ქართულ სასმელებზე ემბარგოდან ერთ თვეში, რუსი სპეციალისტები საქართველოში ლაბორატორიებს შეამოწმებენ. რატომ არის ეს სახიფათო?
რუსი სპეციალისტები საქართველოში
2 ნოემბრიდან საქართველოს ეწვევიან რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის სპეციალისტები და ქართულ ლაბორატორიებს შეამოწმებენ. ამის შესახებ „როსსელხოზნადზორის“ განცხადებაშია ნათქვამი.
რუსი სპეციალისტები გაეცნობიან რუსეთში ექსპორტისთვის განკუთვნილი ხილისა და სხვა მცენარეული პროდუქციის ფიტოსანიტარული სერტიფიცირების სისტემას. ასევე, შეამოწმებენ ლაბორატორიას, რომელიც პროდუქციაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნარჩენებს იკვლევს.
- რუსეთმა საქართველოდან გარკვეული სასმელების იმპორტი აკრძალა
- რუსეთში გაანადგურეს ბელარუსის გავლით შეტანილი 40 ათასი სომხური ვარდი
ფიტოსანიტარიული სერტიფიცირება ადასტურებს, რომ მცენარეული პროდუქცია იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნარჩენების ლაბორატორიული კვლევა კი ამოწმებს პროდუქციაში ქიმიური ნივთიერებების შემცველობას.
„როსსელხოზნადზორის“ განცხადებით, ვიზიტი საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოწვევით იმართება. უწყების განმარტებით, მისი მიზანია საკარანტინო პროდუქციაზე კონტროლის ერთიანი მიდგომების შემუშავება.
რომელ ლაბორატორიას შეამოწმებენ სპეციალისტები, რუსულ უწყებას არ დაუკონკრეტებია. ამ ეტაპზე არც ის არის ცნობილი, გამოიწვევს თუ არა შემოწმება ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტის პირობების ცვლილებას.
ქართულ მხარეს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. JAMnews-ს სურსათის ეროვნულ სააგენტოში ინფორმაციის გადამოწმებას დაჰპირდნენ, თუმცა, შემდეგ, ზარებს აღარ უპასუხეს.
კონტექსტი – რის ფონზე იგეგმება რუსი სპეციალისტების ვიზიტები საქართველოში
ლაბორატორიების შემოწმება საქართველოში ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც რუსეთმა აკრძალა ქართული წარმოების ზოგიერთი სასმელის იმპორტი.
საუბარია ალოკოჰოლურ და არაალკოჰოლურ სასმელებზე. შეზღუდვები შვიდ მსხვილ ქართულ კომპანიას შეეხო. მათ შორის, საქართველოში წარმოებულ „კოკა-კოლასა“ და „ნაბეღლავს“. ეს კომპანიები რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტის დაახლოებით 75-80%-ს შეადგენენ. რუსული ემბარგო ქართულ სასმელებზე, 10 ოქტომბრიდან ამოქმედდა.
ამის შემდეგ, 20-22 ოქტომბერს, თბილისში “როსსელხოზნადზორის“ სპეციალისტები ჩამოვიდნენ – ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ სემინარზე. მათ საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.
შეხვედრების შემდეგ, 22 ოქტომბერს, „როსსელხოზნადზორმა“ განაცხადა, რომ ნოემბრიდან რუსეთის ბაზარზე ორ ქართულ რძის გადამმუშავებელ საწარმოს დაუშვებს. ასევე, მზად არის შეაამოწმოს თევზისა და ზღვის პროდუქტების ექვსი ქართული მწარმოებელი, რომელთაც რუსეთში ექსპორტის დაწყება სურთ.
განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ რუსეთიდან საქართველოში ცოცხალი ღორის მიწოდება 26%-ით გაიზარდა, ხახვის კი 3-ჯერ. ასევე, იზრდება რუსეთში ქართული მოცვის, ვაშლის, ქლიავისა და მანდარინის ექსპორტი.

მაგალითად, „როსსელხოზნადზორის“ მონაცემებით, 2026 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით, რუსეთმა საქართველოდან 70 500 ტონა ხილი და ბოსტნეული შეიტანა.
პროდუქციის მოცულობა რამდენიმე კატეგორიაში გაიზარდა:
- ვაშლატამა – 17 900 ტონა, ზრდა 7.8%;
- ვაშლი – 15 300 ტონა, ზრდა 17.5%;
- ლურჯი მოცვი – 9 500 ტონა, ზრდა 46.7%;
- ქლიავი – 6 700 ტონა, ზრდა 74.2%;
- მანდარინი 0 დაახლოებით 3 400 ტონა, ზრდა 59%;
- ლეღვი – 1 900 ტონაზე მეტი, ზრდა 21.2%;
- საზამთრო – 1 400 ტონა, ზრდა 59.5%.
შეფასებები – რატომ არის ეს სახიფათო
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე რუსი სპეციალისტების მოწვევას მოსკოვთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლის ნიშნად მიიჩნევს.
მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ქართული კონტროლის სისტემის მიმართ ნდობას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. ასევე, რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლის დამატებით ბერკეტებს აძლევს:
“როგორ შეიძლება საქართველოში მოიწვიო რუსი ექსპერტი, რომელსაც უფლებას აძლევ შეამოწმოს შენი პროდუქცია? ეს რას ნიშნავს? რომ ის არ ენდობა სურსათის უვნებლობის იმ წესებს, რომელიც შენ გვაქვს დადგენილი. ასევე, ეს არი საქართველოს ეკონომიკის კიდევ მეტად ჩამოკიდება რუსეთზე. ჩვენ ვიცით, რომ ეკონომიკური ბერკეტი რუსეთის ხელში შანტაჟის ბერკეტია. ეს გამოიყენა ზუსტად რამდენიმე კვირის წინ, საქართველოში წარმოებული პროდუქციის ემბარგოთი”.
ეროვნული უსაფრთხოების რისკებზე საუბრობს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბარდიაც.
მისი განცხადებით, რუსეთს შესაძლებლობა ექნება, ქართულ პროდუქციას საკუთარ ბაზარზე წვდომა შერჩევითად შეუზღუდოს და ეს ბერკეტი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს:
“ეს აჩენს რისკს, რომ რუსეთს შერჩევით შეეძლება ბაზარზე დაშვება ან გაუქმება. სახელმწიფოს არ ექნება დაცვის მექანიზმი. დასავლური ინტეგრაციის გაყინვის ფონზე, რუსეთი ამას უფრო მძლავრად გამოიყენებს პოლიტიკური მიზნით, საქართველოს სრულიად დასამორჩილებლად. ეს საფრთხეა ეროვნული უსაფრთხოებისთვის. და, “ქართული ოცნება” არათუ განეიტრალებას ცდილობს, არამედ დამატებით საფრთხეებს ქმნის ამ ფონზე”, – ამბობს ექსპერტი.
რუსი სპეციალისტები საქართველოში