თბილისში, უწყვეტი პროტესტის 703-ე დღეს, ტრადიციული „შაბათის მარში“ გაიმართა. საპროტესტო მსვლელობა კვლავ მეტრო „ავლაბრიდან“ დაიწყო და პარლამენტის შენობასთან დასრულდა.
31 ოქტომბრის მარშის მთავარი გზავნილი, ისევე როგორც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, იყო „ საქართველო ივანიშვილის წინააღმდეგ!“
საპროტესტო მსვლელობას პროევროპული აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.
ტრადიციული შაბათის მარში ნაწილია იმ პროტესტისა, რომელიც საქართველოში თითქმის ორი წელია უწყვეტად მიმდინარეობს.
უწყვეტი საპროტესტო აქციები თბილისში 2024 წლის 28 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწერვების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ განაცხადა.
ძირითადი მოთხოვნები უცვლელია: პროევროპული აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება და ახალი საპარალამენტო არჩევნების დანიშვნა.
თითქმის ორი წელია საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ყოველ საღამოს იკრიბებიან ქვეყნის დედაქალაქში, თბილისსა და საქართველოს რამდენიმე პატარა ქალაქში.
აქციების მიმდინარეობისას ათობით ადამიანი დააკავეს. ბევრ მათგანს სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს და პატიმრობა მიუსაჯეს. პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, გვყავს 150-მდე სინდისის პატიმარი, მათ შორის ქალები. დაპატიმრებულია გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი. მას ორწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი პოლიციელისთვის სილის გაწვნის ფაქტზე.
აქციის მონაწილეები ითხოვენ გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გაუქმდეს ყველა ის ანტიდემოკრატიული კანონი, რაც ბოლო ორ წელიწადში მიიღო “ქართულმა ოცნებამ”.
პროტესტის ჩასახშობად, “ქართული ოცნება” სულ უფრო ამკაცრებს რეპრესიებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ. თუმცა, უწყვეტი პროტესტი, სხვადასხვა ფორმით, დღემდე გრძელდება.