განიხილავენ.
რა ვიცით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე? როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
უკვე შვიდი თვეა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, დაპატიმრებულია. ექსპრეზიდენტი დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც 2021 წლის 1 ოქტომბერს, ფარულად დაბრუნდა საქართველოში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ამიტომ, ამ ხნის განმავლობაში, პროტესტის ნიშნად ორჯერ შიმშილობდა. მათ შორის, პირველ შემთხვევაში შიმშილობა 51 დღე გაგრძელდა.
მაშინ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ მკურნალობა დასჭირდა. იგი სამკურნალოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
● “სანამ სტრასბურგი სააკაშვილის საქმეს განიხილავს, ის უნდა გათავისუფლდეს” – ევროპარლამენტარების წერილი
● ტრუსკავეციდან “უმაღლესი დონის” სპეცოპერაციამდე. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია – რა იქნება შემდეგ?
● რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი და იქნება თუ არა ქართული მაიდანი – გია ნოდიას თვალსაზრისი
გასულ კვირას, გამოქვეყნდა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის, კონსილიუმის დასკვნა, რომელშიც ნათქვამია,რომ ექსპრეზიდენტს ისევ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს.
ამაზე საუბრობენ მისი ოჯახის წევრები, ადვოკატები და თანაგუნდელებიც. ისინი მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.
მთავრობა ომბუდსმენის დასკვნას არ ენდობა. პატიმარი ექსპრეზიდენტის თანაგუნდელების კომენტარებს კი მანიპულაციას უწოდებს. პენიტენციური სამსახური ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილი პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა საჭირო მომსახურებას იღებს.
რა ვიცით ახლა პატიმარი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე?
დღეს, 2 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი იმართება. პროცესს ბრალდებული ვერ ესწრება. ადვოკატების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს გადაადგილება უჭირს.
ერთ-ერთ ბოლო სასამართლო სხდომაზე, რომელიც 20 აპრილს იმართებოდა, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზში შეუძლოდ გახდა. მან ექიმის დახმარება ითხოვა. სასამართლო პროცესი, რომელზეც ექსპრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს განიხილავდნენ, დროებით შეწყდა.
27 აპრილს გამოქვეყნდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს ცილოვანი შიმშილი:
“მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მიხეილ სააკაშვილს ფორმალურად შიმშილობა არ აქვს გამოცხადებული, წინა შიმშილობისგან განსხვავებით, მიმდინარეობს წონის კლება კუნთოვანი მასის (ცილის) კლების ხარჯზე. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც ცილოვანი შიმშილი (მიზეზი – ანორექსია)“.
კონსილიუმის წევრი ექიმის განმარტებით, სააკაშვილი დღეში რეგულარულად მოხმარებადი კალორიის დაახლოებით 1/4-ს იღებს, ორგანიზმი კი ამ დროს “საკუთარ თავს ინელებს”. ამის გამომწვევი შესაძლოა იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია, რამაც საბოლოოდ მოგვცა ანორექსია ანუ მადის დაქვეითება.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ექიმი სოფო ჯაფარიძე JAMnews-თან ხსნის, რომ ეს არ არის განზრახ შიმშილი, ასეთ დროს, ადამიანი ვერ ჭამს, განსაკუთრებით ცილოვან პროდუქტებს, გულისრევა ეწყება:
“ცილებში არის ისეთი ამინომჟავები, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი თავად ვერ ასინთეზირებს, აუცილებელია გარედან მიღება. როდესაც გარედან ვერ იღებს, იწყება საკუთარი ორგანიზმიდან ხარჯვა. ამიტომ დაეწყო კუნთების ატროფია”.
სოფო ჯაფარიძის განმარტებით, ასეთ მდგომარეობაში ადამიანებს უჭირთ გადაადგილება, იკლებენ წონაში, ადვილად იღლებიან:
“რაც არის კიდეც გამოხატული პრეზიდენტის შემთხვევაში. მან თავად ითხოვა, რომ დღეში ერთ მნახველზე მეტი არ მივიდეს“.
ექსპრეზიდენტს გარეგნულადაც ეტყობა, რომ ის ძველებურად მხნედ აღარ არის. არის ფერმკრთალი (ეს ჩანს კადრებში, სასამართლო პროცესებზე), დაკლებული აქვს წონაში და ხშირად იღლება საუბრის დროს.
რა სჭირდება მიხეილ სააკაშვილს?
კონსილიუმის დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილს დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია სჭირდება:
“წინააღმდეგ შემთხვევაში, ზოგადად – საკვების მიღების ასეთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა და კერძოდ – ცილოვანი შიმშილი – გარდაუვლად გამოიწვევს კუნთოვანი და ორგანული წონის მნიშვნელოვან კარგვას, ინფექციების მაღალ რისკსა და შინაგან ორგანოთა სისტემების მოქმედების მოშლას“.
სოფო ჯაფარიძის თქმით, პატიმარი ექსპრეზიდენტი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ მრავალპროფილურ კლინიკაში, სასურველია, საზღვარგარეთ:
“საქართველოში ასეთი დაავადების მკურნალობის გამოცდილება ნაკლებად გვაქვს. მას ბევრი პროფილის ექიმის მეთვალყურეობა სჭირდება”.
30 აპრილს, საქართველოს ექიმთა დარგობრივმა ასოციაციებმა მეგობარი ქვეყნების მთავრობებს, დიპლომატიურ კორპუსს, ევროპის საბჭოსა და აშშ-ის კონგრესს მიმართეს, სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისთვის ხელისუფლებაზე ზეწოლის ყველა შესაძლო ბერკეტი გამოიყენონ:
“პოლიტიკური პატიმარი სააკაშვილი წინასწარი განზრახვით განწირულია შემდგომი ინვალიდიზაციის და შრომისუნარიანობის მკვეთრი დაქვეითებისთვის. პრეზიდენტ სააკაშვილს გადაუდებლად ესაჭიროება მკურნალობის და შემდგომი რეაბილიტაციის კურსის ჩატარება დასავლეთის პროფილურ კლინიკაში. მცირედი დაყოვნებაც კი, შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს მისი სიცოცხლისთვის“, – განაცხადეს ექიმებმა მიმართვაში.
სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ მას უკვე აქვს მოლაპარაკებები რამდენიმე ევროპულ კლინიკასთან. კლინიკებს ჯერ არ ამხელს, პროცესს ხელი რომ არ შეეშალოს, თუმცა, ამბობს, რომ ეს დაწესებულებები მზად არიან მიიღონ პაციენტი.
გასულ კვირას, დახმარებისთვის, სოფო ჯაფარიძე საქართველოს სახალხო დამცველსაც შეხვდა. მიმდინარე კვირაში კი გეგმავს, რომ საელჩოებს მიმართოს და ხელისუფლებასთან კომუნიკაციას ეცადოს.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, გასულ კვირას უკვე მიმართა საქართველოს ხელისუფლებას “ყურადღებითა და სერიოზულობით” მიუდგეს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს.
რას ამბობს ხელისუფლება?
29 აპრილს, ომბუდსმენის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა მომსახურებას უწევს:
“პენიტენციური სამსახური სრულად უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი მედიკამენტებით. თუმცა, იგი, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის მიუხედავად, საკუთარი გადაწყვეტილებით, არ იღებს მისთვის გათვალისწინებული პრეპარატების გარკვეულ ნაწილს“, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
უწყებაში თქვეს, რომ მსჯავრდებულს აქვს სამჯერადი კვება, შეუძლია საკვები იყიდოს ციხის მაღაზიაში, სადაც ფართო ჩამონათვალია, იღებს ამანათებსაც: “შესაბამისად, მსჯავრდებულისთვის სრულად ხელმისაწვდომია საკვების მრავალფეროვანი რაციონი”.
ამ გარემოებებიდან გამომდინარე, პენიტენციურმა სამსახურმა თქვა, რომ სახალხო დამცველის ანგარიშთან კითხვები აქვს.
ომბუდსმენის დასკვნას არც საქართველოს მთავრობის წვერები ენდობიან. ისინი ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სინამდვილეში, “კომფორტის დარღვევაზე” ჩივის.
“მოვისმინეთ წუხილი, რომ პატიმარს თურმე რაღაც კომფორტი დაერღვა. ყველა პატიმარს აქვს კომფორტი დარღვეული, იმიტომ, რომ შეზღუდული აქვს თავისუფლება. ბუნებრივია ეს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად – განიხილავენ თუ არა ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანას.
“არაფერი დეპრესიული მას არ ეტყობა, პირიქით – უშველებელ აქციებს გეგმავს, მოწოდებებს აკეთებს, ჰიმნს მღერის და საკმაოდ აქტიურად და ენერგიულად გამოიყურება“, – თქვა პარლამენტის პირველმა ვიცე – სპიკერმა გია ვოლსკიმ. იგი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, “თუკი თავის თავს ხელოვნურად არ აუტეხა უბედურება”.
რა შეიძლება მოხდეს?
სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ სათანადო მკურნალობის გარეშე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდება და არასასურველი შედეგი დადგება.
დღეს, 2 მაისს, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მოსამართლესთან სააკაშვილის ციხიდან დაუყოვნებლივ გადაყვანაზე იშუამდგომლა.
“ის ვერ გამოჯანმრთელდება, ეს გამორიცხულია, ეს არის განგრძობითი პროცესი“, – მიმართა გვარამიამ მოსამართლეებს.
მოსამართლეებმა [7 ნოემბრის საქმეს სამი მოსამართლე განიხილავს] ადვოკატის მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. თუმცა თქვეს, რომ პენიტენციურ სამსახურს წერილობით მიმართავენ დამატებით აცნობოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
დღეს, 2 მაისის 18:00 საათზე, იწურება ის ვადა, რაც საქართველოს ხელისუფლებას ექსპრეზიდენტის ოჯახმა მისცა სააკაშვილის საზღვარგარეთ გადასაყვანად. თუ ეს ასე არ მოხდება, ოჯახი აქციებს აანონსებს.
6 მაისიდან აქციებს იწყებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის ოფისიც.
“ჩვენ დრო იმისთვის, რომ ვუყუროთ, როგორ კვდება ნელი სიკვდილით მიხეილ სააკაშვილი, არ გვაქვს და ვერ გვექნება“, – განაცხადა ნიკა მელიამ, რომელმაც კიდევ ერთხელ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.
სალომე ზურაბიშვილი კი პოზიციას – “არა და არასოდეს” – არ ცვლის.
ამ დრომდე პოზიციას არ ცვლის არც პენიტენციური სამსახური. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ კონსილიუმის დასკვნასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხის შემდეგ გადაწყვეტენ, “თუ რაიმე ღონისძიების გატარება იქნება საჭირო”.
უწყება განცხადებებს სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანიას უწოდებს.
„გადაცემა, გათავისუფლება გამორიცხულია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუკი ვინმე მოითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას ან სადმე გადაცემას, ყველას ამოძრავებს ერთი მიზანი, ეს საქართველოს ომში ჩართვაა. ასეთ განცხადებებს ჩვენ არ ავყვებით“, – განაცხადა დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რომელიც ფიქრობს, რომ საქმე მარტივადაა:
“რატომ შეიძლება ჭამდე შოკოლადს და არ ჭამდე ხაჭოს, ამ დეტალებში მე ვერ შევალ. ჭამოს კვერცხი და ხაჭო და დამთავრდება პრობლემა“.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა