ახალგაზრდული მოძრაობა Street Workout
სპორტულ მოედნებზე, ქუჩებში, პარკებში… მეტროშიც კი… ისინი ყოველ დღე, ყოველთვის ვარჯიშობენ _ ამინდის მიუხედავად. სპორტის ამ სახეობას, რომელიც სომხეთში ბოლო ოთხი წლის მანძილზე გავრცელდა, Street Workout ეწოდება. ამ დისციპლინის ძირითადი იდეის მიხედვით, ათლეტი პირდაპირ ქუჩაში ვარჯიშობს და ამისათვის იმ მომენტში მის ხელთ არსებულ საშუალებებს იყენებს. სპორტის ამ სახეობას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მისდევენ, მაგრამ განსაკუთრებული პოპულარობით პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სარგებლობს. სპორტსმენების მორიგი შეკრება მათი გაცნობის საბაბად იქცა.
არტურ არუთიუნიანი (მოძრაობა Street Workout Armenia-ს დამფუძნებელი)
‘2012 წელს, როდესაც Street Workout-ის სომხური ფედერაცია დავაფუძნეთ, ჩვენს ჯგუფში სულ რამდენიმე ათეული სპორტსმენი იყო. ახლა კი ამ დისციპლინას რამდენიმე ათასი ადამიანი მისდევს. ჩვენ სომხეთის 28 ქალაქში გვყავს წარმომადგენლები, რომლებიც ვარჯიშებსა და შეჯიბრებებში იღებენ მონაწილეობას’.
ყაზარ აკოფიანი (მოძრაობა Street Workout Armenia-ს დამფუძნებელი)
სულ
‘ეს სპორტული მოედანი ფედერაციის დაარსების წელს აშენდა. პარკის გარდაქმნის დროს ჩვენი თხოვნა გაითვალისწინეს და სპორტული ინვენტარის შეძენისა და აქ განთავსებისთვის საჭირო სახსრები გამოყვეს. ამ ადგილას ყოველთვის ბევრი ხალხია მთელი წლის მანძილზე. ჩვენ გარდა, აქ ისეთი ადამიანებიც ვარჯიშობენ, ვისაც საერთოდ არ ვიცნობთ _ მოკლედ ყველა, ვისაც სურვილი აქვს’.
ძმები სოსი და სარქისი
სარქისმა თავის ძმას მიჰბაძა (სოსი, უკვე დიდი ხანია, ვარჯიშობს) და ორი თვის წინათ ჯგუფს შეუერთდა. სკოლის შემდეგ ტყუპები ხშირად მოდიან აქ, რათა ერთმანეთს შეეჯიბრონ და მეგობრები იმ ვარჯიშებით გააკვირვონ, რომლებიც თვითონ მოიფიქრეს.
დაქალები – თომა, ანნა და სედა
Street Workout Armenia ამ გოგონებით ამაყობს. თავიდან გუნდს თომა და ანნა შეუერთდნენ, შემდეგ კი საქმეში სედაც ჩააბეს. ამბობენ, რომ ვარჯიშები აღნაგობას აუმჯობესებს და თან, მოვარჯიშე უკეთეს ფიზიკურ ფორმაში მოჰყავს, რათა საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი თავის დაცვა შეძლოს.
სირბილი
ზამთრის ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებელია სირბილი. კუნთების გასახურებლად საჭიროა რამდენიმე წრის შემორბენა. სიცივეში კუნთები უფრო მგრძნობიარეა და ამიტომ, გახურების გარეშე, მოვარჯიშემ შესაძლოა, ტრავმა მიიღოს.
მოთელვა
სირბილს მოთელვა და საერთო გასახურებელი ვარჯიში მოსდევს. ამასაც ერთად აკეთებენ, ხმამაღალი მუსიკის ფონზე, რათა განწყობა გაიუმჯობესონ. ცივ ზამთარში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
Freestyle
ვარჯიშის ბოლო ეტაპს ათლეტები freestyle-ს უწოდებენ. ამ დროს ჯგუფის ყველა წევრი ახალი ვარჯიშებსა და ტრიუკების დემონსტრირებას ახდენს. ირწმუნებიან, რომ ამ აქტივობების შესრულებისას უსაფრთხოების წესებს არასდროს ივიწყებენ.
Selfie – სამახსოვრო ფოტო
ბოლოს კი უკვე ტრადიციად ქცეული საერთო ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram) უნდა აიტვირთოს, რათა ცოტა წაიტრაბახონ. რატომაც არა!