ძაღლების დამარხვის შემზარავი კადრები თბილისში. რა ხდება მიუსაფარი ცხოველების თავს საქართველოში
ძაღლების სამარხები თბილისში
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა და აქტივისტებმა თბილისში მკვდარი ძაღლებით სავსე სამარხები იპოვეს – დიდ ორმოებში ერთად ჩაყრილი ათობით ძაღლი. აქტივისტები ეჭვობენ, რომ ეს თბილისის ქუჩებიდან აყვანილი, ჯანმრთელი ცხოველების სამარხებია.
მკვდარი ცხოველების სხეულის ფორმისა და სახის გამომეტყველებაზე დაყრდნობით, ვეტერინარები ვარაუდობენ, რომ სიკვდილამდე ძაღლები სასტიკად იტანჯებოდნენ.
გავრცელებულ, შემზარავ კადრებს, სოციალურ ქსელში დიდი აღშფოთება მოჰყვა. ცხოველთა უფლებადამცველებმა სასწრაფო გამოძიების დაწყება მოითხოვეს. 1 ნოემბერს, კვირა საღამოს, თბილისში ხალხმრავალი საპროტესტო აქციაც გაიმართა.
თბილისის მერია ბრალდებებს ჯანმრთელი ძაღლების დახოცვაზე, უარყოფს. უწყება გავრცელებულ ინფორმაციას მიზანმიმართულ დეზინფორმაციას უწოდებს. მერია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ემუქრება აქტივისტებს, რომელთაც სამარხები თვითნებურად გახსნეს.
- ბოლო ორ კვირაში საქართველოს ორ რეგიონში გამოცხადდა კარანტინი ცოფის გამო. რა ვიცით?
- ცხოველთა დამცველები: არ მიიღოთ კანონი, უამრავ მიუსაფარ ცხოველს დახმარების გარეშე დატოვებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით. ამ მუხლით ჩადენილი დანაშაული ცხოველის წამებას, სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.
რა ვიცით ამ დროისთვის თბილისში აღმოჩენილ ძაღლების სამარხებზე. რატომ არ ენდობიან ცხოველთა უფლებადამცველები თბილისის მერიას და სპეციალურ სამსახურებს და რატომ ვერ აგვარებს ქვეყანა, წლებია, მიუსაფარი ცხოველების პრობლემას?
ძაღლების სამარხები თბილისში – ღამის რეისები ველის სასაფლაოზე

თბილისის ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრიდან, გვიან ღამით, სიბნელეში, თეთრი მიკროავტობუსი გამოდის. ავტომობილს თავშესაფრის სიმბოლიკა მოხსნილი აქვს. ცოტა ხანში მანქანა თბილისის გარეუბანში, ლილოს დასახლებასთან არსებულ, ველის სასფლაოზე ჩერდება. მანქანის ძრავა ისევ მუშაობს, მაგრამ, მძღოლი ფარებს აქრობს.
ავტომობილიდან ორი ადამიანი გადმოდის. მათ ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის უნიფორმები აცვიათ და ხელებზე ხელთათმანები უკეთიათ. ზოგჯერ წითელი, ზოგჯერ ლურჯი, ერთჯერადი. ისინი ღამის სიბნელეში, მანქანიდან ცხოველების გვამებს იღებენ და ორმოებში ისვრიან.
ასე გრძელდება რამდენიმე ღამის განმავლობაში. ერთ-ერთ ღამეს ორმოში შვიდ ძაღლს აგდებენ. მერვე მანქანის სიახლოვეს ვარდება. სიბნელეში კარგად ჩანს, როგორ გადაათრევს მას კაცი, წითელი ხელთათმანით, სამარხამდე.
მესამე ღამეს, როდესაც სამარხი ცხოველებით ამოივსება, მიწის მიყრას იწყებენ. ესეც სიბნელეში ხდება. პერიოდულად, მანქანის ფარებს ანთებენ, რომ შეამოწმონ, ამოივსო თუ არა უზარმაზარი ორმო მიწით.
ეს არის კადრები, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, 31 ოქტომბერს გასული საგამოძიებო სიუჟეტიდან. მასალა თბილისში მიუსაფარი ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას აღწერს. კადრები ძალიან მძიმე სანახავია.
სიუჟეტის მიხედვით, თბილისის ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრიდან, ღამ-ღამობით, ათობით მკვდარი ძაღლი ერთ-ერთ სასაფლაოზე მიჰყავთ და სპეციალურად გაჭრილ ღრმა ორმოებში მარხავენ. კადრები ტელეკომპანიამ, ფარული ვიდეოკამერით, რამდენიმე ღამის განმავლობაში გადაიღო.
