პროგნოზი აშშ-ში მსხვერპლის შესაძლო რაოდენობის შესახებ: 100-დან 240 ათასამდე ადამიანი
დაინფიცირებული ავიამზიდი და კრიტიკულად არასაკმარისი ხელოვნური სუნთქვის აპარატები – ტრამპმა, როგორც იქნა, სიტუაცია სერიოზულად შეაფასა.
პროგნოზი
აშშ-ის პრეზიდენტთან არსებული კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა პროგნოზი გააკეთა: ისინი ელიან, რომ დაავადების მსხვერპლი, შესაძლოა, 100-დან 240 ათასამდე ადამიანი გახდეს.
2020 წლის 2 აპრილს, აშშ-ში, კორონავირუსით ინფიცირების 215,300 შემთხვევაა დადასტურებული – მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. გარდაიცვალა 5,110 ადამიანი.
2 აპრილს, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 936,204-ს შეადგენს. დაიღუპა 457,249 ადამიანი. გამოჯანმრთელდა – 194,578.
ავიამზიდი და ნიუ იორკი – მთავარი დაზარალებულები
მთავარი ახალი ამბავი გახდა, კუნძულ გუამის პორტთან მდგარ ავიამზიდ „თეოდორ რუზველტზე“ მყოფი მეზღვაურების კორონავირუსით დაინფიცირება. ეკიპაჟის 4 000 წევრიდან, ტესტზე დადებითი პასუხი უკვე 100-ზე მეტს აქვს.
კაპიტანმა ბრეტ კროზიერმა ხელმძღვანელობას ოთხგვერდიანი წერილი მიწერა, სადაც გააფრთხილა, რომ ავიამზიდს იზოლაციისთვის საკმარისი შესაძლებლობები არ გააჩნია. წერილში ნათქვამია, რომ ეკიპაჟის გადასარჩენად, მისი დაუყოვნებლივი ევაკუაციაა საჭირო.
«ჩვენ ომში არ ვართ. მეზღვაურები არ უნდა დაიღუპონ», – დაწერა კროზიერმა.
ნიუ იორკის პორტში დგას მცურავი სამხედრო ჰოსპიტალი. მისი ამოცანაა – მიიღოს ჩვეულებრივი დიაგნოზის მქონე პაციენტები, რათა დატვირთვა შეუმსუბუქდეს ქალაქის საავადმყოფოებს, რომლებიც კორონავირუსის შემთხვევებზე მუშაობენ.
თვითონ ნიუ იორკში, საკულტო ცენტრალურ პარკში, გაშლილია საველე ჰოსპიტალი. ეს ქალაქი პანდემიის ეპიცენტრი გახდა. აქ, თითქმის ორი ათასი ადამიანი გარდაიცვალა.
პრეზიდენტმა ტრამპმა სიტუაციის სერიოზულობა გააცნობიერა
დიდი ხნის განმავლობაში, ამერიკული მედია პრეზიდენტ ტრამპს აკრიტიკებდა იმის გამო, რომ მან:
● თავიდან უარყო ეპიდემიის საფრთხე;
● შემდეგ შეამცირა მისი მასშტაბები;
● აკრიტიკებდა გუბერნატორებს, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, საკუთარ შტატებში საგანგებო მდგომარეობას აცხადებდნენ.
იმის გათვალისწინებით, თუ როგორი სერიოზული და დაძაბული იყო ტრამპი 1 აპრილის პრესკონფერენციაზე, რომლის დროსაც მსხვერპლის შესაძლო რაოდენობაზე ისაუბრეს – 100-დან 240 ათასამდე, როგორც ჩანს, მან ბოლოს და ბოლოს გააცნობიერა სიტუაციის სერიოზულობა.
«იმის გამო, რომ დრო დაიკარგა – ახლა, შესაძლოა, ადამიანთა სიცოცხლე დავკარგოთ», – განაცხადა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოუსიმ.