მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა უკრაინაში. ფოტო
მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის ამსახველი ფოტოები
3 აპრილს მთელი მსოფლიო შეძრა უკრაინაში, ბუჩასა და კიევის ოლქის სხვა დასახლებებში, რუსეთის ჯარების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ხოცვა-ჟლეტის ამსახველმა ფოტოებმა.
ფოტოებზე ჩანს ქუჩაში დახოცილი და დამწვარი ადამიანები. ერთ-ერთ ცხედარს აქვს შეკრული ხელები და ემჩნევა თავში გასროლის კვალი. ქუჩები სავსეა ტანკ გადავლილი მანქანებით, ზოგიერთ მანქანაში ჩანს ცხედარი.
ფოტოები თავდაპირველად სააგენტო France Presse-მა გამოაქვეყნა.
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ 4 აპრილს, რუსული ჯარისგან გათავისუფლებული კიევის რეგიონიდან, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაზე 410 ადამიანის ცხედარი გადაასვენეს.
ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ ადგილზე განაღმვის სამუშაოები მიმდინარეობს. მათ შორის, რუსი სამხედროების მიერ დანაღმულია გარდაცვლილთა ცხედრებიც.
„რატომ მოკლეს? რა ჩაიდინა იმ კაცმა, რომელიც ველოსიპედით მიდიოდა ქუჩაში? რატომ დაახრჩვეს ქალები მას შემდეგ, რაც მათ ყურებიდან საყურეები მოხსნეს?
„მინდა, ყველა რუსი ჯარისკაცის დედამ ნახოს დაღუპული ადამიანების ცხედრები ბუჩაში, ირპენში, გოსტომელში. […] როგორ შეიძლებოდა ქალების გაუპატიურება და მოკვლა ბავშვების თვალწინ? მათი სხეულების დაცინვა სიკვდილის შემდეგაც კი? რატომ გადაუარეს ხალხის სხეულებს ტანკებით? რა დაუშავა უკრაინის ქალაქმა ბუჩამ რუსეთს? როგორ გახდა ეს ყველაფერი შესაძლებელი? – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
„მინდა, რუსეთის ფედერაციის ყველა ლიდერმა ნახოს, როგორ სრულდება მათი ბრძანებები. ერთობლივი პასუხისმგებლობა ამ მკვლელობებისთვის, წამებისთვის, ქუჩებში აფეთქებების შედეგად მოწყვეტილი მკლავებისთვის, ხელებშეკრული ადამიანებისთვის თავში სროლისთვის. ასეთი იქნება ახლა რუსული სახელმწიფოს აღქმა.
- რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში, რა სურს პუტინს და როგორ შეიძლება დასრულდეს ომი?
- “უკრაინა ომს აგებს. ზელენსკიმ ომი ვერ აიცილა”. ვინ დგას საქართველოში რუსული პროპაგანდის უკან
- ოსი სამხედროების ნაწილმა უკრაინაში ბრძოლაზე უარი თქვა და ცხინვალში დაბრუნდა
რუსეთი ამბობს, რომ “მკვლელობის სცენები ყალბი და დადგმულია”
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, რუსი სამხედროების მიერ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის ამსახველ ფოტოებს “პროვოკაცია” და “დადგმული” უწოდა.
უწყებაში განაცხადეს, რომ რუსმა ჯარებმა ქალაქი 30 მარტს დატოვეს. განცხადებაში “განსაკუთრებული შეშფოთება” იყო გამოთქმული იმის გამო, რომ ცხედრები არ გამოიყურებოდა ისე, როგორც უნდა გამოიყურებოდეს სიკვდილიდან “მინიმუმ ოთხი დღის შემდეგ”.
რუსული პროსამთავრობო მედია „დადგმული ვიდეოების“ შესახებ ალაპარაკდა. გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მაგალითად, ერთ-ერთ კადრში, გზის პირას მწოლიარე გარდაცვლილი ხელს ამოძრავებს. მეორე გარდაცვლილი კი, რომელიც უკანა ხედვის სარკეში ჩანს, თითქოს ზის.
ეს არგუმენტები რუსულმა გამოცემა “მედიაზონას” გამოძიებამ გააქარწყლა. გამოცემის ცნობით, “მოძრავი ხელის” ეფექტი მანქანის საქარე მინიდან არეკლილი ნათების შედეგი იყო, მჯდომარე ადამიანის კი – უკანა ხედვის სარკის.
რუსეთმა 4 აპრილს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მოითხოვა „ბუჩაში უკრაინელი რადიკალების ამაზრზენ პროვოკაციასთან დაკავშირებით“.
მსოფლიოს რეაქცია
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ის „შოკირებულია“ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის მტკიცებულებებით. მან დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისა და პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობაზე ისაუბრა.
უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის გამო, დასავლეთის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას გეგმავენ. ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადეს.
მომხდარს ბვრი ევროპელი ლიდერი გამოეხმაურა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს პასუხისგება ამ დანაშაულებისთვის“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი დაეხმარება უკრაინას რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკის დოკუმენტირებაში.
„ძალიან მალე აშშ მიიღებს დამატებით ზომებს რუსეთის წინააღმდეგ“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა.
უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობის ფოტოები