აფხაზეთი: პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომელი ოპოზიციას შეურაცხყოფას აყენებდა
აფხაზეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომელი ოპოზიციას შეურაცხყოფას აყენებდა
აფხაზეთში, პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომელს, არტურ ჩაკრიანს სცემეს, რომელსაც ტელეგრამ-არხის, „სოხუმის შადრევნის“ ანონიმურ ადმინისტრატორად მიიჩნევენ, სადაც ბინძურ შეურაცხყოფას აყენებდნენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და მთავრობის ზოგიერთ წევრს.
ასევე, არხზე ქვეყნდებოდა მათსა და მათი ოჯახის წევრების შესახებ მამხილებელი ინფორმაცია, რომელიც ბევრჯერ ყალბი აღმოჩნდა.
- მოსაზრება: აფხაზეთში კრიმინალსა და გულჩვილ სასამართლოზე
- “ახლა უნდა მოგკლათ” – აფხაზეთში რუსი ტურისტი აწამეს
- ვინ და რატომ ებრძვის არასამთავრობო ორგანიზაციებს აფხაზეთში
ტელეგრამ-არხმა „სოხუმის შადრევანმა“ რამდენიმე თვე იარსება. აფხაზეთში ბევრი მას „ნაგვის ორმოს“ უწოდებდა, მათ შორის, პრეზიდენტ ასლან ბჟანიას მომხრეებიც, მიუხედავად იმისა, რომ არხზე, პერიოდულად, სწორედ მას აქებდნენ ხოლმე.
„სოხუმის შადრევანზე“ მუდმივად უცენზურო ლექსიკას იყენებდნენ, ქვეყნდებოდა წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელი ისტორიები საზოგადოებაში ცნობილ ადამიანებზე, რომლებიც კრიტიკულად იყვნენ ხელისუფლებისადმი განწყობილნი.
რამდენიმე დღის წინ, უცნობმა ჰაკერებმა არხი გატეხეს და იქ საჯაროდ ხელმისაწვდომად განათავსეს არხის ადმინისტრატორების სახელები. მათ შორის მოხსენიებული იყო პრეზიდენტის პრესსამსახურის თანამშრომელი არტურ ჩაკრიანი.
არხის გატეხვის მეორე დღეს მას მაგრად სცემეს. ერთ-ერთ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე ჩაკრიანმა განაცხადა, რომ არხთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და რომ მას უბრალოდ „მოუწყვეს“ ეს ყველაფერი.
ცემის ფაქტთან დაკავშირებით მას მილიციისთვის არ მიუმართავს, თუმცა, „ვითარების გარკვევის, ღირსებისა და პატივის დაცვისათვის“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართა.
ოპოზიციურმა ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაამ“ სოციალურ ქსელებში ანონიმურ ომებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
„პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებს აწებებენ იარლიყებს, ყველაზე საშინელ დანაშაულებში სდებენ ბრალს. თანამემამულე ანონიმურ მომხმარებლებს შეუერთდა საქართველოს სპეცსამსახურების მიერ მომზადებული პროვოკატორების მთელი ჯგუფი აფხაზური და სხვა სახელებითა და გვარებით. ფოტო- და ვიდეოგამოსახულების მონტაჟი, შანტაჟი და სიცრუე აფხაზური ინტერნეტსეგმენტისთვის ჩვეულებრივ ყოველდღიურობად იქცა“, – ნათქვამია განცხადებაში.
„არუაა“ სთავაზობს ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას, დაგმონ ანონიმური მომხმარებლები, რომლებიც საზოგადოებაში უთანხმოებასა და სიძულვილს თესავენ. კერძოდ, პრეზიდენტს შესთავაზეს, გამოძიების დასრულებამდე თანამდებობებს ჩამოაშოროს ის თანამშრომლები, რომლებიც „სოხუმის შადრევნის“ ანონიმურ ადმინისტრატორთა შორის დაასახელეს.
ასევე, ვეტერანები სთავაზობენ პარლამენტს, მიიღოს დადგენილება, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებს ავალდებულებს, ანონიმური ანგარიშების რეალური მფლობელების გამოვლენის შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრან ცილისწამებისა და შეურაცხყოფისათვის.
„ეს, გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს სიტუაციის დაცვას უკანონო ქმედებებისა და ლინჩის წესით გასამართლებისგან“, – მიაჩნიათ „არუააში“.