ცალმხრივი სამშვიდობო პოლიტიკის მოკრძალებული შედეგები
როდესაც შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის დაკავებას დავთანხმდი, რასაკვირველია, წარმოდგენილი მქონდა, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა სახელმწიფოსთვის და კერძოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დარჩენილი მოსახლეობისთვის. მაშინ ვფიქრობდი, რომ დასახული მიზნების 80 პროცენტი თუ გამოვიდოდა, ძალიან კარგი იქნებოდა. მაგრამ დღეს რომ ვუყურებ, შეიძლება გამოვიდა მხოლოდ 30 პროცენტი.
თუმცა რომ ვაფასებთ იმ სირთულეებს და პრობლემებს, ესეც უკვე კარგ შედეგად მიმაჩნია.
პირველი შედეგი. ომი – არ იქნება
მთავარი შედეგი ის არის, რომ ჩვენ გადავტეხეთ წელში 25-წლიანი პრაქტიკა, როცა თბილისი კარნახობდა სოხუმს და ცხინვალს პოლიტიკას, “როგორც ჩვენ გვინდა, ისე იქნება”..
სამწუხაროდ, ამგვარმა პოლიტიკამ მოიტანა შედეგად 2008 წელი – როდესაც პოლიტიკოსი ხშირად იყენებს მილიტარისტულ რიტორიკას, მისი მძევალი ხდება და სამშვიდობო მოლაპარაკებების შანსებს არ იტოვებს.
სწორედ ეს დაემართა იმდროინდელ “ნაციონალურ მოძრაობას”. მათ ეგონათ, რომ ასეთი როტორიკით ფონს გავიდოდნენ და ძალისმიერი, გუსარული განცხდებებით მიაღწევდნენ წარმატებას.
რუსეთმა მშვენივრად მოახერხა, გამოეყენებინა ნაციონალური მოძრაობის ავანტიურისტული და ვოლუნტარისტული პოლიტიკა და და საბოლოო ჯამში ყველაფერი 2008 წლის საომარი მოქმედებებით დაგვირგვინდა. შედეგად მივიღეთ ტერიტორიების ოკუპაცია, შემდეგ კი ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება.
ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა შეეჩერებინა ეს პროცესი, რომელიც შეიძლებოდა გაქანებული მატარებლისთვის შეგედარებინა. ჩვენი ამოცანა იყო ამ აგრესიული მატარებლის გაჩერება, უკან დახევა და მისი სხვა რელსებზე გადაყვანა. მგონი, ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ეს შევძელით.
ჩვენი ახლანდელი მესიჯი ასეთია: მხოლოდ სამშვიდობო პოლიტიკის მომხრეები ვართ; ანუ გამოვრიცხავთ ჩვენს ხალხთან, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან, ყოველგვარ საომარ მოქმედებას.
შესაბამისად, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გარე ძალებს ჩვენს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების განახლების საშუალება არ მისცეს.
მეორე შედეგი. დე-ფაქტო ხელისუფლება მზად არ არის ადეკვატური რეაგირებისთვის
მეორე შედეგია აფხაზეთისა და ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებების მხრიდან პოლიტიკის შეცვლა.
ისინი მიჩვეულები იყვნენ გამკვლავებოდნენ ქართულ აგრესიას, ქართულ აგრესიულ რიტორიკას. “ქართველი ასე მიტევს და მეც შესაბამისად შევუტევ. როცა ქართველი აღარ უტევს აგრესიული რიტორიკით, მას არ აქვს გამომუშავებული სტანდარტი თუ როგორ შეეწინააღმდეგოს ყველაფერ ამას.
საქართველოს მხრიდან პოლიტიკის შეცვლას ისინი მოუმზადებელები შეხვდნენ. მათ არ აქვთ საშუალება წარმოაჩინონ აგრესორი საქართველო. დღეს მათი პროპაგანდისტული მანქანა მომართულია დაფაროს, დაუმალოს თავის მოსახლეობას ინფორმაცია კარგ საქართველოზე.
აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებები სიტუაციას მართავენ, თუმცა მოსკოვზე არიან დამოკიდებულები. მათი ლეგიტიმაცია განსაზღვრულია იმით – დააჯერონ მოსახლეობა, რომ რუსეთი უფრო კარგია, ამიტომ ის რაც ხდება, არამარტო გამშვები პუნქტების შემცირება, არამედ გალის სკოლებში ქართული ენის მიმართ ასეთი სერიოზული შეტევა და სხვა სამოქალაქო უფლებების შეზღუდვა – ყველაფერი ეს არის უპერსპექტივო პასუხი ქართულ პოლიტიკაზე.
ჩვენ რა არჩევანი გვაქვს? შევაჩეროთ ქართული პოლიტიკა? სამშვიდობო პოლიტიკა და დავუბრუნდეთ აგრესიულ პოლიტიკას? ეს არის გამოსავალი თუ განვაგრძოთ წარმატებული პოლიტიკა, ვინაიდან ისინი აშკარად ანგარიშს უწევენ ქართულ სამშვიდობო პოლიტიკას.
დღესდღეობით, რუსეთის ძალა მსოფლიო არენაზე მისი რაკეტებისა და ტანკების რაოდენობით განისაზღვრება. ჩვენ კი მას იმ იარაღით უნდა ვაჯობოთ, რაც მას არ გააჩნია. ეს არის – მშვიდობა, დემოკრატია, უსაფრთხოება და განვითარება. ის აქ უძლურია. რუსეთი ყველგან აგებს სადაც არის დემოკრატია და მშვიდობა.
ამიტომ, ვალდებულები ვართ, დავარწმუნოთ სამხრეთ ოსეთისა და აფხზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა, რომ მშვიდობა – ეს ქართველი ხალხის არჩევანია, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენვე გვჭირდება.
მესამე შედეგი. თბილისი მიმზიდველი ხდება აფხაზეთის და სამხრეთი ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის
ხელისუფლებაში ჩვენი ოთხწლიანი ყოფნის კიდევ ერთი მიღწევა ის არის, რომ თუკი წინათ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან თბილისში მოგზაურობას ერთეულები ბედავდნენ, ახლა იქიდან ჩამოსულების რიცხვი მნიშვნელოვნად გაზრდილია.
ძირითადად, სამკურნალოდ ჩამოდიან. თუმცა სხვა მიზნებისთვისაც. რადგან დანარჩენ საქართველოში, სოჭსა და ვლადიკავკაზთან შედარებით, ადვილია იყიდონ უფრო იაფი პროდუქტი და შეიტანონ მერე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.
შესაბამისად ვაჭრობა აქეთ შემოტრიალდა და ფასი დაედო ქართულ მოსახლეობას, როგორც გალის რაიონში, ისე ახლაგორის რაიონში. ისინი არიან შუამავლები ამ სავაჭრო ურთიერთობებში და ფასი დაედო ქართული მოსახლეობის სამშვიდობო პოტენციალს. ჩვენ გულწრფელად ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მათ აღარ უყურებენ, როგორც „მეხუთე კოლონას“.
რაც აშკარად გვინდა არის ის, რომ ოსურ და აფხაზაურ საზოგადოებაში შევქმნათ განწყობა, რომ ეთნიკური ქართველები მცხოვრები სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიებზე, არის იმის მტკიცებულება, რომ ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის შეიძლება მშვიდობა დამყარდეს. მსოფლიოს ვუმტკიცებთ უკვე, რომ ევროპის არც ერთ კონფლიქტურ ზონაში – კოსოვოში, ყარაბაღში ან კვიპროსზე – დაპირისპირებული ხალხების წარმომადგენლები არსად ერთად არ ცხოვრობენ. ეს მხოლოდ ჩვენთან ხდება. რა თქმა უნდა თანაცხოვრების პერიოდში პრობლემები ბევრია, მაგრამ ეს თანაცხოვრება ადასტურებს, რომ ქართველებსა და აფხაზებსა და ოსებს შორის საერთო უფრო მეტია ვიდრე განსხვავება.
მეოთხე შედეგი. გარანტირებული უსაფრთხოება
აფხაზეთში ხშირად ამბობენ, რომ მათთვის ყველაზე მთავარი ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა იქნებოდა. ამაზე იოლი რა არის! მე, როგორც სახელმწიფო მინისტრი, არ ვარ წინააღმდეგი ხელი მოეწეროს ამგვარ დოკუმენტს ქართულ-აფხაზურ და ქართულ -ოსურ დონეზე. მაგრამ ეს უნდა მოხდეს მას შემდეგ რაც ხელი მოეწერება საქართველო–რუსეთს შორის ძალის არ გამოყენების შესახებ ხელშეკრულებას, რადგან იქ დგას რუსეთის საოკუპაციო ძალები.
ეს ხომ აშკარაა. ვთქვათ, ჩვენ მოვაწერეთ ხელი აფხაზეთთან რაღაც ტექსტს, რუსი რომ დაძრავს თავის ტანკს, ამ დოკუმენტით დავუდგეთ წინ?
აფხაზურ და რუსულ მხარეებს შორის, ისევე როგორც რუსულ და ოსურ მხარეებს შორის, არსებობს რამდენიმე ხელმოწერილი ეგრეთ წოდებული შეთანხმება ჯარების გაერთიანებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურით ერთობლივი სარგებლობის შესახებ. ანუ ვისთან უნდა მოვაწეროთ ხელი ტექსტზე? ის მხარე ვინც მოითხოვს ამ ტიპის დოკუმენტზე ხელმოწერას, რა გარანტიების მფლობელია, როცა რუსეთი მართავს იქ ყველაფერს.
ამასთან, საქართველომ თავის მხრივ ყველაფერი გააკეთა, რაც კი შეიძლებოდა. საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 2011 წელს განაცხადა სტრასბურგში ძალის გამოუყენებლობაზე ცალმხრივი ვალდებულების აღების შესახებ. 2013 წლის 7 მარტს კი პარლამენტმა ანალოგიური რეზოლუცია მიიღო. ასევე, საქართველომ ევროკავშირის 27 ქვეყანასთან მოაწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებას – ყველასთან ცალ-ცალკე. და ყველგან მითითებულია, რომ საქართველომ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება აიღო.
მეხუთე შედეგი. განვითარების რეალური პერსპექტივის შეთავაზება თბილისისგან
ამჯერად დღის წესრიგში შემდეგი ამოცანა დგას – მშვიდობიანი ფორმით, უომრად აფხაზებისა და ოსების ერთობლივ სახელმწიფოში ცხოვრების პერსპექტივით დაინტერესება.
ლაპარაკია ფედერალიზმზე. ეს ჩემი პოზიციაა. როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენს პროგრამაში არსად არ იყო ნახსენები ფედერალიზმი. მაგრამ მომავალში მე გამოსავალს მხოლოდ ამ ფორმატში ვხედავ.
ჩემი აზრით, საქართველოს ფედერალიზაცია ვერ ასცდება. ისტორიულად, ჩვენი სახელმწიფო, რეგიონებისგან შემდგარი სახელმწიფოა – ქართლი, კახეთი, იმერეთი და ა. შ. რეგიონალიზმი გენეტიკურად მოგვდგამს.
თანაც, რაკი ევროპის მიმართულებით მივიწევთ, იქ ერთ-ერთ უმთვრეს საკითხად რჩება სეპარატიზმი. ეს პრობლემა უდგას ბელგიას, დიდ ბრიტანეთს, ბალკანეთის ქვეყნებს, ესპანეთს, კვიპროსს და ასე შემდეგ. უახლოესი 10 წლის განმავლობაში ევროპას მოუწევს ამ საკითხების მიმართ პოლიტიკის ჩამოყალიბება და ეს პოლიტიკა ხელისუფლების დეცენტრალიზაციისკენ უფრო ინება მიმართული, ვიდრე ცენტრალიზაციისკენ.
მეგობრებთან ერთად ჯერ კიდევ 2003 წელს შემუშავდა კონცეფცია, სადაც მთელი ეს რთული საკითხები გაწერილია. ჩემი აფხაზი ოპონენტები მეუბნებიან, რომ ამ კონცეფციის განხორციელება უკვე დაგვიანებულია. თუმცა, მე გულწრფელად მწამს, მისი დრო ჯერ არც დამდგარა. ეს კონცეფცია ძალიან ადრე დაიწერა. ხშირად ამბობენ – მატარებელმა უკვე ჩაიარაო. ჰოდა, ეს მატარებელი ჯერ სადგურიდანაც არ დაძრულა.
ლაპარაკია ასიმეტრიულ რეგიონალიზმზე – სხვადასხვა რეგიონისთვის სხვადასხვა უფლებამოსილებებით, როგორც, მაგალითად, დიდ ბრიტანეთშია – იქ შოტლანდიას, ჩრდილოთ ირლანდიასა და უელსს მნიშვნელოვნად განსხვავებული უფლებები და შესაძლებლობები აქვთ. ასეთივე მაგალითების მოძებნა შეიძლება გერმანიაში და ესპანეთშიც და სხვა განვითარებულ სახელმწიფოებში.
თუ კონკრეტულად რა უფლებამოსილება მიენიჭება აფხაზეთს – ეს მოლაპარაკებების პროცესში გაირკვეოდა. ეს ის არის, რაც საქართველომ თეორიულად შეიძლება შესთავაზოს აფხაზეთის საზოგადოებას.
ახლა ვნახოთ – თუ რას სთავაზობს თავის საზოგადოებას აფხაზეთის ახლანდელი ხელისუფლება?
მშობლიურ ენაზე სწავლების შეზღუდვა, გადაადგილების შეზღუდვა, საკუთრებაზე ხელიმისაწვდომობის შეზღუდვა. ვის მოეწონება ასეთი “სახელმწიფო”?
მე აფხაზებს ასეთი წინადადებით მივმართავდი: მოდით, პირისპირ განვიხილოთ თქვენი ყველანაირი შიში. ერთობლივად დავწეროთ მოქმედების ისეთი გეგმა, ისეთი სახელმძღვანელო დავწეროთ, რომელიც თქვენთვისაც მისაღები იქნება და ჩვენთვისაც. გალის რაიონი ისეთი ფენომენია, რომ საქართველო ვერ მართავს იქ სიტუაციას აფხაზური საზოგადოების გარეშე და ვერც აფხაზური საზოგადოება მართავს სიტუაციას გალში დანარჩენი საქართველოს გარეშე. რატომ ვაწვალებთ ერთმანეთს? არ ჯობს, ერთმანეთის ჯიბრზე კი არა, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით მივიდეთ საერთო შედეგამდე.
ჩვენი საერთო ინტერესია ერთობლივად მუშაობა. უცხოური მოდელები შემოვიტანოთ. მაგალითად, რომ ვანხოთ, თუ როგორ სწავლობენ შვეიცარიაში. შვეიცარიაში ოთხი სახელმწიფო ენაა. როოგორ იწყებენ ბავშვები აქ სწავლას დაწყებით კლასებში? როგორ გადადიან სხვა ენებზე? დავნერგოთ საზღვარგარეთული მოდელი გალის რაიონში.
სხვა საკითხია – თავისუფალი გადაადგილება. შემიძლია აფხაზეთის ნებისმიერ მკვიდრს ვუთხრა:
რუსულ პასპორტებს რომ იღებენ ამით ხომ არ აღიარებენ, რომ აფხაზეთი რუსეთის ნაწილია. საქართველოს პასპორტის აღებას მხოლოდ ჰუმანური დატვირთვა აქვს. ამით ისინი უფრო თავისუფლად გადაადგილდებიან მთელ მსოფლიოში. ყველგან ნუ ვხედავთ პოლიტიკას. ჩვენ თქვენ თავისუფალ გადაადგილებას გთავაზობთ – რაიმე პოლიტიკური პირობების გარეშე.
მეექვსე შედეგი. ოსურ და აფხაზურ მხარეებთან უშუალო კონტაქტი არ არსებობს
მრავალ საკითხში შეიძლება გამოსავლის მოძებნა, თუ მას ეძებ. მაგრამ, ჩემი მინისტრად ყოფნის ოთხი წლის განმავლობაში აფხაზეთის არც ერთ ოფიციალურ წარმომადგენელს ჩემთვის პირდაპირი კითხვით არ მოუმართავს.
ჟენევის ფორმატი – ეს ქართულ-რუსული ფორმატია. სადაც აფხაზური და ოსური თემებიც განიხილება რუსეთის მხარესთან ერთად. რუსეთთან ჩვენ ჩვენი ანგარიშები გვაქვს; ზუსტად ისე, როგორც აფხაზებს და ოსებს აქვთ ჩვენთან თავისი ანგარიშები. ნუთუ აფხზებს და ოსებს არ უნდათ ჩვენთან საუბარი რუსეთის, ან თუნდაც სხვების გარეშე? თქვენ ხომ ჩვენთან გაქვთ ეს პრობლემები. რა იქნება, ამაზე რომ ვიმსჯელოთ? მე, მაგალითად, მინდა აფხაზებსა და ოსებს დაველაპარაკო რუსი წარმომადგენელების გარეშე.
როგორ ფიქრობენ აფხაზები, რუსეთი დაუშვებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას? მე არ მჯერა ამის. გულწრფელად ვარ დარწმუნებული ჩემს ეჭვებში, რომ რუსეთი არ დაუშვებს შავიზღვის სანაპიროზე, აფხაზეთის დამოუკიდებლობას ხელი შეიწყოს. ყირიმის მაგალითი მათთვის სერიოზული მინიშნება უნდა იყოს.
ეთნიკურ აფხაზებს საქართველოს ხელში ეთნოსად გადარჩენის მეტი შანსი აქვს, ვიდრე – რუსეთის ხელში. მაპატიეთ, მაგრამ საკითხი სწორედ ასე დგას: ისინი დამოუკიდებლობას ვერ მიიღებენ. შესაბამისად, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს რჩებათ შესაძლებლობა, საქართველოსა და რუსეთს შორის, მართონ თავიანთი ინტერესების რეალიზაცია. საერთაშორისო სამართალი მკაფიოდ საქართველოს მხარესაა. აქედან გამომდინარე, რუსული არჩევანიც არარეალური და ეფემერულია. ან უნდა ვწელოთ დრო და ვკარგოთ ძვირფასი წლები უაზრო ლოდინში, ან ღირს საქართველოსთან ვაჭრობა. რუსეთთან კი ვაჭრობა წარმოუდგენელია.
ამიტომ, ვფიქრობ, რომ აფხაზი ხალხი დღეს სტრატეგიული, მეტიც – მენტალური გამოწვევის წინაშე დგას. საქართველოს უახლოეს 10-15 წელიწადში ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნად ვხედავ. საქართველო, ნებისმიერ შემთხვევაში იარსებებს როგორც წარმატებული დემოკრატიული სახელმწიფო; ისევე როგორც რუსეთი იარსებებს, როგორც წამყვანი რეგიონული სახელმწიფო. მაგრამ, აფხაზეთს რა პერსპექტივები აქვს? ვის ინტერესებშია აფხაზეთის დამოუკიდებლობა?
ახლა საქართველოში მორიგი არჩევნები მოდის. ისე ჩანს, რომ ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” დარჩება. ანუ სამშვიდობო პოლიტიკა არსებითად არ უნდა შეიცვალოს. შესაბამისად უპრეცედენტო 4 წლიანი სამშვიდობო პოლიტიკა სულ ცოტა ასევე 4 წლით გახანგრძლივდება. 8 წლიანი მშვიდობა სერიოზული ფუნდამეტია ნებისმიერი სტრატეგიული ცვლილებებისთვის.
კითხვაზე, თუ რისთვისაა მზად საქართველო აფხაზურ თუ ოსურ საზოგადოებებთან ურთიერთობაში, მე ასეთი პასუხი მაქვს: ჩვენ მზად ვართ ორმხრივი შეხვედრებისთვის და ნებისმიერი საკითხის დაწვრილებით განხილვისთვის. უნდა დასრულდეს ერთმანეთთან ტელევიზორით და საეჭვოდ თარგმნილი ტექსტებით საუბარი.
პაატა ზაქარეიშვილი. ფოტო: saqinform.ge
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია ავტორის პოზიციას გამოხატავს, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს.
გამოქვეყნდა 30.05.2016