12 წელი აგვისტოს ომიდან
საქართველოში რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავია.
12 წლის წინ, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად ქართული მხრიდან დაიღუპა 200-ზე მეტი სამოქალაქო პირი, 169 სამხედრო მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი. დევნილად იქცა საქართველოს 30 000-მდე მოქალაქე.
საქართველომ დაკარგა კონტროლი 125 სოფელზე.
სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.
ოსური მხრიდან დაიღუპა 365 ადამიანი. ასევე დაიღუპა 67 რუსი სამხედრო.
ამ დღეს საქართველოში დაშვებულია სახელმწიფო დროშები ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე.
რუსული აგრესია და ოკუპაცია გააპროტესტეს ქართველმა და უცხოელმა პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმა.
გიორგი გახარია: ჩვენ აღარასოდეს გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლისთავს განცხადებით გამოეხმაურა. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანა ოკუპაციის გამოწვევის გადაჭრის მშვიდობიან გზაზე დგას. პრემიერ-მინისტრი განცხადებაში აქცენტს აკეთებს “წარსულის შეცდომებზე”, თუმცა, რა შეცდომაზეა საუბარი, ამას გახარია არ აკონკრეტებს.
“ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას. ჩვენ ამ გამოწვევის გადაჭრის მშვიდობიან გზაზე ვდგავართ და ამ პროცესში ჩვენს გვერდით დგანან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.
ჩვენ აღარასოდეს გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს, რადგან კარგად ვიცით, რომ მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს და რომ სწორედ მშვიდობა, ერთობლივი შრომა და ეკონომიკური წინსვლა, განვითარებაა ჩვენი ქვეყნის გამთლიანების წინაპირობა,” – წერს გახარია.
აშშ-ს საელჩო საქართველოში: რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალები ცდილობენ ოკუპირებული ტერიტორიების თითოეული მეტრით გაფართოებას
2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა აშშ-ს საელჩომაც.
“თორმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შეიჭრა. 7 აგვისტო მწუხარებით გვახსენებს რუსეთის ოკუპაციის შედეგად დაზარებულ ათასობით ადამიანს, რომლებიც კვლავაც განსაცდელში რჩებიან. დღეს ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც თავიანთი სახლების დატოვება და დევნილობა აიძულეს. ჩვენ ვიხსენებთ უდანაშაულო, მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც დაიღუპნენ იმის გამო, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი ჩაკეტა და არ მისცა მათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღების უფლება. ჩვენ გვახსოვს უკანონო „ბორდერიზაციის“ შედეგად გახლეჩილი ოჯახები და დაკარგული საარსებო წყარო”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი კვლავ არღვევს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას: რუსი „მესაზღვრეები“ აკავებენ მშვიდობიან მოქალაქეებს და ახორციელებენ ძალადობრივ ქმედებებს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, “რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალები კი აგრძელებენ ქართული ტერიტორიების თანდათანობით მიტაცებას და ცდილობენ ოკუპირებული ტერიტორიების თითოეული მეტრით გაფართოებას.”
აშშ-ს საელჩო მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და 2008 წლის შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.
“მკაფიოა: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომა. გარდა ამისა, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ასი ათასობით დევნილმა და ლტოლვილმა შეძლოს საკუთარ სახლში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება,” – წერია განცხადებაში.
EU: აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთს კვლავ ჰყავს სამხედრო ძალები, რაც არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს, რომ “ბოლო თვეების განმავლობაში დაძაბულობა ძლიერი რჩება და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთს კვლავ ჰყავს სამხედრო ძალები, რაც არღვევს საერთაშორისო კანონამდებლობას და რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს, რომლებიც 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით არის გათვალისწინებული.”
ევროკავშირის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური ადამიანის უფლებები კვლავაც ირღვევა, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გზით – ე.წ. “ბორდერიზაციის”, კონტროლირებადი გადაკვეთის პუნქტების დროებითი დახურვისა თუ უკანონო დაკავებების საშუალებით.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი კვლავ გამოთქვამს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ლინას ლინკევიჩიუსი: ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია გრძელდება
“12 წელი გავიდა რუსეთის წინასწარგანზრახული აგრესიიდან საქართველოს მიმართ. სამწუხაროდ, გაკვეთილი ნასწავლი არ იქნა და ამას მოჰყვა აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. მცოცავი ანექსია და ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია გრძელდება. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი”, – წერს ლიეტუის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩიუსი.