ფაშინიანმა მისი მონაწილეობით ვიდეოს გავრცელების შემდეგ, თანამშრომლების გათავისუფლების ახალი ტალღა დააანონსა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო აპარატიდან თანამშრომელთა გათავისუფლების ახალი ტალღა დააანონსა. ამის შესახებ მან 19 აპრილს, ღამით, Facebook-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა.
ამავდროულად, ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ „ვენდეტა და საკადრო ბრძოლა“ არ იქნება. ის „ძველები“ წავლენ, რომლებმაც ვერ გაითავისეს მიღებული შანსი, განაცხადა მან.
სოციალურ ქსელში პრემიერის უკანასკნელი გამოსვლა გაისმა ვიდეორგოლის სკანდალის ფონზე, რომელიც 17 აპრილს პირდაპირი ეთერის მომზადებისას გადაღებული კადრებით იყო აწყობილი.
ამ დღეს, ფაშინიანმა მოქალაქეებს მიმართა ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლასა და მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებიც მიზნად ისახავს ეკონომიკური ზარალის განეიტრალებას.
მიმართვას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი იღებდა, მაგრამ მის ტრანსლირებას სხვა არხებიც ახდენდნენ.
ეთერისთვის მზადების დამონტაჟებული კადრები, რომელიც დაცინვის ელემენტებს შეიცავდა, სოციალურ ქსელებში გამოჩნდა და მისი აქტიური განხილვა დაიწყო. ვიდეოში ფაშინიანი ხუმრობს, სვამს ბოთლიდან, იღებს წამალს და ახველებს.
ვიდეორგოლს პრემიერის პრესმდივნის მკაცრი რეაქცია მოჰყვა. მან პირველი არხი არაპროფესიონალიზმსა და დაუდევრობაში დაადანაშაულა.
ამ ვიდეომ აღაშფოთა როგორც მმართველი პარტიის დეპუტატები, ასევე ოპოზიციონერი დეპუტატები და ომბუდსმენი.
როგორ გამოიყურება ერევანი პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის დროს. ვიდეო
რა თქვა პრემიერ-მინისტრმა
19 აპრილს, შუაღამისას, Facebook-ის საკუთარ გვერდზე, პირდაპირ ეთერში, ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლა ემოციური გამოდგა.
გამოსვლის ერთ-ერთი თემა, ვიდეორგოლი გახდა.
ფაშინიანის თქმით, ადამიანებს აღარ ეშინიათ, რომ ასეთი გამოხტომებისთვის სადმე დაიჭერენ, ცემენ ან მოკლავენ.
„წინა ხელისუფლების დროს, ადამიანებს ეშინოდათ ლანძღვისა და შეურაცხყოფის მიყენების, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხის გამო. დღეს, ასეთი კრიმინალური დაჯგუფებები, ქუჩის ავტორიტეტები აღარ არიან, რომლებიც ხელისუფლებას თავისთან ჰყავდა, რათა მოსახლეობა ტერორში ჰყოლოდა. დღეს ყველამ იცის, რომ ჩვენ ასეთ რამეზე არ წავალთ და აი, „განაგლდნენ“. მათ უნდათ ისე ქნან, რომ ჩვენზე იფიქრონ, როგორც უნებისყოფო, უხერხემლო ხელისუფლებაზე“.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გადახედავს საკუთარ კადრებს და სახელმწიფო აპარატიდან გათავისუფლების ახალი ტალღა დააანონსა:
„ჩვენ ვამბობდით, რომ ვენდეტა არ იქნება, იქნება სიყვარულისა და სოლიდარობის რევოლუცია. არ იქნება საკადრო ბრძოლა. და ჩვენი სიტყვა შევასრულეთ. ჩვენ სწორად მოვიქეცით, რომ პირობა შევასრულეთ. დავზარალდით თუ არა ამით? დიახ.
საკადრო წმენდა არ იქნება, მაგრამ ისინი, ვინც ბოროტად გამოიყენა „ხავერდი“, ადამიანები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს მიღებული შანსი… უნდა წავიდნენ სახელმწიფო მართვის სისტემიდან.
ის, რაც 2018 წელს მოხდა, ეს იყო ემოციები. ნამდვილი რევოლუცია ახლა მიმდინარეობს“.
რატომ გამოჩნდა ვიდეორგოლი: პირველი არხის ვერსია და პრემიერის აპარატის პასუხი
პირველი არხი Facebook-ის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ამტკიცებს, რომ არანაირი კავშირი არ აქვს კადრების გავრცელებასთან – რადგან, ხელისუფლების მოთხოვნით, ტრანსლაციასთან ღია წვდომა ჰქონდა კიდევ რვა სხვა ტელეკომპანიას.
„ყველა ტელეკომპანია, რომლებიც გადასცემდნენ პრემიერ-მინისტრის მიმართვას, ასევე იღებდნენ ტექნიკურ ვიდეოსიგნალს… ტრანსლაციის დაწყებამდე, ტელეკომპანიის თანამშრომლებმა ხმამაღლა აცნობეს ადგილზე მყოფებს: ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ. ეს სავალდებულო პროცედურაა“, – ნათქვამია განცხადებაში.
თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ამ განცხადებამ არ დააკმაყოფილა პრემიერ-მინისტრის პრესმდივანი, მანე გევორგიანი.
მისი თქმით, ეთერის დაწყებამდე, მხოლოდ ნიკოლ ფაშინიანის ფოტოები უნდა გასულიყო და დანარჩენ ტელეარხებს ტრანსლაციასთან წვდომა უშუალოდ ეთერში შესვლამდე რამდენიმე წამით ადრე უნდა ჰქონოდათ, „და არა 5, 10, 15 ან 20 წუთით ადრე“.
„პრემიერი არ გააფრთხილეს, რომ ის უკვე პირდაპირ ეთერში იყო, თუნდაც, ტექნიკურში. პრემიერის აპარატი ადეკვატურ განმარტებებს ელოდება“, – განაცხადა მანე გევორგიანი .
ნიკოლ ფაშინიანს არაერთხელ გაუკრიტიკებია საზოგადოებრივი მაუწყებელი არაკორექტული ინფორმაციის გავრცელებისთვის ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც თავად ოპოზიციაში იმყოფებოდა.
2018 წლის გაზაფხულის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ, როდესაც ის ხელისუფლებაში მოვიდა, ტელეარხზე სერიოზული საკადრო ცვლილებები განხორციელდა. მაგრამ გენერალური დირექტორი მარგარიტა გრიგორიანი თანამდებობაზე დარჩა.
მმართველი პარტია: საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხია
საპარლამენტო უმრავლესობა მომხდარს საინფორმაციო უსაფრთხოებას უკავშირებს. ფრაქცია „ჩემი ნაბიჯის“ ხელმძღვანელის, ლილიტ მაკუნცის აზრით, პრემიერს, შესაძლოა, ეთქვა წინადადება ან ფრაზა, რომელიც არაფერს ეტყოდა დამსწრეებს, მაგრამ გამხდარიყო სერიოზული პრობლემა უსაფრთხოებისთვის.
ამასთან დაკავშირებით, „ჩემს ნაბიჯში“ ელიან, რომ დამნაშავეების ვინაობა მალე გაირკვევა და ისინი საკადრისად დაისჯებიან.
ომბუდსმენმა, არმან ტატოიანმა სოციალურ ქსელებში გამოჩენილი ვიდეორგოლი შეაფასა, როგორც პრემიერ-მინისტრის დაცინვის ამორალური მცდელობა.