ნოემბრის უჩვეულოდ სუსხიანი საღამოს მიუხედავად, 7 ნოემბერს, მორიგ, ტრადიციულ “შაბათის მარშზე”, კვლავ ასობით ადამიანი შეიკრიბა თბილისში. აქციის მონაწილეებმა რამდენიმე კილომეტრი გაიარეს ავლაბრის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე.
საქართველოს, ევროკავშირისა და უკრაინის დროშები ცივ ქარში კიდევ უფრო განსაკუთრებულად ფრიალებდა.
ეს იყო უწყვეტი საპროტესტო აქციის 710-ე დღე და 47-ე შაბათის მარში. „შაბათის მარშების“ ტრადიცია 2025 წლის დეკემბერში ჩამოყალიბდა, როგორც 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული უწყვეტი საპროტესტო მოძრაობის გაგრძელება.
მარშზე გაცილებით მეტი ადმიანი გამოდის, ვიდრე ყოველდღიურ აქციებზე. ეს მარში, ერთგვარი სიმბოლური გახსენებაა ხელისუფლებისთვის, რომ პროტესტი არსად წასულა და ქვეყანაში იმაზე მეტი ადამიანია გაბრაზებული, ვიდრე ეს უწყვეტ პროტესტზე ჩანს.
მარშს ყოველთვის უერთდებიან, და უმეტესად, წინ მიუძღვიან, ბოლო ორ წელიწადში, საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების მშობლები, შვილების ფოტოებით.
ბოლო პერიოდში მარშს უერთდება თამარ ბაჩალიაშვილის დედაც. ბაჩალიაშვილი ახალგაზრდა IT ქალი იყო, რომელიც საეჭვო ვითარებაში იპოვეს გარდაცვლილი. გამოძიებამ საქმე თვითმკვლელობის მუხლით გამოიძია და დახურა.
მისი მშობლები ეჭვობენ, რომ ის მოკლეს და ითხოვენ, თავიდან დაიწყოს გამოძიება
თითქმის ორი წელია საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ყოველ საღამოს იკრიბებიან ქვეყნის დედაქალაქში, თბილისსა და საქართველოს რამდენიმე პატარა ქალაქში.
აქციების მიმდინარეობისას ათობით ადამიანი დააკავეს. ბევრ მათგანს სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს და პატიმრობა მიუსაჯეს. პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, გვყავს 150-მდე სინდისის პატიმარი, მათ შორის ქალები. დაპატიმრებულია გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი. მას ორწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი პოლიციელისთვის სილის გაწვნის ფაქტზე.
აქციის მონაწილეები ითხოვენ გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გაუქმდეს ყველა ის ანტიდემოკრატიული კანონი, რაც ბოლო ორ წელიწადში მიიღო “ქართულმა ოცნებამ”.
პროტესტის ჩასახშობად, “ქართული ოცნება” სულ უფრო ამკაცრებს რეპრესიებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ. თუმცა, უწყვეტი პროტესტი, სხვადასხვა ფორმით, დღემდე გრძელდება.