სიუჟეტის მიხედვით, მუნიციპალური თავშესაფრიდან ძაღლების ნეშტების გადატანამდე ცხოველებს აძინებენ. ჟურნალისტები წყაროებზე დაყრდნობით ყვებიან, რომ თავშესაფრის ტერიტორიაზე არსებობს საკარანტინე ზონა, სადაც ქუჩიდან აყვანილ ჯანმრთელ ცხოველებს ევთანაზია უტარდებათ.
ამ სიუჟეტის ეთერში გასვლამდე, ანონსის გავრცელებისთანავე, ცხოველთა დამცველებმა ველის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებითი სამარხები აღმოაჩინეს. მათ ადგილიდან ახალი და კიდევ უფრო შემზარავი კადრები გაავრცელეს. ამ კადრებში ჩანს თვალებ გადმოკარგლული და სხეულდაკლაკნილი ცხოველებით სავსე სამარხები. (JAMnews გაფრთხილებთ! – ბმულზე არსებული კადრები ძალიან მძიმე სანახავია).
მათ ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.
“გავარკვევთ ყველაფერს და ეტაპობრივად მოგახსენებთ ყველაფერს”, – უთხრეს ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა “TV პირველს”.
ცხოველთა დამცველები სასწრაფო გამოძიებას მოითხოვენ
ამბის გახმაურების შემდეგ, ცხოველთა უფლებადამცველებმა სპეციალური პეტიცია შეადგინეს. ისინი საქართველოს პროკურატურისგან მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვენ.
პეტიციის ავტორები საუბრობენ საქართველოში ძაღლების საეჭვო გაუჩინარების გახშირებულ ფაქტებზე. ისინი ითხოვენ ველის სასაფლაოზე არსებული სამარხის დათვალიერებას და ნეშტების ამოღებას; დამოუკიდებელი ვეტერინარულ-პათოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას, რათა დადგინდეს ცხოველების სიკვდილის მიზეზი და დრო.
ასევე, მოითხოვენ მიკროჩიპებისა და სხვა საიდენტიფიკაციო ნიშნების შემოწმებას; დაკარგული ძაღლების შესახებ მოქალაქეთა განცხადებების შედარებას ნეშტების მონაცემებთან; ევთანაზიის შესახებ ვეტერინარული დოკუმენტაციისა და გამოყენებული პრეპარატების აღრიცხვის შესწავლას.
მათი მოთხოვნით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ გასცა ცხოველების დამარხვის ბრძანება. რა სამართლებრივი საფუძვლით ხდებოდა მათი გადაყვანა. ასევე, რამდენად შეესაბამებოდა დაკრძალვის პროცესი კანონმდებლობას.
პეტიციის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რამდენი ცხოველი დაიღუპა, რა ვითარებაში და რამდენად შეესაბამება ოფიციალური სტატისტიკა რეალობას.

თბილისის მერია უარყოფს ცხოველების დახოცვას
თბილისის მერიას დაქვემდებარებული “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო” ბრალდებებს უარყოფს. სააგენტო ოფიციალურ განცხადებაში წერს, რომ “ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებული კადრები კანონით ნებადართულ პროცედურას ასახავს”.
უწყების განმარტებით, ველის სასაფლაოზე არსებული სამარხი თბილისის ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად არის განკუთვნილი. სააგენტოს ჩამოთვლილი აქვს ცხოველების სიკვდილის რამდენიმე მიზეზი: სხვადასხვა დაავადება, ავტოსაგზაო და სხვა უბედური შემთხვევები, ასევე ბუნებრივი სიკვდილი.
“დედაქალაქის მასშტაბით, წელიწადში ევთანაზიით ასობით, ხოლო ბუნებრივი სიკვდილით ათასობით ცხოველი იღუპება”, – წერს უწყება განცხადებაში.
სააგენტო კატეგორიულად უარყოფს ცხოველების მასობრივ და მიზანმიმართულ დახოცვას. უწყებაში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია და კადრები, დეზინფორმაციაა. მათი მტკიცებით, ამ ინფორმაციის მიზანია, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საქმიანობის დისკრედიტაცია და მისი რეპუტაციის შელახვა.
თბილისის მერია აცხადებს, რომ სამარხების თვითნებური გახსნა და ნეშტების ამოყრა უკანონოა, ქმნის ბიოლოგიური დაბინძურების რისკს და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. უწყება აქტივისტებს პასუხისმგებლობით ემუქრება.
“ჩვენ უკვე მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს, რათა შეისწავლონ გარკვეული ჯგუფის მიერ განხორციელებული ვანდალური ქმედება და მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
წამების კვალი ცხოველების სხეულზე – აქტივისტები მერიას არ ენდობიან
ცხოველთა უფლებადამცველები ეჭვქვეშ აყენებენ სააგენტოს განმარტებას, რომ ველის სასაფლაოზე აღმოჩენილი ძაღლები ჰუმანური ევთანაზიის, ან ბუნებრივი სიკვდილის შედეგად დაიღუპნენ.
რესქიუერი, კესო ბარამიძე, რომელსაც ათობით ცხოველი ჰყავს დაძინებული, ამბობს, რომ ევთანაზიის შემდეგ ცხოველებს, როგორც წესი, მშვიდი გამომეტყველება აქვთ:
“ათობით ცხოველი დაძინებულა ჩემს ხელში, სამწუხაროდ. ეგეთი საქმე მაქვს – რესქიუერი ვარ. არცერთი მათგანის სახე არ ყოფილა მსგავსი. ყველას მშვიდი, ძილის მსგავსი სახე ჰქონდა. მაგიტომაც ჰქვია პროცესს “დაძინება”, – წერს იგი სოციალურ ქსელში.
კესო ბარამიძე პოსტში აღწერს რამდენიმე შესაძლო მიზეზს, რომლებმაც შესაძლოა ცხოველის სიკვდილისას სახის კუნთების დაჭიმვა და დრუნჩის დამახინჯება გამოიწვიოს. მათ შორის ასახელებს:
- მექანიკურ ასფიქსიას (მოხრჩობას) – ლასოთი (დამჭერი ჯოხით)ან მავთულით გაგუდვას, ასევე ცხოველის ცოცხლად ან ჯერ კიდევ სიცოცხლის ნიშნების მქონე მდგომარეობაში დამარხვას, რასაც ჟანგბადის ნაკლებობა და ძლიერი აგონია შეიძლება მოჰყვეს;
- არასწორად ჩატარებულ ქიმიურ ევთანაზიას – კუნთების პარალიზების გამომწვევი პრეპარატების ან სხვა ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენებას სათანადო ანესთეზიის გარეშე. ასეთ დროს ცხოველი შესაძლოა ცნობიერების შენარჩუნების პირობებში დაიღუპოს.
- მძიმე ფიზიკურ ტრავმას ან ელექტროტრავმას – თავისა და კისრის არეში ძლიერ დარტყმას ან ელექტროდენის ზემოქმედებას, რამაც შესაძლოა კუნთების ძლიერი სპაზმი და სხეულის დაჭიმვა გამოიწვიოს.
“ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდის დროს, თუ ძაღლი კვდება უკიდურესი სტრესის, შიშის, ბრძოლისა და კუნთების გადაღლის ფონზე, ორგანიზმში მომენტალურად ილევა ადენოზინტრიფოსფატი (ატფ). ეს იწვევს გვამური გაშავების ძალიან ადრეულ, თითქმის მყისიერ დაწყებას პირველ 10-20 წუთში. ვინაიდან გაშავება ყოველთვის სახისა და ყბის კუნთებიდან იწყება, აგონიის დროს მიღებული ნებისმიერი გრიმასი „იყინება“ და სხეულის სითბოს შენარჩუნების მიუხედავად, სახე დაგრეხილი რჩება”, – წერს სპეციალისტი უცხოურ სამეცნიერო წყაროებზე დაყრდნობით.
ცხოველთა უფლებადამცველებმა აქცია გამართეს. შსს-მ დაიწყო გამოძიება
კვირას, 1 ნოემბერს, სიუჟეტის გასვლის მეორე დღეს, ცხოველთა უფლებადამცველებმა თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან, დიდი საპროტესტო აქცია გამართეს.
“ვითხოვთ პასუხებს, დასაჯეთ დამნაშავე ჩინოვნიკები”, – ეს იყო აქციის მოთხოვნა.
“წამებით მოკლული ძაღლები”, “სად გააქრეთ ცუგოები”, “ჩემი ხმა უხმოთათვის” – ეწერა სახელდახელო ბანერებზე, რომელიც ცხოველების მოყვარულებს ჰქონდათ.
ამ აქციაზე ბევრ ადამიანს თან ჰყავდა თავისი შინაური ცხოველი.
“დადასტურდა ის, რაზეც თვეების განმავლობაში ვსაუბრობდით. აგრძელებენ მიუსაფარი ძაღლების ხოცვა-ჟლეტას იმის ნაცვლად, რომ განახორციელონ მათი სტერილიზაცია-ვაქცინაცია და ამ ფორმით შეეცადონ მათი რიცხოვნობის შემცირებას. იმედია ახლა მაინც უფრო გააქტიურდება საზოგადოება, იმიტომ რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით მრავალრიცხოვანი, ბუნებრივია, ისინი არ გაჩერდებიან”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლაშა ჩხარტიშვილმა.


იმავე დღეს, საღამოს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა. უწყების განმარტებით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო.
