მითების დეტექტორის კვლევა: 445 ტროლის კოორდინირება "დიფ სთეითის" და ოპოზიციის წინააღმდეგ
ტროლების კოორდინირება
ორგანიზაცია “მითების დეტექტორის” განცხადებით, სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „რუსთავი 2-ის“ ფეისბუქგვერდების მონიტორინგის შედეგად კიდევ 445 ყალბი ანგარიში გამოავლინეს.
პროფილები მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და ხელისუფლების მხარდამჭერი ფილოსოფოსის კონსპირაციულ და ანტიევროპულ პოსტებს კოორდინირებულად იწონებდნენ, რითაც ხელისუფლების გზავნილების ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერის იმიტაციას ქმნიდნენ.
ორგანიზაციის ცნობით, ახლად გამოვლენილი ანგარიშების ნაწილი ემთხვევა არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის მიერ ოქტომბერში აღმოჩენილ პროფილებს.
მონიტორინგმა ყალბი ანგარიშების ქსელში რამდენიმე საერთო მახასიათებელი გამოავლინა. მათ შორისაა ერთნაირი პროფილის ფოტოები, ხელოვნური ინტელექტით გენერირებული გამოსახულებებისთვის დამახასიათებელი ანატომიური და გეოგრაფიული შეუსაბამობები, განმეორებადი სახელები და გვარები, ასევე ერთნაირი ქცევა სოციალურ ქსელში.
„მითების დეტექტორის“ თანახმად, ანგარიშების უმეტესობა ორ დღეში შეიქმნა: 329 პროფილი 2026 წლის 25 აგვისტოს დარეგისტრირდა, 109 კი 26 აგვისტოს. კიდევ ერთი ანგარიში 20 ივლისს შეიქმნა, ექვსი კი 2024 წლის იანვარსა და აპრილში. ორგანიზაციის ცნობით, ამ ექვსი პროფილიდან ყველა სხვადასხვა სოციალურ ქსელში რეგისტრირებული ადამიანების იდენტობას იყენებს.
გამოვლენილი 445 ანგარიშიდან 316-ის პროფილის ფოტო ხელოვნური ინტელექტითაა გენერირებული, დანარჩენ 129 შემთხვევაში კი გამოყენებულია ცნობილი ადამიანების, პეიზაჟების, პოსტერებისა და სოციალური ქსელების სხვა მომხმარებლების გამოსახულებები.
ანგარიშების 300-ს ფეისბუქის დახურული პროფილის ფუნქცია აქვს გააქტიურებული, რაც საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის ხილვადობას ზღუდავს. ორგანიზაციის შეფასებით, ეს შესაძლოა ახალი ტაქტიკის ნიშანი იყოს: წინა კვლევაში გამოვლენილი 434 ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ტროლის ქსელის წაშლის შემდეგ ახალი ანგარიშების ქცევაში ცვლილებები შეინიშნება.
რა გზავნილებს იწონებდნენ ყალბი ანგარიშები?
„მითების დეტექტორის“ მიერ „იმედისა“ და „რუსთავი 2-ის“ ფეისბუქპოსტებზე რეაქციების ანალიზის მიხედვით, საეჭვო ანგარიშების მობილიზება ძირითადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისა და თბილისის მერის, კახა კალაძის პოლიტიკურ გზავნილებზე ხდებოდა.
კოორდინირებული მოწონებები განსაკუთრებით იმ პოსტებზე გამოვლინდა, რომლებიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას, დასავლეთის მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის სავარაუდო მცდელობებსა და დასავლური ინსტიტუტების მიერ ქვეყნის სუვერენიტეტის შეზღუდვის საკითხებს ეხებოდა.
ყალბი ანგარიშები აქტიურად იწონებდნენ ირაკლი კობახიძისა და კახა კალაძის პოსტებს, რომლებიც ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს ეხებოდა.
კოორდინირებული აქტივობა დაფიქსირდა „რუსთავი 2-ის“ პოსტზეც, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის წარმომადგენელთა კრიტიკულ შეფასებებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევად და საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის მცდელობად აფასებდა.
შალვა პაპუაშვილის გზავნილებზე მობილიზებული ანგარიშები მხარს უჭერდნენ მოსაზრებებს, რომ უცხოური ჩარევა, მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნიდან ან ინსტიტუტიდან მომდინარეობს, საქართველოს თავისუფლებასა და დემოკრატიას საფრთხეს უქმნის. მათ შორის იყო საერთაშორისო ინსტიტუტების საქმიანობის კრიტიკა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვის შესახებ განცხადებები და ევროკავშირის წარმომადგენლობის კრიტიკა მოსახლეობის მხარდამჭერი დაფინანსების საკითხზე.
კოორდინირებული მოწონებები ასევე დაფიქსირდა პოსტებზე, რომლებიც დასავლეთს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებდა. ამ გზავნილებში საქართველოს ხელისუფლების მიმართ დასავლეთის კრიტიკა და დაწესებული სანქციები საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციების დაშლისას გამოყენებულ მეთოდებს უპირისპირდებოდა.
ანგარიშების აქტივობა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების პოსტებით არ შემოიფარგლებოდა. „მითების დეტექტორის“ ცნობით, კოორდინირებული მოწონებები ფიქსირდებოდა ხელისუფლების მხარდამჭერი ფილოსოფოსის, ზაზა შათირიშვილის პოსტებზეც.
სამთავრობო მედიაში გამოქვეყნებულ ამ პოსტებში ე.წ. „დიფ სთეითი“ სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოპოვების, ევროპაში ოლიგარქიული მმართველობის დამკვიდრებისა და კონსერვატიული შეხედულებების ცენზურის მცდელობაში იყო დადანაშაულებული.
კოორდინირებული რეაქციები ასევე დაფიქსირდა ბიძინა ივანიშვილის პარტიულ ღონისძიებაზე დასწრების ამსახველ პოსტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების გაშუქებაზე.
ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფოტოები და მოპარული იდენტობები
კვლევის თანახმად, ყალბი ანგარიშების დიდი ნაწილი რეალური ადამიანების პროფილების იმიტაციას ცდილობს. ამისთვის გამოყენებულია სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა და ინტერესის მქონე ადამიანების ფოტოები და ბიოგრაფიული მონაცემები, რაც ხელისუფლების მხარდამჭერთა მრავალფეროვანი ჯგუფის არსებობის შთაბეჭდილებას ქმნის.
პროფილებში მითითებულია მუნიციპალური და საჯარო დაწესებულებები, ბანკები, სადაზღვევო და მიკროსაფინანსო კომპანიები, ასევე კრიტიკული მედიასაშუალებები, მათ შორის „რადიო თავისუფლება“ და „ტვ პირველი“. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პროფილებში კონკრეტული ორგანიზაციების მითითება ამ დაწესებულებებთან ანგარიშების რეალურ კავშირს არ ადასტურებს.
ზოგ შემთხვევაში სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაცია პროფილის სხვა დეტალებს არ შეესაბამება. მაგალითად, ლევან ქავთარაძის სახელით მოქმედი ანგარიში, რომლის ფოტოზეც პირი რთველში, ავტომობილთან არის გამოსახული, სამუშაო ადგილად პარფიუმერიისა და დეკორატიული კოსმეტიკის მაღაზია „ვულე ვუს“ უთითებს. ქეთი გიორგაძის პროფილში სამუშაო ადგილად „რადიო თავისუფლებაა“ მითითებული, თემო ხითარიშვილისა და Nutsa Simonia-ს ანგარიშებში კი — TV Pirveli News.

Hive Moderation-ის შეფასებით, 445 ანგარიშიდან გამოვლენილი ფოტოები 90%-ზე მეტი ალბათობით ხელოვნური ინტელექტით არის გენერირებული, ზოგიერთ შემთხვევაში კი შეფასება 100%-ს აღწევს.
გამოსახულებებში ხელოვნური ინტელექტისთვის დამახასიათებელი ანატომიური ხარვეზები, გარემოს შეუსაბამობები და დამახინჯებული წარწერები გვხვდება. ზოგიერთ ფოტოზე თითების რაოდენობა ან ფორმა არაბუნებრივია, სხვა შემთხვევებში კი შეცვლილია შენობების არქიტექტურული დეტალები, ლოგოები და ეროვნული სიმბოლოები.
მაგალითად, „კახაბერ სიმონიას“ სახელით მოქმედი ანგარიშის ფოტოზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფორმაზე გამოსახული გერბი რეალურ სიმბოლოს არ შეესაბამება. დამახინჯებულია უკანა ფონზე არსებული სტადიონიც, ხოლო ფოტოზე გამოსახული ერთ-ერთი პირის ხელის მტევანი და თითები დეფორმირებულია.
სიმონიკო ჯანაშიას სახელით მოქმედი ანგარიშის ფოტოზე გამოსახულ ადამიანს ჭიქაზე მოკიდებულ მარცხენა ხელზე ხუთის ნაცვლად ექვსი თითი აქვს. ფოტოს ქვედა მარჯვენა კუთხეში ასევე ჩანს Google Gemini-ით გენერირებული გამოსახულებებისთვის დამახასიათებელი ნიშანი.

სხვა მაგალითებში ღვინის ჭიქაზე მოკიდებულ ხელს ნეკა თითი აკლია, ხელის მტევნები კი არაბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს ან ტანსაცმელს. Tako Dvalishvili-ს გარეკანის ფოტოზე გამოსახულ პირს წიგნი უჭირავს, თუმცა ყდაზე წარწერა დამახინჯებულია და „საქართველოს ისტორიის“ ნაცვლად გაუგებარი ტექსტი იკითხება.
ორგანიზაციის ცნობით, გამოვლინდა გეოგრაფიული შეუსაბამობებიც. საქართველოს ცნობილი ადგილების რეალურ გამოსახულებებთან შედარებისას ჩანს, რომ ხელოვნური ინტელექტი ცვლის შენობების არქიტექტურულ დეტალებს, მიმდებარე ლანდშაფტს და ზოგჯერ რეალურად არარსებულ ნაგებობებსაც ამატებს.
ძველი ანგარიშების ვიზუალის გამეორება
კვლევამ აჩვენა, რომ ახლად გამოვლენილი ანგარიშების ნაწილი იმეორებს პროფილის ფოტოებს, რომლებსაც „მითების დეტექტორის“ მიერ წარსულში აღმოჩენილი და ფეისბუქის მიერ წაშლილი ანგარიშები იყენებდნენ.
ვიზუალურ დუბლირებას ზოგჯერ ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტოების იდენტური ანატომიური ხარვეზებიც ახლავს. მაგალითად, Tako Chagelia-სა და Nia Gamkrelidze-ს სახელებით მოქმედი დახურული პროფილების ფოტოებზე მეორდება ადრე გამოვლენილი Maiko Vibliani-ს ანგარიშის ფოტოში არსებული თითების დეფექტი.
ზოგიერთ ახალ ანგარიშში ერთმანეთს ემთხვევა სახელები, გვარები ან პროფილის ფოტოები, თუმცა სხვა შემთხვევებში ერთი და იგივე გამოსახულება განსხვავებული სახელებით არის გამოყენებული.

ანგარიშების ნაწილის ქცევაში სხვა საერთო ნიშნებიც გამოვლინდა: 196 პროფილს მოწონებული აქვს გვერდი Tbilisinews.ge, 14-ს „აი პოლიტიკა“, ხოლო სამს – „Rustavi 2 • რუსთავი 2“. „აი პოლიტიკა“ იმ ყალბ ანგარიშებსაც ჰქონდათ მოწონებული, რომლებიც ორგანიზაციამ წინა კვლევების ფარგლებში გამოავლინა.
საეჭვო პროფილების უმეტესობას მეგობრები საერთოდ არ ჰყავს, ზოგიერთს კი მხოლოდ ერთი ან ორი მეგობარი ჰყავს. ამასთანავე, კვლევაში გამოვლინდა 2024 წელს შექმნილი ანგარიშებიც, რომელთა მეგობრების რაოდენობა 169-დან 4 800-მდე მერყეობს.
„მითების დეტექტორის“ თანახმად, გამოვლენილი ანგარიშების საერთო მახასიათებლები და კოორდინირებული აქტივობა მიუთითებს ხელისუფლების მხარდამჭერი პოლიტიკური გზავნილების გავრცელებისას ყალბი პროფილების გამოყენებაზე. ორგანიზაციის წინა კვლევაში აღმოჩენილი 434 ანგარიშის ქსელის შემდეგ ახალი პროფილების გამოვლენა კი იმაზე მიუთითებს, რომ მსგავსი აქტივობა კვლავ გრძელდება და მისი განხორციელების მეთოდები იცვლება.