კორონავირუსი: 25-ე შემთხვევა საქართველოში და სამი სცენარი ჯანდაცვის სამინისტროსგან
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25-ე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გევრდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ამასთან, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში 295 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 49 ადამიანი გადის.
ამირან გამყრელიძე: “შემთხვევები მოიმატებს”
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ შემთხვევების სერიოზული ზრდაა მოსალოდნელი.
“არ ვაშინებ არავის, მაგრამ მოსალოდნელია შემთხვევების სერიოზული ზრდა. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ – მზად უნდა იყოს სახელმწიფო, ჯანდაცვის სექტორი, სხვადასხვა სექტორები, მზად უნდა იყოს კერძო სექტორი”.
ის მოუწოდებს კერძო კლინიკებს ჩაერთონ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფოსთან ერთად:
“პანდემიამ არ იცის, კერძო რომელია და სახელმწიფო – რომელი, ყველამ ერთად უნდა ვიმოქმედოთ,” – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ “იმედის” ეთერში.
საქართველოში ჰოსპიტლების 90% არის კერძოა.
გამყრელიძე მოუწოდებს მათ მფლობელებს სოლიდარობა გამოიჩინონ.
“მე კერძო ვარ და არ მივიღებ ამ ავადმყოფს, დაუშვებელია ასეთი მიდგომა, აუცილებელია, რომ ყველა კერძო ქსელმა, თუ კერძო საავადმყოფოს მმართველმა, გაითვალისწინოს ის საშიშროება, რაც არის მსოფლიოში”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
• კორონავირუსი: გამოცხადდა პანდემია. რას ნიშნავს ეს და რას უნდა ველოდოთ
• 2-წუთიანი ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი კორონავირუსისგან
• კორონავირუსი: არავითარი ხელის ჩამორთმევა, მისალმება იდაყვებითა და ფეხსაცმლებით. ვიდეო
• ყველაფერი კორონავირუსის შესახებ
სამი სცენარი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ადასტურებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებას და აღნიშნავს, რომ ქვეყანას კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასთან დაკავშირებით სამი სავარაუდო სცენარი აქვს მზად.
პირველი სცენარი: გულისხმობს მცირე რაოდენობის ინფიცირებულ პაციენტებს. რაც შეიძლება შედარებით ხანგრძლივი პროცესი იყოს.
“შესაძლოა, რომ ჩვენ ძალიან მსუბუქად გადავივლით ამ პანდემიას საქართველოში და ინფექციის გავრცელება, პაციენტების რაოდენობა ნაკლები იქნება,” – აღნიშნა ტიკარაძემ.
მისი თქმით, ეს უფრო დროში გაწელილი სცენარია.
მეორე სცენარი: პაციენტების რაოდენობა ასეული იქნება.
“ასევე არის საშუალო სცენარი, რომელიც შეიძლება 12 კვირის განმავლობაში გრძელდებოდეს და ის ქვეყანაში რამდენიმე ასეულ პაციენტს გულისხმობს,” – ამბობს ტიკარაძე.
მესამე სცენარი: ეს არის ყველაზე მძიმე სცენარი, რომლის დროსაც ქვეყანაში მძიმე პაციენტების რაოდენობა 400-მდე იქნება.
„არსებობს კიდევ უფრო რთული სცენარი, როდესაც შეიძლება გვყავდეს დაახლოებით 400-მდე უკვე მძიმე პაციენტი, რომლის მართვაც, რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენი ინფრასტრუქტურა და ასევე საექიმო პერსონალი მომზადებული გვყავს იმისთვის, რომ ამ საგანგებო მდგომარეობაში შესაბამისად შევძლოთ მუშაობა. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს საფუძველი, მშვიდად ვიყოთ, მაგრამ არ გვაქვს საფუძველი, მოვდუნდეთ და მობილიზებულები არ ვიყოთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.