რუსეთი თბილისს სოხუმთან და ცხინვალთან ძალის არგამოყენების შეთანხმებისა და „საზღვრების“ დელიმიტაციისკენ მოუწოდებს
გაზიარება
გაზიარება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები
რუსეთისაქართველოსგან ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ძალის არგამოყენების შესახებ გარანტიების გაცემას და მათთან “სახელმწიფო საზღვრების” დელიმიტაციის პროცესის დაწყებას მოითხოვს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
10 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა საქართველოდან რამდენიმე კომპანიის მიერ წარმოებული ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების იმპორტი აკრძალა. აკრძალულ პროდუქტებს შორისაა ღვინო, კონიაკი, ლუდი, „კოკა-კოლა“ და მინერალური წყალი „ნაბეღლავი“.
ღიად პრორუსული პარტია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერის, მამუკა ფიფიას თქმით, რუსეთში საქართველოდან გარკვეული სასმელების იმპორტის აკრძალვა “მხოლოდ პირველი ტალღაა” და მომავალში აკრძალვები სხვა კომპანიებსა და სხვა პროდუქტებსაც შეეხება.
მოსკოვის მოთხოვნები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა, 9 ოქტომბერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან გამართული ვიდეოკონფერენციის დროს წამოაყენა. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრა ნოემბერში დაგეგმილი მორიგი რაუნდის მოსამზადებლად გაიმართა.
მოლაპარაკებებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში მონაწილეობდნენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეხვედრისას ნოემბრის რაუნდის დღის წესრიგში შემავალი საკითხები განიხილეს. მოსკოვმა კვლავ გაუსვა ხაზი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დამატებითი ზომების მიღების აუცილებლობას.
„პრაქტიკულ ჭრილში, ყურადღება უნდა გამახვილდეს კონკრეტული ზომების შემუშავებაზე, რაც, უპირველეს ყოვლისა, ეხება ოფიციალური თბილისის მიერ სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის არგამოყენების შესახებ გარანტიების გაცემას, ასევე, საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას მათი შემდგომი დემარკაციით“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა და საქართველოს, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლებს აერთიანებს. მოლაპარაკებებს ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეები უძღვებიან.
დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი საკითხი კონფლიქტის ზონებში უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ძალის არგამოყენებაა. ამასთან, მოსკოვი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად განიხილავს, მაშინ როცა საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილი მათ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევს.