ვინ და რატომ ებრძვის არასამთავრობო ორგანიზაციებს აფხაზეთში
აფხაზეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები თავდასხმის ობიექტები გახდნენ. ისინი აფხაზების თვალში საქართველოს, როგორც მტრის იმიჯს ამსხვრევენ და ხელს უწყობენ დიალოგს ქართულ მხარესთან, ეს კი მიუღებელია – ასე ფიქრობენ არასამთავრობო ორგანიზაციების ადგილობრივი მოწინააღმდეგეები, რომლებიც მათი საქმიანობის ყველანაირად შეზღუდვას მოითხოვენ. თუმცა, აფხაზეთში ასევე ისმის მოსაზრებები როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ქართულ მხარესთან დიალოგის მხარდასაჭერად.
“ქართული” სკანდალების ქრონიკა
იმის მიუხედავად, რომ აფხაზეთის ომიდან თითქმის ოცდაათი წელი გავიდა, საქართველოსთან ნებისმიერი კონტაქტი აფხაზური საზოგადოების მიერ კვლავ მძიმედ აღიქმება. ადამიანები ცდილობენ ასეთი კონტაქტები არ გაახმაურონ, რადგან გასაჯაროება აუცილებლად სკანდალს გამოიწვევს, რასაც ეროვნული ინტერესების ღალატში ბრალდებები მოჰყვება.
- აფხაზი ოპოზიციონერი: თბილისთან მოლაპარაკება ილუზიაა
- ქართულ-აფხაზური კონფლიქტი: გამოსავალი არ ჩანს, არც დიალოგის სურვილი. ხედვა სოხუმიდან
- თბილისი: “მზად ვართ არაფორმალური დიალოგისთვის”. სოხუმი: “დიალოგი არ შედგება”
ბოლო თვეების განმავლობაში, მსგავსი სიტუაციების გამო, აფხაზეთის პრეზიდენტის ორმა თანაშემწემ თანამდებობა დაკარგა. ლაშა საკანიამ ხელი შეუწყო ორი ქართველი პოლიტიკოსის საიდუმლო ვიზიტს აფხაზეთში, რომლებმაც ილორის ტაძარში ხატი მიიტანეს. პრეზიდენტის კიდევ ერთი ყოფილი თანაშემწე ბენურ კვირაია კი მოლაპარაკებებზე გაემგზავრა თბილისში იმ მიზნით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელი არ შეუშალოს აფხაზეთის გულრიფშის რაიონში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას.
ამ ორმა მოვლენამ აფხაზეთის პოლიტიკურ წრეებში ხმაური გამოიწვია. საქმე მიტინგებამდე და პრეზიდენტის მონაწილეობით საპარლამენტო მოსმენებამდეც კი მივიდა.
თუმცა, ”ქართული თემის” გამო არა მხოლოდ პოლიტიკოსებს “მოხვდათ”.
ახალგაზრდა გოგონამ ალიონა ტანიამ თავის გვერდზე ერთ-ერთ სოციალურ ქსელში მოკლე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ”აფხაზეთი საქართველოა”. როგორც აფხაზეთში ბევრი მიიჩნევს – პოლიტიკური კონტექსტის გარეშე, უბრალოდ “სისულელის გამო”. ვიდეო სიცქსელებში რამდენიმე საათის განმავლობაში გავრცელდა. ბევრი კომენტატორი გოგონასთვის მოქალაქეობის ჩამორთვევას და აფხაზეთიდან გაძევებესაც კი მოითხოვდა.
მეორე დღეს ვიდეოს გმირი მშობლებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და ამის შესახებ სიუჟეტი სახელმწიფო ტელევიზიის ახალ ამბებში უჩვენეს.
არასამთავრობოები როგორც მტრები
კიდევ ერთმა ეპიზოდმა, რომელიც ასევე უკავშირდება “ქართულ” თემას, თავდასხმების სამიზნედ არასამთავრობო ორგანიზაციები აქცია.
უნივერსიტეტის პედაგოგმა და სამოქალაქო აქტივისტმა რუსლანა გერგედავამ ვრცელ ინტერვიუში აფხაზურ-ქართული ურთიერთობები ახსენა და აღნიშნა, რომ ქართველ ხალხში მტერს ვერ ხედავს.
თავად ვიდეო გერმანიის Berghof Foundation- ის მიერ დაფინანსებული პროექტ “რევერსის” ფარგლებში იქნა ჩაწერილი.
ბუნებრივია, სოციალური ქსელები ამას მაშინვე საერთო გზავნილით გამოეხმაურნენ: არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენს ახალგაზრდობას გზას უბნევენ, შეცდომაში შეყავთ და მათ საქართველოს მიმართ ლოიალურებს ხდის.
საერთოდ, ფეისბუქზე თითქმის ყველა დისკუსია, ასეა თუ ისე, იმ დასკვნამდე მიდის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა აფხაზეთის სუვერენიტეტს ძირს უთხრის.
ამ თემისადმი მიძღვნილი თითოეული პოსტის ქვეშ 500 – 1000 უარყოფითი კომენტარი იწერება. მაგალითად, გამოიყენება შემდეგი ფრაზები: ”სახელმწიფო დეპარტამენტის პროქართველი ”შესტიორკები” ან ”სოროსის გამყიდველი მსახურები”, – და ისინი ასობით ლაიქს აგროვებენ.
სხვადასხვა საერთაშორისო ჰუმანიტარული სტრუქტურის გრანტებით აფხაზეთში აქტიურად ოცამდე არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს. ძირითადად ფინანსდება სოციალური პროექტები – მცირე ფერმერების და მეწარმეების დახმარებიდან საგანმანათლებლო პროგრამებამდე. ასევე არსებობს პროექტები, რომლებიც დაკავშირებულია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგების დარეგულირებასთან.
სწორედ ამ უკანასკნელი ასპექტის გამო პერიოდულად სოციალურ ქსელებში ჩნდება მოთხოვნა რუსეთის მსგავსად “უცხოეთის აგენტების შესახებ” კანონის შემოღების თაობაზე. იმის მიუხედავად, რომ მოსკოვი ოფიციალურ სოხუმს დაჟინებით ურჩევს ასეთი კანონის მიღებას, აფხაზეთის ხელისუფლებამ ეს იდეა საკმაოდ ცივად მიიღო.
“დასავლეთის რბილი ძალა”
გალის რაიონის ყოფილი აფხაზი გამგებელი, ახლა კი აფხაზეთის ომის ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაციის ”არუაას” ერთ-ერთი ლიდერი თემურ ნადარაია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კრიტიკოსია. მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული ყველა ერთობლივი პროექტი არის ”აფხაზი ახალგაზრდობის ხელახლა დაპროგრამების” და აფხაზეთის საქართველოში დაბრუნების მცდელობა ე.წ. ”რბილი ძალის” გამოყენებით.
”ყველა ამ პროექტის დონორია სხვადასხვა ორგანიზაციები დასავლეთის, ე.წ. საქართველოს მეგობარი ქვეყნებიდან. დამუშავებისა და “ბრეინშთორმინგის” ობიექტები ახალგაზრდები და პოლიტიკაში ცუდად გათვითცნობიერებული ადამიანები ხდებიან. საუბრებით ადამიანის უფლებებზე ისინი არწმუნებენ ახალგაზრდებს, რომ მათ შეუძლიათ გადაწყვიტონ ის, რაც არ შეუძლიათ პოლიტიკოსებს, თამაშობენ მათ პატივმოყვარეობაზე, ისინი, უამრავ გულუბრყვილო ადამიანს ობობებივით თავიანთ ქსელში ახვევენ”, – დარწმუნებულია თემურ ნადარაია.
ამავე დროს, ის წინააღმდეგი არ არის იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის, რომლებიც განახორციელებენ პროექტებს მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე და არ ითვალისწინებს მათში ქართული მხარის მონაწილეობას.
”საერთაშორისო წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის მიმართ პრეტენზიები არ არსებობს. ისევე როგორც იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც აპოლიტიკურები არიან და მხოლოდ ჰუმანიტარულ პრობლემებს განიხილავენ ”, – ამბობს ნადარაია.
ამავე დროს, ის რადიკალურ ზომებს მოითხოვს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც პოლიტიკურ საკითხებთან არიან დაკავშირებული.
”იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც იღებენ დაფინანსებას იმ ქვეყნებისგან, რომლებიც არ აღიარებენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას და მონაწილეობენ პოლიტიკაში აფხაზეთში, უნდა ჰქონდეთ უცხოეთის აგენტის სტატუსი, როგორც ეს ხდება რუსეთსა და შეერთებულ შტატებში. და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გაეროს წევრები არ ვართ და არანაირი სამართლებრივი ვალდებულებები არ გაგვაჩნია, ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა უნდა შეიზღუდოს ან სულაც აიკრძალოს ”, – აცხადებს ნადარაია.
“ბრძოლა დემოკრატიის წინააღმდეგ”
საიდ გეზერდავა, არასამთავრობო ორგანიზაცია ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის იურისტი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმები პერიოდულად ხდებოდა. მაგრამ ეს ყველაზე აქტიურად 2015 წლიდან დაიწყო.
”ჩვენი დაკვირვებით, ერთიდაიგივე ხალხი სხვადასხვა სოციალურ ქსელში და სხვადასხვა ანონიმური მეტსახელებით ჩნდება. ისინი მუდმივად ეძებენ საბაბს არასამთავრობო სექტორის საქმიანობის დისკრედიტაციისთვის, – ამბობს გეზერდავა, – იყო დრო, როცა ისინი დაწყნარდნენ, მაგრამ “რევერსის” პროექტმა მათ ახალი სიცოცხლე შესძინა”.
მისივე თქმით, ყველაფერი, რაც ახლა ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების გარშემო, არის საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მცდელობა უცხოური აგენტების შესახებ კანონის მისაღებად. ამასთან, გეზერდავას მიაჩნია, რომ დღეს აფხაზეთში ”ასეთი დღის წესრიგი არ არსებობს”.
საიდის თქმით, არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაცია არის ბრძოლა დემოკრატიის წინააღმდეგ.
”არასამთავრობო ორგანიზაციები არ მუშაობენ საკუთარი ნება–სურვილის მიხედვით, ჩვენ მუდმივად ანგარიშებს ვაქვეყნებთ და თუ ჩვენი მუშაობა არ იქნებოდა დამაკმაყოფილებელი, პირველი, ვინც გაგვაკრიტიკებდა, ხელისუფლება იქნებოდა. მაგრამ სიტუაცია აბსურდულია, სახელმწიფო ყველაფრით კმაყოფილია, კრიტიკა კი ანონიმებისგან მოდის ”, – ამბობს საიდი.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, რამდენიმე პიროვნების იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი, რომლებიც აქტიურად “ტალახს ესვრიან სამოქალაქო საზოგადოებას”, მათ შორის იყვნენ კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები და ისეთებიც, ვისაც არაფერი აქვს საერთო აფხაზეთთან.
”ყველაფერი, რაც ახლა ხდება, არასამთავრობო ორგანიზაციების გარშემო, არის მცდელობა, გაანადგუროს სამოქალაქო საზოგადოება აფხაზეთში”, – თქვა გეზერდავამ.
არასამთავრობო ორგანიზაციებს საჯაროდ ძირითადად ისინი უჭერენ მხარს, ვინც მათთან მუშაობენ და მათი საქმიანობის სპეციფიკა იციან.