ამ მუხლით ჩადენილი დანაშაული ცხოველის წამებას, სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა – რა ხდება მიუსაფარი ცხოველების თავს საქართველოში
ეს, საქართველოში, მიუსაფარი ცხოველებისადმი სავარაუდო სასტიკი მოპყრობის ამსახველი პირველი შემთხვევა და პირველი ასეთი კადრები არ არის.
ორი კვირის წინ, სოციალურ ქსელში, გორის მუნიციპალურ თავშესაფარში მობილურით გადაღებული კადრები გავრცელდა. ვიდეოში ჩანდა ხუთი-შვიდი კვადრატული მეტრის, ჭუჭყიანი ვოლიერი სველი იატაკით, სადაც ათობით ლეკვი იყო ერთმანეთზე მიყრილი. ბევრი მათგანი ძალიან გამხდარი და დაუძლურებული იყო.
მეორე დღესვე მოხალისეებმა ლეკვები ვოლიერებიდან დაიხსნეს, მათთვის სახელდახელო თავშესაფრები მოაწყვეს და მათ გადარჩენაზე ზრუნვა დაიწყეს. სოცილაურ ქსელში დაიწყო ფულის აგროვებაც, ამ ლეკვების და მათი შემფარებლების დასახმარებლად.
უფრო ადრე, აპრილში, გავრცელდა საეჭვო კადრები, ასევე გორის კრემატორიუმში ცხოველთა დაწვაზე. ეჭვები, არაჰუმანურ მოპყრობაზე, მაშინაც გაჩნდა. თუმცა, ცხოველთა თავშესაფარი ირწმუნებოდა, რომ გარდაცვლილ ცხოველებს, ან ცხოველების ამპუტირებულ სხეულის ნაწილებს წვავდა.
უსახლკარო ცხოველები ქუჩაში საქართველოში წლებია დიდი პრობლემაა. ქუჩებში სავსეა უპატრონო ცხოველებით. ზოგი მათგანი აგრესიულიცაა და გამვლელებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
რამდენი უსახლკარო ცხოველი გვყავს ქვეყანაში, ზუსტად არც ვიცით. აქამდე, სახელმწიფოს ეს სტატისტიკა არ უწარმოებია. ცხოველთა უფლებადამცველების შეფასებით, ქუჩაში მცხოვრები ცხოველების რიცხვი შესაძლოა ასობით ათასს აღწევდეს.
ბოლო ორი წელია, ქვეყანაში, მიუსაფარო ცხოველების მართვის ახალი პროგრამა ამოქმედდა. ამ პროგრამამ, იდეაში, ჰუმანური მეთოდებით უნდა შეამციროს უსახლკარო ცხოველების რაოდენობა.
მაგრამ, ცხოველთა უფლებადამცველებს აქვთ ეჭვი, რომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარებას ხელისუფლება მათი განადგურებით ცდილობს. მას შემდეგ, რაც ეს პროგრამა დაიწყო, ქუჩებიდან ასობით ძაღლი იკარგება.
JAMnews ამ პრობლემაზე მაისშიც წერდა. მაშინ აქტივისტები მთელი საქართველოს მასშტაბით ქუჩიდან აყვანილი ძაღლების გაუჩინარებაზე საუბრობდნენ.
მათ შორის იყვნენ ცხოველები, რომლებიც წლების განმავლობაში კონკრეტული ადამიანების მზრუნველობის ქვეშ ცხოვრობდნენ, იყვნენ აცრილები, სტერილიზებულები და იდენტიფიცირებულები. მასალაში ბევრი ასეთი ისტორიაა აღწერილი.
ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სახელმძღვანელო “მიუსაფარი ძაღლების პოპულაციის მართვის შესახებ”, რეკომენდაციას უწევს CNVR მეთოდს – Collect (აიყვანე), Neuter (დაკოდე), Vaccinate (აცერი) and Return (დააბრუნე).
სწორად განხორციელების შემთხვევაში, ეს მეთოდი ცხოველების მასობრივი განადგურების გარეშე მათი რაოდენობის ეტაპობრივად შემცირების საშუალებას იძლევა.
ეს მეთოდი მიაჩნიათ საუკეთესოდ აქტივისტებს საქართველოშიც. არავის უნდა ქუჩაში ბევრი უპატრონო ცხოველი ცხოვრობდეს, მაგრამ, მათი მოთხოვნაა ეს ჰუმანური მეთოდებით მოგვარდეს.
ბოლო პერიოდში გავრცელებული კადრები კი სულ უფრო მეტად აყენებს ეჭქვეშ სახელმწიფო უწყებების ქმედებებს და ამძაფრებს ვარაუდს, რომ უსახლკარო ცხოველების რაოდენობის შემცირება, საქართველოში, მათი დახოცვით და გაქრობით სურთ.
ძაღლების სამარხები თბილისში