გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია მიიღო
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ოკუპაციაზე
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლის მიხედვით, საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის ფაქტებზე.
უფლებათა საბჭო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი დაშვების უზრუნველყოფას მოითხოვს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული რეზოლუციით ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
საბჭო ასევე ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, სადაც ხაზგასმულია, გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) როლი.
● აშშ-ის ახალი ელჩობის კანდიდატი: მსურს დემოკრატიული საქართველო
● სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: დაუსჯელობა, პოლიტიკური პატიმრები და მედიის თავისუფლება
● “ვიდრე მონაკოს შესთავაზებს, საქართველომ ჯობია გააუქმოს კანონი ოკუპაციის შესახებ” – კომენტარი აფხაზეთიდან
აღსანიშნავია, რომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო, მიღებული რეზოლუციით, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს ავალებს, საბჭოს მომდევნო სესიებზე, რეზოლუციის შესრულებასთან დაკავშირებით, ზეპირი და წერილობითი ანგარიშების წარდგენას.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება ნათლად მიუთითებს ოკუპირებულ რეგიონებში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის სხვა საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობაზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რეზოლუციის განხილვისას, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, კოსტა რიკისა და ლიეტუვის დელეგაციებმა და საბჭოს წევრებს რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.