საქართველოში რუსი ოპოზიციონერი, დმიტრი გუდკოვი არ შემოუშვეს
საქართველოში დმიტრი გუდკოვი არ შემოუშვეს
რუსი ოპოზიციონერი, დუმის ყოფილი დეპუტატი დმიტრი გუდკოვი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ მან საკუთარ Facebook-ზე დაწერა. მისი თქმით, ის თბილისში უკრაინიდან ოფიციალური მოწვევით ჩამოვიდა, თუმცა მესაზღვრეებმა არ შემოუშვეს.
“ჩამოვფრინდი კიევიდან თბილისში. სახელმწიფო დონეზე მიღებულია გადაწყვეტილება უკან კიევში ჩემს დეპორტაციაზე. გადაწყვეტილება პოლიტიკურია. ჩემი ვიზიტის შესახებ ყველა გაფრთხილებული იყო, მე ჩამოვედი ოფიციალური მოწვევით. დაგეგმილი იყო შეხვედრები აქტივისტებთან და დიპლომატებთან. ახსნა არ არის, უბრალოდ მესაზღვრეების თანაგრძნობის გამომხატველი ჟესტები. ყველას ესმის, მაგრამ… ესეც თქვენი რუსული ემიგრაციის ცენტრი. ესეც თქვენი რბილი ძალა.” – წერს გუდკოვი.
დმიტრი გუდკოვი უკრაინაში გასული წლის ივნისში წავიდა. სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი ეჭვმიტანილია იჯარის ხელშეკრულების გადაუხდელობის საქმეზე. თავად პოლიტიკოსი ამ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
● ირანი თავის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობას არ ურჩევს
● საქართველოში სომეხი დეპუტატი არ შემოუშვეს
● ადვოკატის შემდეგ, თბილისში უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი არ შემოუშვეს
გასული წლის აგვისტოში საქართველოში არ შემოუშვეს ალექსეი ნავალნის მოკავშირე, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლუბოვ სობოლიც. Дождь-ის ინფორმაციით, სობოლი აგვისტოში სომხეთში იმყოფებოდა, იქიდან კი საქართველოში გადმოსვლა სურდა, თუმცა, ამის უფლება საზღვარზე არ მისცეს. თავად სობოლმა მაშინ განაცხადა, რომ ის საქართველოში არ შეუშვეს, რადგან საქართველოს მთავრობას არ სურდა ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის გაფუჭება.
2021 წლის ნოემბერში საქართველოში არ შემოუშვეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ევგენი გრუშოვეცი და საზღვრიდან გააბრუნეს უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი. გორდონის გარდა, ქვეყანაში არ შემოუშვეს სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე. გორდონმა მომხდარს საერთაშორისო სკანდალი და საქართველოს მთავრობის სირცხვილი უწოდა.