აფხაზეთის ომბუდსმენი ასიდა შაკრილი მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მოწინააღმდეგეებში ყველაზე ხშირია ისეთი ხალხი, ვისაც რაიმე პირადი კონფლიქტი აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
მისი თქმით, სხვები ამ დისკუსიებში მონაწილეობენ და მხარს უჭერენ არასამთავრობო ორგანიზაციების ოპონენტებს უცოდინრობის გამო.
”ხალხს მტერი სჭირდება, ვიღაცამ წამოიწყო არასამთავრობო ორგანიზაციების თემა და დისკუსია დაიწყო. ყველას სურს თავი პატრიოტად წარმოაჩინოს. ეს კი ყველაზე მარტივი გზაა”, – ამბობს ომბუდსმენი.
მოსაზრებები საქართველოსთან დიალოგის შესახებ
”ჩვენს პირობებში მხოლოდ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მონოპოლია ქართულ მხარესთან რაიმე მოლაპარაკებაზე. საქართველოსთან ნებისმიერი მრავალდონიანი მოლაპარაკება შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ”, – ამბობს თემურ ნადარაია.
ნადარაიას აზრით, აფხაზეთის იზოლირების პოლიტიკა, რომელსაც დღეს საქართველო ატარებს, მრავალდონიან დიალოგს არანაირად არ უწყობს ხელს.
”აფხაზეთის მოქალაქეების უფლება, თავისუფლად იმოძრაონ ჩვენი პასპორტებით, ქართულმა მხარემ დაბლოკა. ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ეს უფლება აბსოლუტური ბუნებრივი უფლებაა ნებისმიერი ადამიანისთვის? ამრიგად, ქართულ მხარესთან შერიგების ამგვარი თემები მიმდინარე პოლიტიკური რეალობის პირობებში და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ერთობლივი პროექტები საქართველოსთან ჩვენი ახალგაზრდობის დეზორიენტაციას ახდენს და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს იმ საქმეს, რისთვისაც ჩვენი ძმების ათასობით სიცოცხლე შეიწირა. ”- ამბობს პოლიტიკოსი.
თუმცა, ამ მოსაზრებას, როგორც ჩანს, ხელისუფლება არ იზიარებს. აფხაზეთის ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი, უშიშროების საბჭოს მდივანი, ყოფილი პრემიერმინისტრი და პარტია “გაერთიანებული აფხაზეთის” თავმჯდომარე სერგეი შამბა მიიჩნევს, რომ საჭიროა ნებისმიერი პლატფორმის გამოყენება კონფლიქტის ამოწურვისა და კონსტრუქციულ ურთიერთობებზე გადასასვლელად. .
”საქართველო ყოველთვის იქნება ჩვენს გვერდით, ჩვენ ვერ გადავაადგილებთ მას, ის ჩვენი მეზობელია, ჩვენ ერთი და იგივე გეოპოლიტიკური სივრცის ნაწილი ვართ. ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები და მათ საფუძველზე უნდა დავამყაროთ ურთიერთობები. ყარაბაღის ომმა აჩვენა, რომ მუდმივი კონფლიქტის მდგომარეობაში ყოფნა კარგს არაფერს მოგვიტანს”, – ამბობს სერგეი შამბა.
იგი იხსენებს, თუ როგორ ტარდებოდა მოლაპარაკებები საქართველოსთან ყველაზე რთულ პერიოდში, როდესაც მოლაპარაკებებისთვის თბილისში ჯერ კიდევ ვლადისლავ არძინბა ჩადიოდა.
სერგეი შამბა მიიჩნევს, რომ დიალოგის საკითხი პოლიტიზირებულია ოპოზიციის მიერ ხელისუფლებასთან ბრძოლაში ქულების ჩასაწერად, რადგან ხალხის გრძნობებს ეხება. მაგრამ ზოგჯერ გრძნობების აყოლა არ ღირს და აზროვნება სჯობია.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო